გონება ბრძოლის ველი预览

რაზე ვამახვილებთ ჩვენს ყურადღებას?!
„რადგან როგორც ის (ადამიანი) ფიქრობს თავის სულში, ისეთია იგი...“ - იგავნი 23:7, ბიბლიის გაფართოებული თარგმანი
მრავალი წლის წინ მნიშვვნელოვან რაღაცას მივხვდი - ჩვენ ვღებულობთ იმას, რაზეც ჩვენს გონებას ვამახვილებთ. ამ მარტივმა განცხადებამ მრავალი რამ მასწავლა. ჩვენს თავს დატრიალდება ის, რაზეც ენერგიას მივმართავთ და რაზეც ყურადღებას გავამახვილებთ. კიდევ ასე შეიძლება ითქვას - ადამიანი თავის ფიქრებს მიჰყვება.
თუ მე განუწყვეტლივ ნაყინზე ვიფიქრებ, ძალიან მალე ჩემს მანქანაში ჩავჯდები და მის საყიდლად გავემართები. ფიქრები ჩემს გულში სურვილს დაბადებენ და მე ჩემი სურვილის ასრულებას შევეცდები.
თუ ჩვენ მხოლოდ უარყოფით საკითხებზე გავამახვილებთ ყურადღებას, თავადაც ნეგატიური ადამიანები გავხდებით, ჩვენი ფიქრები და სიტყვები ნეგატიური გახდება, ცხოვრების ხალისს და სიხარულს დავკარგავთ და თავს უბედურად ვიგრძნობთ. ეს ყველაფერი ჩვენი ფიქრებიდან იწყება.
შესაძლოა, ამ მომენტში პრობლემები გაგაჩნიათ და ვერც კი იაზრებდეთ, რომ მათი მიზეზი თავად ხართ. გირჩევთ, რომ გულმოდგინედ აკონტროლოთ თქვენი ფიქრები. შეიძლება ვერ ხვდებით რატომ, რა მიზეზით არის გამოწვეული თქვენში ასეთი ვითარება, მაგრამ თუ საკუთარ ფიქრებს გამოიკვლევთ, აღმოაჩენთ, რომ თავად ხართ მათი კვების წყარო. უარყოფითი ფიქრები მოწყენილობის, დეპრესიის, სასოწარკეთილების და სხვა ამგვარი დამთრგუნველი ემოციების მასაზრდოებელი ენერგიაა.
ზედმიწევნით გაფილტრეთ და აირჩიეთ ის, რაზეც იფიქრებთ. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, უარყოფით საკითხებზე იფიქროთ თუ იმაზე რაც კარგი და სასიამოვნოა, იფიქროთ იმაზე რა არ მოგწონთ თქვენს ოჯახის წევრებსა და ნათესავებში, თუ პირიქით, რა დადებითი და ნათელი თვისებებია მათში. ბიბლია გვასწავლის, რომ მუდამ გვჯეროდეს კეთილის. თუ ასე მოიქცევით, თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი და მშვიდი გახდება.
მე მშვენიერი ცხოვრება მაქვს, მყავს მოსიყვარული მეუღლე და არაჩვეულებრივი შვილები. ღმერთმა უდიდესი პატივი დამდო და დიდებულ მსახურებაში მომიხმო, რათა მისი მეშვეობით, დედამიწის გარშემო, მილიონობით ადამიანს მიეღო კურთხევა. მაგრამ ცხოვრება იდეალური როდია და თუ, წარსულში მე ნებას მივცემდი ეშმაკს ჩემი გონება უარყოფითი ფიქრებით აევსო, ის ჩემზე გამარჯვებას მოიპოვებდა.
მე მირჩევნია ჩემი ყურადღება ღმერთის მადლზე გავამახვილო და მადლიერება გამოვხატო ყველა სიკეთისათვის, რომლითაც მან ჩემი ცხოვრება აავსო, არ ვაპირებ ჩემი ყურადღების გამახვილებას იმაზე, რაც არ მაქვს.
ერთმა ჩემმა ძველმა მეგობარმა ასეთი სიტყვები მითხრა: „როგორიც არ უნდა იყოს შენი ცხოვრებისეული გზა, მასზე სვლისას შენი მზერა ყვავილებზე გაამახვილე, არა სარეველებზე“. მრავალი ადამიანი თავის ყურადღებას ამახვილებს იმაზე რაც არ გააჩნია, ან იმაზე რაც არ არის ისე, როგორც მათ სურთ.
ჩვენი ფიქრები დიდ წილად განაპირობენ ჩვენს ბედს და ბედნიერებას. იგავების 23:7 - ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია წმინდა წერილიდან. ფიქრს ძალა გააჩნია. ეს უსაფუძვლო საკითხი არ არის და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ იმის თაობაზე, თუ რითი აღვივსებით, რომელ ფიქრებს დავიტოვებთ ჩვენს გონებაში და რომელთა მოშორება არის საჭირო.
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გონება ბრძოლის ველია და მტერი ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს იმისათვის, რომ თავის დადებულ მახეში მოგვახვედროს.
მახსენდება ერთი ადამიანი, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ მსახურებაზე მოვიდა. ის პორნოგრაფიაზე იყო დამოკიდებული და მისგან გათავისუფლება სურდა. მოგვიყვა, რომ ერთხელ, შემთხვევით შევიდა სექსუალური თემატიკის ვებ გვერდზე. მეორე დღეს მან თავის ამხანაგთან ერთად კარგად იცინა ამ საკითხზე: „ნუთი ვინმე უყურებს ამ სისულელეებს?“ - იკითხა მან.
მომდევნო ღამეს ის კვლავ შევიდა იმავე ვებ გვერდზე და ძალიან მალე მისი რეგულარული მომხმარებელი გახდა. ის ყიდულობდა პორნოგრაფიულ ჟურნალებს და თავის ოფისში მალავდა მათ. მისი ოჯახის წევრებს არც კი წარმოედგინათ, რომ მას სამსახურში „სამალავი“ გააჩნდა. „ასეთი უმნიშვნელო „ჰობი“ ზიანის მომტანი არ არის...“ - ფიქრობდა ის.
ამ ადამიანმა აღიარა, რომ რაც უფრო მეტს ათვალიერებდა ამგვარ სურათებს, მით უფრო მეტად ფიქრობდა ქალებზე, როგორც ვნების გამაღვივებელ ობიექტებზე. ერთხელ მისმა ცოლმა უთხრა: „არ ვიცი შენს თავს რა ხდება, მაგრამ თუ ამ საკითხს არ მიხედავ, გაგეყრები“. მისი ცხოვრება მკაფიოდ იცვლებოდა ცუდისაკენ, სანამ ერთ დღეს მან არ აღიარა არსებული პრობლემა და მასზე ლოცვა არ გვთხოვა. „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ რამოდენიმე პორნოგრაფიული საიტის დათვალიერება მათზე დამოკიდებულებას გამოიწვევდა ჩემში“ - თქვა მან.
უარყოფითად აზროვნებისას შეუძლებელია ადამიანმა მიაღწიოს პოზიტიურ ცხოვრებას. ჩვენი ფიქრები და ის, რაზეც არის ჩვენი ყურადღება გამახვილებული, განსაზღვრავენ თუ რა მოხდება ჩვენს ცხოვრებაში.
უფალი იესო ჩვენი მეგობარი და მხსნელია. მას სურს, რომ ჩვენი გონება პოზიტიური, სასიხარულო და ჯანსაღი ფიქრებით იყოს აღსავსე. რაც უფრო მეტად გავამახვილებთ ჩვენს ყურადღებას ამგვარ ფიქრებზე, მით უფრო სწრაფად და ეფექტურად შევძლებთ ეშმაკის თავდასხმების მოგერიებას.
„ძვირფასო, მოთმინებით აღსავსე და მოსიყვარულო ღმერთო, მოგმართავ თხოვნით მაპატიო, რომ ჩემი გონება და ყურადღება შენთვის არასასურველ საკითხებზე იყო გამახვილებული. დამეხმარე ჩემი გონება წმინდა და ამაღლებული ფიქრებით აღვავსო. უფალი იესო ქრისტეს სახელით. ამინ“.
圣经
读经计划介绍

ეს ყოველდღიური გაკვეთილები შთაგაგონებენ, იმედით აგღავსებენ, დაგეხმარებიან მრისხანების, აღშფოთების, ფორიაქის, განკიცხვის, შიშის, ეჭვების და იმ ყველაფრის დაძლევაში, რაც გბოჭავთ და ხელს გიშლით სრულფასოვან ცხოვრებაში. ეს ყოველდღიური გაკვეთილები ასევე დაგეხმარებიან მტრის ჩანაფიქრების ამოცნობაში, რომელიც ცდილობს თავგზა აგირიოს და მოგატყუოს. ამასთანავე დაგეხმარებიან გათავისუფლდეთ საზიანო აზროვნებისაგან და ჩამოიყალიბოთ ახალი აზროვნება, რის შედეგადაც თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ გამარჯვებას...
More