YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 11

11
ღვთის ორი მოწამე,
სიკვდილი და ზეცაში ასვლა
1მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემს მომართ: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და მასში თაყვანისმცემლები.
2ხოლო ტაძრის გარე ეზო გამორიცხე და არ გაზომო, ვინაიდან წარმართებს მიეცა იგი: ისინი ორმოცდაორ თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს.
3მივცემ ჩემს ორ მოწამეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით მოსილნი.“
4ესენია ზეთისხილის ხე და ორი სასანთლე, რომლებიც მიწის უფლის წინაშე დგას.
5თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას.
6მათ აქვთ ხელმწიფება დაგმანონ ცა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ.
7როცა ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.
8მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც.
9სამნახევარ დღეს ხალხთაგან და ტომთაგან, ენათაგან და ერთაგან უყურებენ მათ გვამებს და არ მისცემენ მათი გვამების სამარხში დაკრძალვის ნებას.
10მიწაზე მცხოვრებნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვინაიდან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა მიწის მკვიდრთ.
11სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
12იყო დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცას და მათმა მტრებმა დაინახეს ისინი.
13იმავე საათს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა, და დაიღუპა მიწისძვრისაგან შვიდი ათასი კაცი. დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს.
14მეორე უბედურებამ გადაიარა და აჰა, მესამე უბედურება მოვა მალე.
მეშვიდე საყვირი
15მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“.
16ღვთის წინაშე თავიანთ ტახტებზე მჯდომი ოცდაოთხი უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.
17და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი.
18გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებს და პატარებს, და მოსპო მიწის მომსპობნი“.
19გაიღო ღვთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა.

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in