YouVersion Logo
Search Icon

გამ. 2

2
მოსეს დაბადება.
ფარაონის ასულის მიერ მისი შვილად აყვანა
1წავიდა ერთი კაცი ლევის სახლიდან და მოიყვანა ცოლად ასული ლევისა.
2დაორსულდა ეს ქალი და შვა ვაჟი და, როცა დაინახა, რომ კარგი იყო, მალავდა მას სამ თვეს.
3და როცა მეტი ვეღარ შეძლო მისი დამალვა, აიღო ლერწმის კალათა და შეგოზა იგი კუპრით და ფისით, და ჩააწვინა მასში ყრმა და დადგა ლერწმიანში, მდინარის ნაპირას.
4და დადგა მისი და მოშორებით, რათა გაეგო, რა მოუვიდოდა მას.
5და ჩავიდა ფარაონის ასული საბანაოდ მდინარეზე. ხოლო მისი მოახლენი მიმოდიოდნენ მდინარის პირას. და დაინახა კალათა ლერწმიანში, და გაგზავნა თავისი მოახლე და მან აიღო იგი.
6გახსნა და ნახა ბავშვი და აჰა, ტირის ყრმა. შეებრალა იგი და თქვა: „ებრაელ ბავშვთაგანია ეს.“
7და უთხრა მისმა დამ ფარაონის ასულს: „ხომ არ წავიდე და მოვიყვანო ძიძა ებრაელთაგან, რომ გამოგიკვებოს ყრმა?“
8და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წადი.“ წავიდა გოგონა და დაუძახა ყრმის დედას.
9და უთხრა მას ფარაონის ასულმა: „წაიყვანე ეს ყრმა და გამოკვებე და მოგცემ გასამრჯელოს.“ და აიყვანა ქალმა ყრმა და კვებავდა მას.
10და გაიზარდა ყრმა, და მიუყვანა იგი ფარაონის ასულს, რომელმაც იშვილა იგი და უწოდა მას სახელად მოსე, და თქვა: „რადგან წყლიდან ამოვიყვანე იგი.“
მოსე კლავს ეგვიპტელს და
გარბის მიდიანის ქვეყანაში
11და მოხდა ეს იმ დღეებში, როცა გაიზარდა მოსე და გამოვიდა თავის ძმებთან, და იხილა მათი მძიმე შრომა. და დაინახა, რომ ეგვიპტელი სცემდა ებრაელს, მის ძმათაგანს.
12მიიხედ-მოიხედა და, როცა დაინახა, რომ არავინ იყო, მოკლა ის ეგვიპტელი და ჩაფლა ქვიშაში.
13და გამოვიდა მეორე დღეს, და აჰა, ორი ებრაელი კაცი ჩხუბობს. და უთხრა მან დამნაშავეს: „რად სცემ შენს მოყვასს?“
14და მან უთხრა: „ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩვენზე? ჩემი მოკვლაც ხომ არ გინდა, როგორც ეგვიპტელი მოკალი?“ შეეშინდა მოსეს და თქვა: „ნამდვილად ცნობილი გამხდარა ეს ამბავი.“
15და გაიგო ფარაონმა ეს ამბავი, და მოინდომა მოსეს მოკვლა. მაგრამ გაიქცა მოსე ფარაონისაგან და გაჩერდა მიდიანის ქვეყანაში, და ჩამოჯდა ჭასთან.
ციფორაზე დაქორწინება. გერშომი
16მიდიანელ მღვდელს შვიდი ასული ჰყავდა. და მოვიდნენ და ამოხაპეს წყალი, და აავსეს გეჯები თავიანთი მამის წვრილფეხა საქონელის დასარწყულებლად.
17და მოვიდნენ მწყემსები და გარეკეს ისინი. და ადგა მოსე და გამოექომაგა მათ, და დაარწყულა მათი წვრილფეხა საქონელი.
18და მივიდნენ ისინი რეღუელთან, თავიანთ მამასთან. და მან უთხრა მათ: „დღეს ასე ადრე რად მოსულხართ?“
19და უთხრეს: „ეგვიპტელმა კაცმა გვიხსნა მწყემსთაგან. წყალიც ამოგვიხაპა და წვრილფეხა საქონელიც დაარწყულა.“
20უთხრა თავის ასულებს: „სადაა იგი? რად მიატოვეთ ის კაცი? დაუძახეთ, ჭამოს პური.“
21და დათანხმდა მოსე, რომ ეცხოვრა ამ კაცთან. და მანაც მიათხოვა ციფორა, თავისი ასული, მოსეს.
22და შვა ქალმა ვაჟი, და უწოდა მოსემ სახელად გერშომი, რადგან თქვა: „ხიზანი ვიყავი უცხო ქვეყანაში.“
ღმერთმა გადმოხედა ისრაელს მონობაში
23გავიდა კარგა ხანი და მოკვდა მეფე ეგვიპტისა, და კვნესოდნენ ისრაელის შვილები მძიმე შრომისგან და გოდებდნენ. და მისწვდა მათი ღაღადი ღმერთს.
24და ისმინა ღმერთმა მათი კვნესა, და გაიხსენა ღმერთმა თავისი აღთქმა აბრაამის, ისაკისა და იაკობის მიმართ.
25და დაინახა ღმერთმა ისრაელის ძენი, და მოხედა მათ ღმერთმა.

Currently Selected:

გამ. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy