4მეფ. 6
6
ელისეს წყლიდან ამოაქვს ჩაძირული ცული
1და უთხრეს წინასწარმეტყველთა ძეთ ელისეს: „აჰა, ვიწროა ჩვენთვის ეს ადგილი, სადაც შენს წინაშე ვცხოვრობთ.
2იორდანეზე ჩავალთ, თითო მორს ავიღებთ იქიდან და ავიშენებთ იქ სადგომს საცხოვრებლად.“ და თქვა: „ჩადით“
3და თქვა ერთმა: „იქნებ მიიღო წყალობა და შენც წამოგვყვე შენს მსახურთ.“ თქვა: „წამოგყვებით.“
4და წაჰყვა მათ. და ჩავიდნენ იორდანეზე და შეუდგნენ ხის ჭრას.
5ძირს დასცა ერთმა მორი და წყალში ჩაუვარდა ცული. და იყვირა: „ვაი, ბატონო! ნათხოვარი იყო!“
6და თქვა ღვთისკაცმა: „სად ჩავარდა?“ და უჩვენა ადგილი. და მოჭრა ნაფოტი, ისროლა იქითკენ და ამოტივტივდა ცული.
7და თქვა: „ამოიღე.“ და მანაც გაიწოდა ხელი და აიღო.
ელისე ამხელს არამის მეფის განზრახვას
8და ებრძოდა არამის მეფე ისრაელს და თათბირობდა თავის მსახურებთან, ამა და ამ ადგილზე დავბანაკდებიო.
9და შეუთვალა ღვთისკაცმა ისრაელის მეფეს: „მოერიდე ამ ადგილზე გავლას, არამელები არიან შემოპარული.“
10და გზავნიდა ისრაელის მეფე ხალხს იმ ადგილას, რომელზეც ღვთისკაცი ეუბნებოდა და აფრთხილებდა. და არა ერთხელ და ორჯერ გადარჩენილა იქ.
11და შეაშფოთა არამის მეფე ამ ამბავმა, უხმო თავის მსახურთ და უთხრა: „არ მეტყვით, ვინ მიდი-მოდის ჩვენიანებიდან ისრაელის მეფესთან?“
12და თქვა ერთ-ერთმა მსახურთაგან: „არავინ, მეფე-ბატონო. ელისე, ისრაელის წინასწარმეტყველი, ატყობინებს ისრაელის მეფეს ყოველ სიტყვას, რასაც შენს საწოლ ოთახში ლაპარაკობ.“
13და თქვა: „წადით და გაიგეთ, სად არის იგი. ხალხს გავაგზავნი და მოვაყვანინებ.“ და შეატყობინეს: „დოთანში არის.“
14და გაგზავნა იქ ცხენები, ეტლები და დიდძალი ჯარი. და მივიდნენ ღამით და ალყა შემოარტყეს ქალაქს.
15და ადგა დილაადრიანად ღვთისკაცის მსახური, გამოვიდა გარეთ და აჰა, ჯარია ქალაქის ირგვლივ, ცხენები და ეტლები. და უთხრა მისმა მსახურმა ბიჭმა: „ვაი, ბატონო, რა გვეშველება?“
16და თქვა: „ნუ გეშინია, რადგან ჩვენ უფრო ბევრი გვყავს, ვიდრე მათ.“
17და ილოცა ელისემ და თქვა: „უფალო! აუხილე თვალი, რომ დაინახოს.“ და აუხილა უფალმა თვალი მსახურ ბიჭს და მანაც დაინახა: აჰა, სავსეა მთა ელისეს გარშემო ცხენებითა და ცეცხლოვანი ეტლებით.
ელისეს არამელები სამარიისაკენ მიჰყავს
18და დაეშვნენ მისკენ არამელები, და ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: „დააბრმავე ეს ხალხი!“ და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.
19და უთხრა მათ ელისემ: „აქ არ არის გზა და არც ქალაქი. გამომყევით და მიგიყვანთ იმ კაცთან, ვისაც ეძებთ.“ და წაუძღვა სამარიამდე.
20და როცა სამარიაში მივიდნენ, თქვა ელისემ: „უფალო! აუხილე თვალი ამათ, რომ დაინახონ.“ აუხილა უფალმა მათ თვალი და დაინახეს, რომ სამარიაში არიან.
21უთხრა ისრაელის მეფემ ელისეს, როცა დაინახა ისინი: „დავხოცო, ჩემო მამავ?“
22და უთხრა: „არ დახოცო. შენი მახვილით და მშვილდით ხომ არ დაგიტყვევებია, რომ შენ ამოხოცო? მიეცი პური და წყალი. ჭამონ და სვან, და თავიანთ ბატონთან წავიდნენ.“
23და გაუმართა დიდი პურობა. მათაც ჭამეს და სვეს და თავიანთ ბატონთან წავიდნენ. და ამის მეტად აღარ შემოსულან სათარეშოდ ისრაელის ქვეყანაში არამელები.
24ამის შემდეგ შეკრიბა ბენ-ჰადადმა, არამის მეფემ, მთელი თავისი ლაშქარი, წამოვიდა და შემოადგა სამარიას.
25და დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. და სანამ ალყა ჰქონდა შემორტყმული, სახედრის თავი ოთხმოც ვერცხლად იყიდებოდა, ხოლო კაბის მეოთხედი მტრედის სკორე – ხუთ ვერცხლად.
26და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: „მიშველე, მეფე-ბატონო!“
27და უთხრა: „თუ უფალმა ვერ გიშველა, მე როგორ გიშველო? კალოდან თუ საწნახელიდან?“
28უთხრა მას მეფემ: „რა მოგივიდა?“ უთხრა: „ამ ქალმა მითხრა: ‘მომეცი შენი შვილი, დღეს ის შევჭამოთ, ხვალ – ჩემი.’
29და მოვხარშეთ ჩემი შვილი და შევჭამეთ. და ვუთხარი მეორე დღეს: ‘მომეცი ახლა შენი შვილი შევჭამოთ’. მან კი გადამალა თავისი შვილი.“
30და როცა გაიგონა მეფემ ქალის ნათქვამი, შემოიხია სამოსელი და გალავანზე გავიდა. და დაინახა ხალხმა, რომ ჯვალო ემოსა შიშველ ხორცზე.
31და თქვა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც დამმართოს, თუ თავი შერჩეს მხრებზე საღამომდე ელისე შაფატის ძეს.“
32ელისე კი იჯდა თავის სახლში და უხუცესები უსხდნენ გვერდით. და გააგზავნა [მეფემ] თავისგან კაცი, და ვიდრე მოციქული მივიდოდა, ელისემ უთხრა უხუცესებს: „ხედავთ, კაცს მიგზავნის მკვლელის შვილი, რომ თავი მომკვეთოს? იცოდეთ, როცა მოციქული მოვა, ჩაკეტეთ კარი და მაგრად მიაწექით კარს, რომ ვერ შემოვიდეს. აჰა, მისი ბატონის ფეხის ხმაც ისმის მის უკან!“
33და ვიდრე მათ ელაპარაკებოდა აჰა, მოვიდა მოციქულიც, და თქვა ელისემ: „აჰა, რა უბედურება დაგვატეხა უფალმა! რაღას უნდა მოველოდე უფლისგან?“
Currently Selected:
4მეფ. 6: GEO02
Highlight
Share
Compare
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002