YouVersion Logo
Search Icon

გამოცხ. 12

12
წითელი გველეშაპი
1გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი – დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით.
2ფეხმძიმედ იყო და ყვიროდა, იტანჯებოდა მშობიარის ტკივილებით.
3სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავებზე შვიდი ჯიღა.
4მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. გველეშაპი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი.
5და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.
6დედაკაცი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღვთისაგან, რათა იქ გამოეკვებათ იგი ათას ორას სამოც დღეს.
ომი ზეცაში
7შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები,
8მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში.
9გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
10მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე.
11გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე.
12აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.
დედაკაცის დევნა გველეშაპის მიერ
13როცა გველეშაპმა დაინახა, რომ გადმოგდებულ იქნა მიწაზე, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა.
14მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენად, თავისი ადგილისაკენ, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით.
15ამოუშვა გველმა თავისი პირიდან მდინარესავით წყალი დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
16მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს და დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც გველეშაპმა ამოუშვა პირიდან.
17განრისხდა გველეშაპი დედაკაცზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა.

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in