გონება ბრძოლის ველი预览

პოზიტიური განწყობა
„[ადამიანური თვალთახედვით აბრაამს] იმედის მიზეზი აღარ უნდა დარჩენოდა, მაგრამ ის უიმედობაში ერწმუნა (ღმერთს) იმედით, რომ გახდებოდა მრავალი ერის მამა, როგორც იყო მისთვის აღთქმული: "ასეთი [უთვალავი] იქნება შენი თესლი”. მას არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული, თითქმის ასი წლისა, უკვე [თითქის ბოლომდე] ჩაკვდა, ანდა ფიქრობდა რა, რომ სარას საშო [უკვე] მკვდარი იყო და არ დაეჭვებულა (არ მერყეობდა) ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ ურყევი იყო და განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, საკუთარი სიტყვის ერთგული იქნებოდა და შეასრულებდა კიდეც“. - რომაელთა 4:18-21, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, აბრაამის ისტორია ის ყოველთვის მაოცებს. სასწაულია არა მხოლოდ ის, რომ ასი წლის ასაკში მას შვილი გაუჩნდა, არამედ გასაოცარი ისიც არის, რომ მისი აღთქმის აღსრულებას ის ოცდახუთი წლის მანძილზე ელოდა. აბრაამი სამოცდათხუთმეტი წლის იყო, როდესაც ღმერთი მას ძეს შეპირდა.
სარას და აბრაამს, აღთქმულისათვის ბოლომდე ერთგულება არ გამოუვიდათ, რადგან სარას დაჟინებით, აბრაამმა მისი ცოლის მსახური - აგარი მიიღო, რომელმაც ძე გაუჩინა. მაგრამ ღმერთმა აუხსნა, რომ ყველაფერი სხვაგვარად უნდა მომხდარიყო. ვთვლი, რომ მათმა საქციელმა ღმერთის მიერ მათთვის აღთქმული შვილის დაბადება დააყოვნა.
როდესაც ლოდინი აღარ გვსურს, საკითხს „საკუთარ ხელში ვიღებთ“. ჩვენ საკუთარი თვალთახედვის მიხედვით ვიქცევით და იმედი გვაქვს, რომ ღმერთი ჩვენს „დიდებულ“ იდეებს აკურთხებს. მაგრამ ჩვენს გეგმებს გაურკვევლობაში და დაბნეულობაში შევყავართ. შემდეგ კი შესაბამის შედეგებთან გამკლავება გვიწევს და ეს სასწაულის მოხდენას აყოვნებს.
როდესაც მოსემ ღმერთისაგან ათი მცნება მიიღო და სინაის მთიდან ჩამოვიდა, დაინახა, რომ ისრაელიანებმა დიდი ბოროტება ჩაიდინეს, რადგან მათ ლოდინი მობეზრდათ. მან განრისხებულმა დალეწა დაფები, რომლებზეც ღმერთმა ათი მცნება ამოტვიფრა. მოსეს მრისხანება გასაგებია, მაგრამ არამგონია ღმერთს სურდა, რომ მოსეს ასეთი რეაქცია ჰქონოდა. მას სინაის მთაზე ხელახლა მოუწია ასვლა და ღმერთისაგან ათი მცნების ხელახლა მიღება. შესაძლოა, რომ მოსემ შვება იგრძნო, როდესაც თავისი მრისხანება გამოხატა, მაგრამ ეს მას სხვა დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდა. ეს ყველა ჩვენთაგანისათვის კარგი გაკვეთილია. უკეთესია ღმერთის გეგმას დავემორჩილოთ, მას გავყვეთ და არ მოვიგონოთ საკუთარი გეგმები, რომლის შეგედებთანაც თავად მოგვიწევს გამკლავება.
რთულია წლების მანძილზე მოლოდინში იყო და რწმენა შეინარჩუნო. ზოგჯერ, მსახურებების შემდეგ ჩემთან ადამიანები მოდიან და სევდიან ისტორიებს მიყვებიან. ვურჩევ, რომ საკუთარ თავში დადებითი მიდგომა გამოიმუშავონ და ოპტიმისტები გახდნენ. ზოგიერთი მათგანი ყურადღების უსმენს ყველა ჩემს სიტყვას, თავს მიქნევს, ზოგი იღიმის კიდეც, შემდეგ კი ყველაზე ნეგატიურ სიტყვას წარმოთქვამს - „მაგრამ“ და ამ ერთი სიტყვით ხაზს უსვამენ ყველაფერს, რაც მე მათ მანამდე ვუთხარი.
ბიბლია შთაგვაგონებს, ღმერთის აღთქმებს გვიცხადებს და იმედით გვავსებს. ღმერთი სიკეთეს პირდება მათ, ვინც მას ემსახურება. რაც არ უნდა მძიმე პერიოდს გავდიოდეთ ცხოვრებაში (ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაში იმყოფება), არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთი ჩვენ სიკეთეს შეგვპირდა. უბრალოდ, შესაძლოა, რომ სიკეთის ჩვენი გაგება განსხვავდებოდეს იმისაგან, რასაც სიკეთეში მოისაზრებს უფალი. სასურველის მყისვე მიღება შესაძლოა რომ არც თუ ისეთი სასიკეთო აღმოჩნდეს ჩვენთვის. ზოგჯერ ლოდინი ჩვენთვის უკეთესია, რადგან ეს ჩვენში ღვთისნიერი ხასიათის განვითარებაში გვეხმარება.
ღმერთის განძრახვა ჩვენდამი არის ჩვენთვის სიკეთის ქმნა და ჩვენი გაბედნიერება, ხოლო ეშმაკის განძრახვები კი ჩვენთვის ბოროტების და ზიანის მოყენება, ჩვენი გაუბედურებაა. ჩვენ შეგვიძლია გამოვიჩინოთ მოთმინება, გავაგრძელოთ ღმერთის დაპირებების რწმენა და დალოდება როდის მოხდება მათი აღსრულება, ანდა მოვუსმინოთ და დავუჯეროთ ეშმაკის ჩურჩულს და მივცეთ მას უფლება და საშუალება შეცდომაში შეგვიყვანოს.
უმრავლესოაბა ჩვენგანი უგულველყოფს იმ ფაქტს, რომ ღმერთი სასწაულების მქმნელია. ის შეუძლებელის განხორციელებაშია ოსტატი: მან უშვილო სარას ვაჟი აჩუქა, წითელი ზღვა გაყო და ისრაელიანებმა ის ფეხით გადალახეს, გოლიათი ერთი ქვის სროლით გაანადგურა. ეს ყველაფერი ნამდვილი სასწაულებია. სულიწმინდას ბუნების კანონები არ ზღუდავენ და ის მათ მიუხედავად მოქმედებს (მან შექმნა ეს კანონები იმისთვის, რომ შემდეგ დაარღვიოს ისინი).
ებრაელთა მიმართ წერილის მე-13 თავი ღვთის ერისა და ღმერთისადმი რწმენას არის მიძღვნილი. „ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღმერთისთვის სათნოდ ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, [მას აუცილებლად] უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არის [ის ნამდვილად არსებობს] და ის მიუზღავს [მის ჭეშმარიტად] მაძიებელს“ (ებრაელთა 11:6, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი).
როცა ამ მუხლზე ვფიქრობ, ვხვდები, რომ ეშმაკს შეუძლია მისი გამოყენება ისე, რომ ჩვენში ეჭვი დაბადოს. მას შეუძლია გვითხრას: „დიახ, ეს სიმართლეა. ისინი განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ. შენ კი არავინ ხარ. შენთვის ღმერთი არაფერს განსაკუთრებულს არ გააკეთებს. ვითომ, რატომ უნდა გააკეთოს?“
ეს არის ეშმაკის სასტიკი სიცრუე, რომელსაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ქრისტიანი ადამიანი მყისვე სიმართლედ ღებულობს. ღმერთს ყოველი ჩვენგანი უყვარს. ის ჩვენი მამაა, ხოლო კეთილ მამას სიამოვნებს თავისი შვილებისთვის რაღაც კარგის გაკეთება. ღმერთს სურს, რომ რაღაც კარგი გაგიკეთოთ.
იქონიეთ ღმერთისაგან სასწაულის მიღების მოლოდინი. იქონიეთ მრავალი სასწაულის მოლოდინი.
ღმერთის აღთქმების რწმენას სიკეთე მოაქვს - ჩვენ მათ კეთილი ღმერთი გვიგზავნის. უარი განაცხადეთ დანებებაზე და თქვენ საკუთარი რწმენისა და დადებითი განწყობის ნაყოფებს იხილავთ.
„ძვირფასო ზეციერო მამა, გთხოვ, მაპატიე ჩემი ურწმუნოება. მომიტევე, რომ საშუალება მივიცი ეშმაკს მოვეტყუებინე და ჩემში ისეთი ფიქრები დაებადა, თითქოს მე არაფრის ღირსი არ ვარ და შენს სასწაულებს არ ვიმსახურებ. მე ღირსი ვარ, რადგან შენ გამხადე ღირსეული. შენთვის არაფერია შეუძლებელი და გთხოვ, დამეხმარე დაველოდო შენ როდის მოიმოქმედებ სასწაულს ჩემს ცხოვრებაში, მანამდე კი თავად არ დავღონდე. ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სახელით ვლოცულობ. ამინ“.
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More