გონება ბრძოლის ველი预览

სრულყოფილი გეგმა
„და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე [მისი მეორედ მოსვლამდე], განავითარებს თქვენში თავის კეთილ საქმეს და მიიყვანს მას სისრულემდე, თქვენში სრულყოფილებამდე“. - ფილიპელთა 1:6, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
„ვინაიდან ღმერთის [ხელთა] ქმნილებანი ვართ (მისი შემოქმედება), ქრისტე იესოში შექმნილნი [ზეციდან შობილნი], კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა [განსაზღვრა] ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ [კარგი ცხოვრებით ვიცხოვროთ, რომელიც მან წინასწარ განგვისაზღვრა]». - ეფესელთა 2:10, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
საინტერესოა, რამდენჯერ გვსმენია მქადაგებელებისგან შემდეგი სიტყვები: „ღმერთს თქვენი ცხოვრებისთვის სრულყოფილი გეგმა აქვს განსაზღვრული“? საპასუხოდ თანხმობის ნიშნად თავს ვიქნევთ, შეიძლება ვიღიმით კიდეც, მაგრამ ძალიან მალე ვივიწყებთ მათ. მეეჭვება, რომ ადამიანთა უმრავლესობას ჭეშმარიტად სწამდეს ამ სიტყვების, ყოველ შემთხვევაში ჩვენი ცხოვრება არ მიუთითებს იმაზე, რომ ნამდვილად გვჯერა მათი.
რატომ არ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას იმას, რომ ღმერთს ჩვენი ცხოვრებისათვის სრულყოფილი გეგმა აქვს განსაზღვრული? შესაძლოა, სიტყვა „სრულყოფილი“ დისკომფორტს გვიქმნის? ჩვენ ხომ ხშირად ვცდებით და შეცდომებსაც ხშირად ვუშვებთ. ნუთუ ჩვენი ცხოვრებისათის შეიძლება არსებობდეს სრულყოფილი გეგმა? ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ საკუთარ თავს და მყისვე ჩვენს უარყოფით მხარეებზე ვიწყებთ ფიქრს.
ეს ეშმაკის ხრიკია! ღმერთის სრულყოფილი გეგმა ჩვენს სრულყოფილებაზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ მის სრულყოფილებაზე. კიდევ ასე შეიძლება ითქვას: ღმერთს ჩვენი ცხოვრებისათვის განსაკუთრებული გეგმა აქვს განსაზღვრული.
მოდით დავფიქრდეთ ამ გეგმაზე. ფილიპელთა მიმართ წერილში პავლემ დაწერა, რომ ღმერთმა ჩვენში კეთილი საქმე დაიწყო. ეფესელთა მიმართ წერილში კი თქვა, რომ ჩვენ ღმერთის ხელთა ქმნილებანი ვართ, ანუ მისი ხელოვნების ნიმუშები. ეფესელთა 2:8-ში ის ამბობს, რომ ჩვენ მადლით ვართ გადარჩენილნი. ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით ანდა მოვიმოქმედებდით იმისათვის, რომ გადავრჩენილიყავნით, ჩვენ ის არ გამოგვიმუშავებია და არც დაგვიმსახურებია. გადარჩენა ძღვენის სახით მივიღეთ. ღმერთმა გვიბოძა ეს ძღვენი და ჩვენ ის მივიღეთ.
იმაზე ფიქრისას, რომ ღმერთმა ჩვენში კეთილი საქმე დაიწყო და ის ჩვენზე მუშაობს, საკუთარ თავს უნდა შევახსენოთ, რომ რაოდენ შორს არ უნდა ვიყოთ ჩვენ სრულყოფილებისაგან, ღმერთი სრულყოფილია. როგორც არ უნდა ვეცადოთ მივაღწიოთ სრულყოფილებას, ღმერთისთვის ასეთები არ გავხდებით. სრულყოფილი მხოლოდ უფალი იესო ქრისტეა. და ღმერთმა მიგვიღო არა ჩვენი რომელიმე მიღწევის ანდა დამსახურების გამო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი უფალის მიმართ რწმენის წყალობით.
პავლე მოციქულმა ასევე თქვა, რომ ჩვენ უფალ იესო ქრისტეში კეთილი საქმეებისათვის ვართ შექმნილნი. ღმერთმა მოგვამზადა ჩვენ იმ ცხოვრებისათვის, რომელიც მან თავად განგვისაზღვრა, ხოლო ღვთის სიტყვა, ანუ ბიბლია განმარტავს, რაში მდგომარეობს ასეთი ცხოვრება.
ის, რომ ღმერთს ჩვენი ცხოვრებისათვის სრულყოფილი გეგემა გააჩნია არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ან ოდესმე გავხდებით სრულყოფილები. ეს გეგმა სრულყოფილია, რადგან ის სრულყოფილმა ღმერთმა შეადგინა და მოიცავს მორჩილებას და მთელი გულით ღმერთის მსახურებას.
ღმერთმა სრულყოფილი, სიხარულით და სიამოვნებით აღვსილი ცხოვრება განგვისაზღვრა. ჩვენი მოვალეობაა გვწავმდეს ამის, მზერა უფალ იესო ქრისტეს მივაპყროთ, მის ყოვლისშემძლეობას მივენდოთ, და ზედმეტად არ გავამახვილოთ ყურადღება ჩვენს ნაკლებზე.
თუ ჩვენ ვამბობთ: „მე სრულყოფილი არ ვარ! ხშირად ვუშვებ შეცდომებს...“ - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მზერა ღმერთს მოვაშორეთ და დავუშვით, რომ სატანას ჩვენს გულში ეჭვები დაებადა. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი გვთხოვს რომ სრულიად მივენდოთ მას და რაც უფრო მალე ვიზამთ ამას, მით უფრო მალე გახდება ჩვენი ცხოვრება მისი კეთილი და სრულყოფილი გეგმის შესაბამისი.
ჩვენ იესო ნავეს ძის მაგალითს უნდა მივყვეთ, რომელსაც ღმერთმა უთხრა: „და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ - დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე“ (იესო ნავეს ძე 1:8).
„სრულყოფილო ღმერთო, დამეხმარე ჩემს გონებასთან ბრძოლაში მოვიპოვო გამარჯვება. სატანა გამუდმებით ჩემს შეცდომებზე და სისუსტეებზე მიმითითებს, მაგრამ შენ გთხოვ დამეხმარო და გამახსენო შენი სიყვარული და სიახლოვე, ასევე ის, რომ შენ სრულყოფილი ხარ, რათა შევძლო და ყოველთვის გავიმარჯვო ეშმაკზე. უფალი იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ. ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More