გონება ბრძოლის ველი预览

გონება ბრძოლის ველი

14天中的第8天

თუ ჩვენთვის სასურველს ვერ ვღებულობთ 

„მთელი შენი გულით მიენდე უფალს, მასზე დაამყარე შენი იმედი და დარწმუნებული იყავი მასში, ხოლო შენს გონებასა და ფიქრებს ნუ დაეყრდნობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი, აღიარე და შეიმეცნე უფალი და ის გზას გაგიკვლევს, მოგისწორებს და გაამარტივებს შენს ბილიკებს“. - იგავნი 3:5-6, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი

ძირითად შემთხვევებში მე ვიცი რა მინდა და მსიამოვნებს, როცა სასურველს ვღებულობ. ამ შემთხვევაში მე სხვებისაგან დიდად არ გამოვირჩევი. როდესაც სასურველს ვერ ვღებულობთ, ჩვენ ვღიზიანდებით ან ვბრაზდებით ხოლმე (გახსოვდეთ, რომ ეს გრძნობები ფიქრებით იწყება).

„ქალაქის მეორე ბოლოდან მოვედი, თქვენ კი მეუბნებით, რომ ჩემი ზომა კაბა არ გაქვთ?“, „რას ნიშნავს HD ტელევიზორები აღარ გაქვთ? ახლახანს არ იყო მათზე ფასდაკლების რეკლამა?“ მრავალი ჩვენთაგანი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციებში და დაახლოებით ამდაგვარი რეაქცია გვქონდა. როდესაც ჩვენთვის სასურველს ვერ ვღებულობთ, ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს თავს არასასიამოვნოდ ვარგძნობინებთ. სკოლაში ამას არ გვასწავლიან, ძირითადათ ეს თანდაყოლილი თვისებაა. 

ახლა სურსათის მაღაზიაში მომხდარი ამბავი მახსენდება. ახალგაზრდა დედა, რომელიც ურიკით მიუყვებოდა დახლებს, პურის დახლთან გაჩერდა. მისმა, დაახლოებით ორი წლის შვილმა ყუთისაკენ გაიშვირა ხელი. „მინდა! მინდა!“ - იძახოდა ის. „არა!“ - თქვა დედამ, „სახლში საკმარისზე მეტი გვაქვს“. „მინდა! მინდა!“ - არ ჩერდებოდა ბავშვი. მიხვდა რა, რომ თავისას ვერ მიიღებდა, ბავშვმა ყვირილი და ხელე-ფეხის ქნევა დაიწყო. დედა მწყობრიდან არ გამოსულა, ურიკა სხვა მიმართლებით გააგორა და ბავშვს ყურადღება სხვა რამეზე გადაატანინა.

როდესაც ბავშვის საქციელს ვადევნებდი თვალ-ყურს, მივხვდი, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენც მისნაირად ვიქცევით. როცა რაღაც გვინდება და ჩვენთვის სასურველს ვერ ვღებულობთ, ვბრაზდებით.

„ჯეკს და მე დაწინაურების პრეტენზია გვქონდა. მე კომპანიაში უფრო დიდი ხანია ვმუშაობ, ჩემი გაყიდვების მაჩვენებლები უკეთესია“, - თქვა დონნამ. „დაწინაურებას მე ვიმსახურებ, მაგრამ დააწინაურეს ის“. „თემის დაწერას თავი კარგად გავართვი და მაღალი ნიშანიც დავიმსახურე, მაგრამ მასწავლებელმა ქულა დამაკლო, რადგან მე მას არ ვუყვარვარ“.

მოდით ჩავუფიქრდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითებს. სხვადასხვა ადამიანები აცხადებენ, რომ იმსახურებენ იმას, რაც ასე ძლიერ სურდათ, მაგრამ ვერ მიიღეს.

ძალიან ხშირად ჩვენ, ქრისტიანებს, გვსურს, რომ ჩვენი ცხოვრება იდეალური იყოს და ყველაფერი შეუფერხებლად ხდებოდეს. ჩვენ წარმატება, ბედნიერება, სიხარული, სიკეთე და მრავალი სხვა რამ გვსურს და როდესაც მათ ვერ ვღებულობთ, ვიბუტებით და ვიწყებთ წუწუნს.

დიახ, ღმერთს სურს რომ ჩვენ კარგი ცხოვრება გვქონდეს, მაგრამ ხდება ხოლმე, რომ მოთმინებისა და თავმდაბლობის გამოჩენა გვართებს, მაშინ, როცა რაიმე ჩვენი სურვილის თანახმად არ ხდება. ასეთი შემთხვევები ჩვენი ხასიათის და სულიერი მომწიფებულობის გამოცდის საუკეთესო ხერხია. ისინი ავლენენ რამდენად მზად ვართ მივიღოთ ის, რაც ასე ძლიერ გვსურს.

საიდან მოვიტანეთ, რომ დაწინაურება ჩვენ დავიმსახურეთ და არა სხვა თანამშრომელმა? საიდან მოვიტანეთ, რომ იდეალური ცხოვრება უნდა გვქონდეს? არადა, ჭეშმარიტად თავმდაბალი და მორჩილი ადამიანი გვერდზე გადგება და ღმერთის მოქმედებას დაელოდება. ღვთის სიტყვა გვეუბნება, რომ ჩვენ აღთქმებს რწმენის და მოთმინების მეშვეობით ვიმკვიდრებთ. ღმერთის რწმენა კარგია, მაგრამ რამდენად შევინარჩუნებთ მას, როდესაც ჩვენი აზრით ცხოვრება ჩვენს მიმართ უსამართლოა?

სატანა ჩვენს გონებას ეთამაშება. ყველა შესაძლებლობისას ის გვეუბნება: „შენ ამას არ იმსახურებ. შენ არაფრის მაქნისი ხარ. შენ სულელი ხარ“. ზოგჯერ კი ის გვეუბნება, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, გულმოდგინედ ვასრულებდით ჩვენს სამუშაოს და სრული უფლება გვაქვს დაწინაურებაზე გვქონდეს პრეტენზია. თუ ჩვენ მას მოვუსმენთ, მაშინ ვიფიქრებთ, რომ ბოროტად, საკუთარი ინტერესებისათვის გვიყენებენ.

როდესაც ვერ ვიღებთ ჩვენთვის სასურველს, ვბრაზობთ და ვაცხადებთ: „მე ამას ვიმსახურებდი!“ ამდროს ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს უფროსზე, მასწავლებელზე ანდა სხვა ადამიანზე ვბრაზდებით, ჩვენ ღმერთზეც ვბრაზობთ, რადგან ვთვლით, რომ მან არ მოგვცა ის, რაც ჩვენი აზრით, ჩვენ დავიმსახურეთ.

დიდი შეცდომაა იმის თქმა, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ის, რაც გვსურს და როდესაც ვერ ვღებულობთ სასურველს, გვეცოდება ჩვენი თავი და დავტირით მას. ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის შეცოდება გავაგრძელოთ ან ვაღიაროთ, რომ არჩევანი ჩვენზეა. შეგვიძლია მივიღოთ ცხოვრება ისეთ, როგორიც არის და მისგან მაქსიმალური სარგებელი მოვიპოვოთ, ანდა ვიწუწუნოთ იმის გამო, რომ ჩვენი ცხოვრება არ არის იდეალური.

იონას ისტორია მახსენდება - არა ისტორია იმაზე, როგორ მოხვდა ის ვეშაპის მუცელში, არამედ ის, რაც ამის შემდეგ მოხდა. მან აუწყო ხალხს, რომ ორმოცი დღის შემდეგ ღმერთი ნინევიის ქალაქს გაანადგურებდა, ხალხმა დაიჯერა მისი სიტყვები და თავისი ბოროტმოქმედებები მოინანია. ღმერთმა დაინახა, რომ ადამიანებმა ზურგი აქციეს ბოროტებას და პატიებას ევედრებიან მას, უფალმა არ მოუვლინა მათ განსაცდელები. ამის გამო იონა ძალიან დანაღვლიანდა და განრისხდა. მან უთხრა ღმერთს: „ახლა კი, უფალო, გემუდარები, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს!“ (იხილე იონას 4:3).

გულდასაწყვეტია, არა? იონას ერჩივნა თავად ყოფილიყო მართალი, ვიდრე ას ოცი ათასი ადამიანის გადარჩენა ეხილა. რასაკვირველია, ჩვენი სიტუაციები ამდენად დრამატული არ არის, მაგრამ უმრავლესობა ჩვენგანი თვითშეცოდებას ამჯობინებს, ყურს უგდებს ეშმაკის ჩურჩულს და ღმერთთან ურთიერთობას იფუჭებს, ნაცვლად იმისა, რომ ყველა ვითარებაში მიენდოს უფალს. 

წარმატებული ქრისტიანული ცხოვრების საიდუმლო ღმერთის სრულ ნდობაშია. თუ ჩვენ საკუთარ ნებას ღმერთის ნებას ვამჯობინებთ, მაშინ ვერაფერი შეძლებს ჩვენს დანაღვლიანებას ანდა განრისხებას. თუ ღმერთი არ გვაძლევს იმას, რაც ჩვენ გვსურს და რასაც მას ვთხოვთ, მაშინ მოდით რწმენით განვაცხადოთ: „დაე, არა ჩემი ნება, არამედ შენი ნება აღსრულდეს უფალო!“

„ღმერთო, გთხოვ დამეხმარე. ხშირად სხვადასხვა რამე მსურს და როდესაც ვერ ვღებულობ, ვნაღვლიანდები. გთხოვ, მაპატიე. იესოს არ უნდოდა, რომ ჯვარზე ეწამებინათ, მაგრამ ის მთლიადან იყო შენს ნებას დამორჩილებული. გთხოვ, დამეხმარე, რომ მეც ბოლომდე დავემორჩილო შენს ნებას და კმაყოფილი ვიყო იმით, რასაც შენ მაძლევ. ამინ“.

读经计划介绍

გონება ბრძოლის ველი

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...

More