YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 10

10
ძლიერი ანგელოზი გადაშლილი წიგნით
1ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე, და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები.
2ხელთ ჰქონდა გადაშლილი პატარა წიგნი. მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა – მიწას.
3და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს, და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.
4როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავ-თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და ჩამომესმა ხმა ციდან, რომელმაც მითხრა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას“.
5ანგელოზმა კი, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისაკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი
6და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება.
7ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს.
8ხმა, რომელიც მოვისმინე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გადაშლილი პატარა წიგნი, რომელიც იმ ანგელოზის ხელშია, ზღვასა და მიწაზე რომ დგას“.
9მივედი ანგელოზთან და ვუთხარი მას: „მომეცი მომცრო წიგნი“. მან მითხრა: „აიღე და შეჭამე იგი, და მწარეს გახდის შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში თაფლივით ტკბილი იქნება“.
10ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბო პირში და, როცა შევჭამე იგი, მუცელი გამიმწარდა.
11მითხრეს: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“.

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in