YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 5

5
ნაყამანის განკურნება
1ნაყამანი, არამის მეფის სარდალი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი წყალობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, მაგრამ კეთროვანი.
2და როცა სათარეშოდ იყვნენ გასული არამელები, ტყვედ წაიყვანეს ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა. და ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი.
3და უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ მისულიყო ჩემი ბატონი წინასწარმეტყველთან სამარიაში, ხომ განკურნავდა კეთრისაგან.“
4და მივიდა (ნაყამანი) და უამბო თავის ბატონს: „ასე და ასე ამბობს ისრაელის ქვეყნიდან წამოყვანილი გოგონა.“
5და თქვა არამის მეფემ: „წადი, წერილს გაგატან ისრაელის მეფესთან.“ წავიდა და თან წაიღო ათი ქანქარი ვერცხლი, ექვსი ათასი ოქრო და ათი ხელი ტანისამოსი.
6და მიართვა ისრაელის მეფეს წერილი, რომელიც ამბობდა: „აი ახლა, როდესაც ეს წერილი მოვა შენთან, აჰა, გიგზავნი ნაყამანს, ჩემს მსახურს, რომ განკურნო იგი კეთრისგან.“
7და როცა წაიკითხა ისრაელის მეფემ წერილი, შემოიხია სამოსელი და თქვა: „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ ვკლავდე და ვაცოცხლებდე, რომ მითვლის: კეთრისგან განმიკურნეო ეს კაცი. იცოდეთ, შემოჩენილია იგი.“
8და როცა გაიგო ელისემ, ღვთისკაცმა, სამოსელი შემოიხიაო ისრაელის მეფემ, შეუთვალა: „რისთვის შემოიხიე სამოსელი? მოვიდეს ჩემთან და დარწმუნდეს, რომ არის წინასწარმეტყველი ისრაელში.“
9და მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან გაჩერდა.
10და გაუგზავნა ელისემ მსახური და შეუთვალა: „წადი, შვიდგზის იბანე იორდანეში და გაგიახლდება ხორცი, და გაწმედილი იქნები.“
11და გაბრაზდა ნაყამანი, წავიდა და თქვა: „აჰა, ვიფიქრე, გარეთ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღვთის, სახელს ახსენებს, ადგილზე დამადებს ხელს და კეთრისგან განმკურნავს-მეთქი.
12განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი ისრაელის მთელს მდინარეებს არ სჯობია? განა იქ ვერ ვიბანებ და ვერ გავსუფთავდები?“ და გატრიალდა და წავიდა ბრაზმორეული.
13და მიეახლნენ მისი მსახურნი, ელაპარაკნენ და ასე უთხრეს: „ჩემო მამავ! საძნელო რამე რომ მოეთხოვა შენგან მაგ წინასწარმეტყველს, ხომ შეასრულებდი? მით უფრო, როცა გეუბნება: ‘იბანე და განიწმიდები.’“
14და ჩავიდა, და შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში ღვთისკაცის სიტყვისამებრ და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა.
15და დაბრუნდა ღვთისკაცთან ის და მთელი მისი ამალა. და მივიდა და გაჩერდა მის წინ და უთხრა: „აჰა, დავრწმუნდი, რომ მთელს ქვეყანაზე მხოლოდ ისრაელშია ღმერთი. ახლა, მიიღე საჩუქარი შენი მსახურისგან.“
16და თქვა: „ვფიცავ უფალს, რომლის წინაშეც ვდგავარ, თუ მივიღო.“ და აიძულებდა აღებას, მაგრამ არ დაჰყვა.
17და თქვა ნაყამანმა: „თუ ასეა, მომცენ შენს მსახურს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ჯორი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მსახურმა.
18ეს ერთი რამე მაპატიოს უფალმა შენს მსახურს: როცა მივა ჩემი ბატონი რიმონის სახლში თაყვანისსაცემად, დაეყრდნობა ჩემს ხელს და მეც მომიხდება თაყვანისცემა რიმონის სახლში, ჰოდა, რიმონის სახლში თაყვანისცემისას აპატიოს ეს შენს მსახურს.“
19და უთხრა: „მშვიდობით იარე.“ და წავიდა და, მცირე მანძილზე გასცდა მას.
გეხაზის ცოდვა
20და თქვა გეხაზიმ, ღვთისკაცის მსახურმა: „აჰა, არ გამოართვა ჩემმა ბატონმა ნაყამანს, ამ არამელს, მისი მოტანილი ძღვენი. უფლის მადლმა, გავეკიდები და მე გამოვართმევ რამეს.“
21და დაედევნა გეხაზი ნაყამანს. როცა დაინახა ნაყამანმა, რომ ვიღაც მისდევს, ეტლიდან გადმოვიდა და წინ შეეგება და თქვა: „მშვიდობაა?“
22და თქვა: „მშვიდობა. ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: ‘ეფრემის მთიდან მესტუმრა ორი ყმაწვილი წინასწარმეტყველთაგან. იქნებ ერთი ქანქარი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი გეჩუქებინა მათთვის.’“
23და თქვა: ნაყამანმა: „ორი ქანქარი აიღე ბარემ.“ დაიყოლია და შეუხვია ორი ქანქარი ვერცხლი ორ ქისად და ორ ხელ ტანსაცმელთან ერთად გაატანა წასაღებად თავის ორ მსახურს.
24და როცა ის მოვიდა ბორცვთან, გამოართვა მათ ეს ყველაფერი და სახლში გადამალა. და უკან გაისტუმრა მსახურები და წავიდნენ ისინიც.
25და მივიდა და გამოცხადდა ბატონთან. და უთხრა ელისემ: „საიდან მოდიხარ, გეხაზი?“ და თქვა: „არსად არ წასულა შენი მსახური.“
26და უთხრა: „განა ჩემი გული შენ არ მოგყვებოდა, როცა ეტლიდან ჩამოხდა ის კაცი და წინ შეგეგება? განა დრო დაგიდგა, რომ იხვეჭდე ვერცხლს, იხვეჭდე ტანსაცმელს, ზეთის ხილის ხეებსა და ვენახებს, ცხვარ-ძროხას, ყმებსა და მხევლებს?
27შენ და შენს შთამომავლობას გადაგედოთ ნაყამანის კეთრი საუკუნოდ.“ და წავიდა მისგან გეხაზი კეთროვანი, როგორც თოვლი.

Currently Selected:

4მეფ. 5: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in