გონება ბრძოლის ველი预览

გონება ბრძოლის ველი

14天中的第11天

ურწმუნოების დაძლევა

„იყავით მღვიძარენი [ყურადღებიანები და პასუხისმგებლიანები], იფხიზლეთ, რადგან თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი [მშიერი და სასტიკი] და ეძებს, ვინ ჩაყლაპოს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით [რათა მოიგერიოთ მისი თავდასხმები; განმტკიცდით, გაძლიერდით, იყავით ძლიერნი, შეუდრეკელნი და გაბედულები] და იცოდეთ, რომ მსგავსი ტანჯვანი თქვენს ძმებსაც (სხვა ქრისტიანებს) ხვდებათ ქვეყნიერებაზე“. - 1 პეტრე 5:8-9, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი

მრავალ ქრისტიანს არასწორი წარმოდგენა აქვს სულიერი ომის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ჩენი მტერი - ეშმაკია და რომ მას ყოველდღე უნდა ვებრძოლოთ, რათა მასზე გამარჯვება მოვიპოვოთ. მაგრამ, თუ ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ ბრძოლებით იქნებოდა გადატვირთული, მაშინ მუდმივად მათზე ფიქრი, ნებისმიერ ადამიანს ჩააგდებდა სასოწარკვეთილებაში.

უწინ, მოდუნებას ვერ ვახერხებდი სხვადასხვა შფოთვების და შიშების გამო, ვფიქრობდი, რომ ეშმაკი ჩუმად მომეპარებოდა და რაღაცას „გამიჩალიჩებდა“. ახლა სულ სხვაგვარი ცხოვრების სურათი მინდა დაგიხატოთ. სინამდვილეში, ქრისტიანული ცხოვრება - სიხარულით და სიმშვიდით აღსავსე ცხოვრებაა. თუ ჩვენი ცხოვრების წესით პატივს მივაგებთ ღმერთს, სიმშვიდეს და დიდი კმაყოფილების გრძნობას განვიცდით.

პეტრე მოციქული ქრისტიანებს მათი მტრის შესახებ აფრთხილებდა და სიფხიზლისაკენ მოუწოდებდა, სწორედ ამას ვეყრდნობით დღეს ჩვენ. მაგრამ სანამ ამას დაწერდა, მან თქვა: „თქვენი ყველა საზრუნავი მას (ღმერთს) მიანდეთ, რადგან მას უყვარხართ, ის ზრუნავს თქვენზე და გიცავთ თქვენ“ (1 პეტრე 5:7, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი). ამ სიტყვებით პეტრე ღმერთის სიყვარულსა და მის ზრუნვას გვახსენებს.

ჭეშმარიტება იმისა, რომ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე - უნდა გახდეს ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების და სულიერი საძირკველის განუყრელი ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეშმაკი შეეცდება მოგვპაროს ჩვენი რწმენა ისეთი სიცრუით, როგორიცაა: „ღმერთი მართლაც რომ ზრუნავდეს შენზე, ნუთუ არ გიხსნიდა ასეთი სირთულეებისაგან?“ ანდა „ნუთუ ასე მოგექცეოდა ღმერთი, ნამდვილად რომ უყვარდე?“

ეშმაკი ამგვარ ფიქრებს ჩაგვჩურჩულებს იმ მიზნით, რომ ჩვენში სიცრუე დათესოს. თუ მას გამოუვა და თქვენ იფიქრებთ, რომ ღმერთს არ უყვარხართ და არ აინტერესებთ, მაშინ ის თქვენში ყოველგვარი ეჭვების ჩანერგვას შეძლებს. ღმერთს კი სურს, რომ თქვენ აბრაამის და ბიბლიაში მოყვანილი სხვა მორწმუნეების მსგავსად, ღმერთისადმი ერთგული და რწმენაში ძლიერი დარჩეთ.

ათასობით ადამიანის მსახურებაში, აღმოვაჩინე რომ პრობლემები და სირთულეები არ არის მიზეზი იმისა, რის გამოც ადამიანები ღმერთს ზურგს აქცევენ, ამის მიზეზი მათი რეაქციაა სხვადასხვა სახის პრობლემებზე. დაფიქრდით აბრაამზე, ის უკვე მოხუცი კაცი იყო, როდესაც ღმერთმა აღუთქვა რომ ძეს უბოძებდა. აბრაამს შეეძლო განეცხადა: „ეს შეუძლებელია! მე მოხუცი ვარ და ვეღარასოდეს გავხდები მამა“. მაგრამ სანაცვლოდ ამისა, აბრაამმა განაცხადა: „დიდებულია! მე შენი მწამს უფალო!“

როდესაც ცხოვრების გზაზე სირთულეები, გამოწვევები და განსაცდელები გვხვდება, მათ გარეშე კი შეუძლებელია, არჩევანი ჩვენზეა. თქვენ შეგიძლიათ დაუკვირდეთ პეტრეს სიტყვებს და ყველა თქვენი საზრუნავი, დარდი და შფოთვა ღმერთს გადასცეთ. მნიშვნელობა არ აქვს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს თქვენი ვითარება, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ღმერთი არა მხოლოდ თქვენ გვერდით არის ამ სირთულეების ჟამს, ის ასევე სიყვარულით ზრუნავს თქვენზე.

თქვენი მიზანია - რთულ ვითარებებში შეინარჩუნოთ სიფხიზლე. დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთის კურთხევები და მისი სიყვარული გიხარიათ, როდესაც ყველაფერი კარგად მიგდით და ღმერთს სურს, რომ ასეც იყოს. მაგრამ, რთულ ვითარებებში საკუთარ თავს გაახსენეთ, რომ ეშმაკი მახეს გიგებთ, რადგან სურს რომ გამარჯვება მოიპოვოს თქვენზე.

და კიდევ ერთ რამ - შესაძლოა გიჩნდებათ კითხვა - რატომ მხვდება ცხოვრების გზაზე ამდენი პრობლემა და განსაცდელი? მიზეზი იმისა, რომ ეშმაკმა თქვენ თავის სამიზნედ აგირჩიათ შეიძლება იყოს ის, რომ ღმერთს თქვენთვის და თქვენი ცხოვრებისათვის განსაკუთრებული და სრულყოფილი გეგმა აქვს. რაც უფრო მეტად იქნებით ღმერთის ერთგული, მით უფრო მეტად მოგიწევთ ეშმაკისათვის და მისი სიცრუისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

„ჩემო ძვირფასო ზეციერო მამა, მტერი ხშირად ცდილობს ჩემში ურწმუნოება ჩათესოს და დამაეჭვოს შენს უპირობო და უცვლელ სიყვარულში. მე კი, აბრაამის მსგავსად, მტკიცედ მწამს შენი აღთქმების. მადლობას გიხდი იმისათვის, რომ შენ მუდამ ჩემს გვერდით ხარ, ეს მამშვიდებს და თავდაჯერებულობას მმატებს. ამინ“. 

读经计划介绍

გონება ბრძოლის ველი

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...

More