გონება ბრძოლის ველი预览

ზედმეტი ეჭვიანობა
„სიყვარული სულგრძელია, სიყვარული კეთილი და ქველმოქმედია; სიყვარულს არასდროს შურს, არ ეჭვიანობს და არ ყოყოჩობს, ამპარტავნობისგან შორს არის. ის არ უხეშობს, უწესოდ (უპატივცემულოდ) არ იქცევა. (ღმერთის) სიყვარული (რომელიც ჩვენშია) თავის უფლებებს თმობს და თავისას არ ეძებს, რადგან ის ეგოისტური არ არის; ის არ იბუტება, არ ღიზიანდება, მრისხანებაში არ ვარდება, არასოდეს არის აღშფოთებული და ბოროტების ჩადენას არ განიზრახავს; ის ყურადღებას არ აქცევს მის მიმართ განძრახულ ბოროტებას; ის არ ხარობს უმართლობით და სიცრუით, და ხარობს, როდესაც სიმართლე და ჭეშმარიტება იმარჯვებს. სიყვარული ყოველივეს იტანს, ყოველთვის მზად არის ადამიანებში საუკეთესო დაინახოს, მას ყველაფერი სწამს, მისი იმედი არანაირ ვითარებაში არ კვდება და მოთმინების უდიდესი უნარი გააჩნია. სიყვარული არასოდეს უმტყუნებს [არასდროს ჩაქრება, არ იწურება და არ მთავრდება]...“. - 1 კორინთელთა 13:4-8, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
სიყვარულის შესახებ ეს სიტყვები მრავალი ჩვენგანისათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის ამ სიტყვების მიხედვით ცხოვრება ძალიან რთული იყო. ბავშვობაში, ასეთი სიყვარული არავისაგან მიგრძვნია, უფრო მეტიც, მასწავლიდნენ, რომ ყველას ეჭვის თვალით უნდა ვუყურო. არაერთხელ უთქვამთ ჩემთვის, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება.
როცა გავიზარდე, შევხვდი რამოდენიმე ისეთ ადამიანს, ვისი ქცევაც ადასტურებდა, რომ ჩემი ეჭვები უსაფუძვლო არ იყო. ქრისტიანი რომ გავხდი, მერეც არაერთხელ გამცრუებია იმედი სხვადასხვა ადამიანების გამო. რასკვირველია, ჩვენ წინდახედულობა უნდა გამოვიჩინოთ და ყველას არ უნდა ვედნოთ, მაგრამ ყველა ადამიანის მიმართ უნდობლობით და ეჭვით მიდგომა არასწორია.
ზედმეტი ეჭვიანობა მოგიწამლავთ გონებას და სხვა ადამიანების სიყვარულისა და მათი მიღების საშუალებას არ მოგცემთ. მოგიყვანთ ასეთ მაგალითს. დავუშვათ, რომ მსახურების შემდეგ თქვენთან მოდის თქვენი მეგობარი და გეუბნებათ: „იცი დორისი რა აზრის არის შენზე?“ და შემდეგ დაწვრილებით გიყვებათ, თუ რას ფიქრობს ის ადამიანი თქვენზე. პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ნამდვილი მეგობარი ასე არ მოიქცევა, და მეორე, თუ სხვის მონაყოლს დაიჯერებთ და ირწმუნებით, თქვენ დორისის მიმართ ეჭვით იქნებით განწყობილი.
როგორც კი თქვენი გონება ვიღაცის მიმართ ეჭვით მოიწამლება, ის ნელ-ნელა დაიწყებს მთლიანად თქვენში გავრცელებას და ასე ეშმაკი თქვეში დიდ დაბრკოლებას აღმართავს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ადამიანი თქვენ რაიმეს გეტყვით, თქვენ ავტომატურად დაეჭვდებით და იფიქრებთ: „ნეტა სინამდვილეში რას გულისხმობს?“, ხოლო თუ ის თქვენდამი კეთილგანწყობილი იქნება, თქვენ იფიქრებთ: „საინტერესოა, ნეტა რა უნდა მას ჩემგან?“
ეს ყველაფერი სატანის ვერაგი ხრიკებია. თუ ის შეძლებს, რომ ვიღაცის მიმართ ეჭვისა და უნდობლობის დამოკიდებულება ჩამოგიყალიბოთ, ძალიან მალე თქვენ ამ ადამიანის არც ერთ სიტყვას აღარ დაიჯერებთ. უფრო მეტიც, ეშმაკს შეუძლია თქვენი გონების მოწამვლა ისეთ დონეზე, რომ გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე ფიქრობდეთ, ისინი ზურგს უკან თქვენზე ჭორაობენ და თქვენ მათი განკიცხვის საგანი ხართ.
მოდით გავაგრძელოთ ამ მაგალითის განხილვა. დავუშვათ, რომ ერთ დღეს, ეკლესიაში, დორისი თქვენთან ახლოს დაჯდა. თქვენ ხედავთ, როგორ განადიდებს ის უფალს და ფიქრობთ: „როგორი ორპირი ადამიანია!“ შემდეგ, სულიწმინდა თქვენს მდგომარეობაზე და იმ ფაქტზე მიგითითებთ, რომ თქვენც განადიდებდით ღმერთს და ამავდროულად დორისის მიმართ უარყოფით გრძნობებს განიცდიდით. განა იესომ არ გვითხრა, რომ მასთან შესაწირავის მოტანამდე წავსულიყავით და შევრიგებულიყავით მათთან, ვისთანაც რაიმე სახის უსიამოვნო ვითარება გვქონდა? (იხილე მათეს 5:24).
დავუშვათ, რომ იესოს სიტყვებმა გამხილეს, თქვენ მიდიხართ დორისთან და ბოდიშს უხდით რომ მის მიმართ არასწორ გრძნობებს განიცდიდით. ის გაოცებული გისმენთ და ამ წამებში თქვენ იაზრებთ, რომ მცდარ ფიქრებში იმყოფებოდით. თქვენ არასწორად აღიქვით თქვენი მეგობრის მიერ ნათქვამი სიტყვები, რის შედეგადაც ეშმაკმა შეძლო და უარყოფითად განგაწყოთ ამ არაჩვეულებრივი, ღვთისნიერი ადამიანის მიმართ.
ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია ეჭვს ჩვენი შეცდომაში შეყვანა, ადამიანებთან ურთიერთობების დაზიანება და სიხარულის წართმევა. ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია რომ ვისწავლოთ ისეთი სიყვარულის ქონა, როგორიც კორინთელთა მიმართ პირველი წერილის მე-13 თავშია აღწერილი.
მე გარკვეული დრო დამჭრდა იმისათვის, რომ ადამიანების მიმართ ეჭვიანი დამოკიდებულებისაგან გავთავისუფლებულიყავი. ბოლოს მივხვდი, რომ იქ სადაც ღმერთის სიყვარულია, იქ ადგილი არ აქვს ეჭვებს.
„უფალო, მადლობას გიხდი რომ დამეხმარე გამეაზრებინა და მივხვდარიყავი, როგორ გავთავისუფლებულიყავი ყველას მიმართ ეჭვიანი დამოკიდებულებისაგან. მადლობას გიხდი უფალო იესო იმისათვის, რომ ჩემდამი ამხელა მოთმინებას გამოხატავ და არაჩვეულებრივი მაგალითი ხარ ჩემთვის მისაბაძად. ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More