გონება ბრძოლის ველი预览

ქრისტეს გონება
„ვინ შეიცნო უფლის გონება [მისი გეგმები და მიზნები], რომ განსაჯოს იგი და რჩევა-დარიგება მისცეს ანდა ჭკუა ასწავლოს მას? ჩვენ კი ქრისტეს (მხსნელის) გონება გვაქვს, ამიტომ ჩვენ მისი გულის ფიქრების [მისი გრძნობების და მიზნების] ერთგულები ვართ!“ - 1 კორინთელთა 2:16, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
აღნიშნული მუხლი მრავალ ქრისტიანს აოგნებს. ეს სიტყვები ბიბლიიდან რომ არ ყოფილიყო, ნაკლებად დავიჯერებდით მათ. ადამიანთა უმრავლესობა თავს აქნევს და კითხულობს: „როგორ შეიძლება რომ ასე იყოს?“
აქ პავლე მოციქული არ გვეუბნება, რომ ჩვენ სრულყოფილები გავხდით და რომ ამიერიდან უკვე აღარასოდეს დავუშვებთ შეცდომას. ის გვეუბნება, რომ ჩვენ, ერთადერთი ღმერთის ძის - უფალი იესო ქრისტეს მორწმუნეებს, მისი გონება გვებოძა. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ვიაზროვნოთ სულიერად, რადგან ქრისტე ჩვენში მკვიდრობს. ჩვენ შეგვიძლია უწინდელივით აღარ ვიფიქროთ, რადგან ჩვენ უფლის მსგავსად შეგვიძლია ფიქრი.
იგივე რამეს ღმერთი წინასწარმეტყველი ეზეკიელის მეშვეობით გვეუბნება: „ჩაგიდგამთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ; ქვის გულს მოგაშორებთ სხეულიდან და ხორცის გულს ჩაგიდგამთ. ჩემს სულს ჩავდებ თქვენში და ისე გავაკეთებ, რომ ჩემი წესებით იაროთ და ჩემი სამართალი დაიცვათ და აღასრულოთ. დამკვიდრდებით ქვეყანაში, თქვენს მამებს რომ მივეცი და იქნებით ჩემი ხალხი და მე თქვენი ღმერთი ვიქნები“ (იხილე ეზეკიელის 36:26-28).
ღმერთმა ეს დაპირება ისრაელიანებს წინასწარმეტყველის მეშვეობით მისცა იმ დროს, როდესაც ისინი ბაბილონში იყვნენ გარიყულნი. ღმერთს სურდა მათ სცოდნოდათ, რომ არსებული ვითარება მათი საბოლოო ვითარება არ იყო. ისრაელიანებმა შესცოდეს და ღმერთი დაანაღლიანეს, მაგრამ ის არასოდეს დატოვებდა მათ. ის მათ ახალ სულს მისცემს, თავის წმინდა სულს.
სულიწმინდა ცოცხლობს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით მოქმედებს, ესე იგი ჩვენში ქრისტეს გონება მოქმედებს. ჩვენ ქრისტეს გონება იმისათვის გვებოძა, რათა სწორ გზაზე გაგვიძღვეს. ვინაიდან ქრისტეს გონება გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია პოზიტიურად ვიფიქროთ, იმაზე, რამდენად კურთხეულები ვართ და რამდენად კეთილია უფალი ჩვენს მიმართ. მე უკვე გესაუბრეთ დადებით ფიქრებზე და განწყობაზე, მაგრამ მათ მნიშვნელოვანებაზე დაუსრულებად შეიძლება საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ იესოს ცილს სწამებდნენ, ღალატობდნენ, არასწორად ესმოდათ მისი სიტყვები და მის მიმართ მრავალ ბოროტებას ჩადიოდნენ, ის მაინც ინარჩუნებდა პოზიტიურ განწყობას. მისმა მოწაფეებმა იმ დროს მიატოვეს, როდესაც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მათი თანადგომა და მიუხედავად ამისა, ის კეთილგანწყობას ინარჩუნებდა და კეთილ, გამამხნევებელ სიტყვებს ლაპარაკობდა. დარწმუნებული ვარ რომ მათ, ვინც მის გვერდით იმყოფებოდა, ყველა შიში, უარყოფითი ფიქრები, სასოწარკვეთილება და უიმედობა უქრებოდა.
ჩვენთვის ბოძებული ქრისტეს გონება - პოზიტიური გონებაა. ამიტომ, თუ ჩვენ გვებადება სურვილი რაიმეს ან ვინმეს მიმართ ნეგატიური განწყობა ვიქონიოთ, მყისვე უნდა დავფიქრდეთ, რომ ამგვარ მიდგომას ანდა მოპყრობას არაფერი აქვს საერთო ქრისტეს გონებასთან. ღმერთს სურს, რომ ჩვენ მუდამ, ყველა ვითარებაში შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა. მტერს კი სურს, რომ ჩვენ გამუდმებით დათრგუნულები და უარყოფით განწყობაზე ვიმყოფებოდეთ. შესაძლოა, რომ მრავალი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ნეგატიურად ვიფიქროთ ანდა უარყოფითი განწყობა ვიქონიოთ, მაგრამ ქრისტეს გონება ასე არ იქცევა, ასე არ მოქმედებს. ნუ მიიღებთ და დაეთანხმებით უარყოფით და ნეგატიურ ფიქრებს, რადგან მათ თქვენ ეშმაკი გინერგავთ.
ყველა შექმნილ ვითარებაში ჩვენ არჩევანის გაკეთების საშუალება გაგვაჩნია. ჩვენ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ ან ავი, ან კარგი.
ზოგჯერ ცუდს ანდა არასწორს გაუაზრებლად ვირჩევთ, რადგან უბრალოდ ჩვეულ აზროვნებას მივყვებით. როგორც ღმერთი ისრაელიანებს ეზეკიელის საშუალებით შეპირდა, მან ახალი გული და ახალი სული გვიბოძა, მაგრამ ჩვენ კვლავ გვაქვს უფლება თავად გავაკეთოთ არჩევანი და ავირჩიოთ, რომელ გონებას გავყვეთ - ქრისტეს გონებას, თუ ჩვენს ხორციელ გონებას?
„უფალო, ყოველი დღის ყოველ წამს მინდა მახსოვდეს, რომ შენ მე ქრისტეს გონება მიბოძე და მინდა ყოველდღიურ ცხოვრებაში მას გავყვე. დამეხმარე რომ მხოლოდ შენი ფიქრებისათვის ვიყო გახსნილი და ზურგი შევაქციო უარყოფით ფიქრებს, რომელიც ჩემი ძველი აზროვნებისათვის არის დამახასიათებელი, რათა მან ვერ შეძლოს ჩემი არასწორ გზაზე გადაბირება. ყოველივე ამას ჩემი უფლის - იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ. ამინ“.
თუ თქვენ მოგეწონათ ჩვენი გაკვეთილები და სურვილი გაქვთ მიიღოთ მეტი ინფორმაცია ამ და სხვა თემებზე, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს tv.joycemeyer.org/georgian
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More