YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 4

4
ზეთის სასწაული
1ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა, ტირილით შეჰღაღადა ელისეს: „მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური, და შენ იცი, ღვთისმოშიში იყო შენი მსახური. და მოვიდა მევახშე და ჩემი ორივე ბავშვი მონებად მიჰყავს.“
2და უთხრა ელისემ: „რა გიყო? მითხარი, რა გაქვს სახლში?“ და თქვა: „სახლში არაფერი აქვს შენს მხევალს, გარდა მცირეოდენი ზეთისა.“
3და უთხრა: „წადი და ჭურჭელი ინათხოვრე ყველა მეზობლისაგან, ცარიელი ჭურჭელი. ბევრი დააგროვე.
4მერე მოდი, ჩაიკეტეთ სახლში შენ და შენი შვილები და აავსე ყველა ეს ჭურჭელი. სავსე გვერდზე გადადგი.“
5და წავიდა ქალი და ჩაიკეტა სახლში თავის შვილებიანად. ისინი აწვდიდნენ, თვითონ ასხამდა.
6და როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟიშვილს: „კიდევ მომაწოდე ჭურჭელი.“ და უთხრა: „არ არის მეტი ჭურჭელი.“ და შეწყდა ზეთიც.
7და მივიდა და უამბო ღვთისკაცს. და უთხრა მან: „წადი, გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი. და დანარჩენით თავი ირჩინეთ შენ და შენმა შვილებმა.“
შუნამელი მდიდარი ქალი
8ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ. და ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი. და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხვევდა ხოლმე იქ პურის საჭმელად.
9და უთხრა ქალმა თავის ქმარს: „ნამდვილად ვიცი, რომ წმიდაა ღვთისკაცი, აქეთ რომ დადის ხოლმე.
10მოვუწყოთ მცირე ოთახი ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი. და, როცა ჩვენთან გამოივლის, იქ შევიდეს.“
11ერთ დღესაც გამოიარა მათთან, და შევიდა ზემოთვალში და დაწვა.
12და უთხრა ელისემ გეხაზის, თავის მსახურ ბიჭს: „დაუძახე ამ შუნემელ ქალს“, მანაც დაუძახა და ეახლა ქალი.
13და უთხრა ელისემ მსახურ ბიჭს: „უთხარი მაგას: ‘აჰა, დიდად ზრუნავ-თქო ჩვენზე, რა შემიძლია, რომ გაგიკეთო? იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს?’“ და მიუგო ქალმა: „არა, ჩემს ხალხში ვცხოვრობ.“
14და თქვა: „მაინც რა გავუკეთო?“ და თქვა გეხაზიმ: „მართლა, შვილი არა ჰყავს და ქმარი კი მოხუცია.“
15და თქვა: „დაუძახე.“ და დაუძახა და კართან დადგა ქალი.
16და თქვა: „გაის ამ დროს ჩახუტებული გეყოლება ვაჟიშვილი.“ და თქვა ქალმა: „არა, ჩემო ბატონო, ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მხევალს.“
17და დაორსულდა ის ქალი და წლის სწორზე შვა ძე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისეს.
ელისე აცოცხლებს შუნამელ ბიჭუნას
18და გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან.
19და უთხრა მამას: „ვაი! ვაი, თავი!“ და უთხრა კაცმა მსახურ ბიჭს: „დედას წაუყვანე!“
20და წაიყვანა და მიუყვანა დედას, იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა.
21და ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი, კარი გამოიკეტა და გარეთ გავიდა.
22და დაუძახა ქმარს და უთხრა: „გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი, ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოვბრუნდები.“
23და უთხრა: „რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალმთავრობაა და არც შაბათი.“ თქვა ქალმა: „შენ დადუმდი.“
24და შეკაზმა ქალმა ვირი და უთხრა მსახურ ბიჭს: „წინ წაუძეხი და იარე. და გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანო.“
25და გაემგზავრნენ, და მივიდნენ ღვთისკაცთან, ქარმელის მთაზე. და როცა შორიდან მოჰკრა თვალი ქალს ღვთისკაცმა, უთხრა გეხაზის, თავის მსახურს: „აგერ, ის შუნემელი ქალი.
26აბა, გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე: ‘როგორ ხარ, როგორ არის შენი ქმარი, როგორ გყავს შვილი.’“ და თქვა ქალმა: „მშვიდობით.“
27და მივიდა ქალი ღვთისკაცის მთაზე და ფეხებში მოეჭიდა. მივარდა გეხაზი, რომ მოეშორებინა, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა კი დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის.“
28და თქვა ქალმა: „განა მითხოვნია შვილი ჩემი ბატონისათვის? ხომ ვეუბნებოდი: ტყუილად ნუ დამპირდები-მეთქი“?
29და უთხრა გეხაზის: „სარტყელი შემოირტყი წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. შემხვედრს არავის მიესალმო, და, თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე და სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი.“
30და თქვა ყმაწვილის დედამ: „უფალს და შენს თავს გეფიცები, თავს არ დაგანებებ.“ და ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს.
31მათზე წინ მივიდა გეხაზი და სახეზე არგანი დაადო ბავშვს. არ ისმოდა ხმა და ჩამიჩუმი. და უკან გაბრუნდა მის შესახვედრად და მოახსენა: „არ იღვიძებს ბავშვი.“
32და შევიდა სახლში ელისე და აჰა, მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე.
33და შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.
34და ზემოდან დააწვა ბავშვს. პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან. და გათბა ბავშვის სხეული.
35ერთი გაიარ-გამოიარა სახლში და კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან. შვიდჯერ დააცემინა ბავშვმა და გაახილა თვალი.
36და დაუძახა გეხაზის და უთხრა: „დაუძახე იმ შუნემელს“. და დაუძახა. და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ელისემ: „წაიყვანე შენი შვილი.“
37და მივარდა, ფეხებში ჩაუვარდა და მდაბლად თაყვანისცა. და აიყვანა თავისი შვილი და გავიდა.
38და დაბრუნდა ელისე გილგალს. შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში. წინ დაუსხდნენ წინასწარმეტყველთა ძენი. და უთხრა მსახურ ბიჭს: „დადგი დიდი ქვაბი და კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძეთ.“
39და გავიდა ერთი მათგანი მინდორში მწვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური ხვიარა და დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი. და მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, რადგან არ იცოდნენ.
40და დაუსხეს კაცებს საჭმელად. და როცა ჭამდნენ შეჭამადს, იყვირეს და თქვეს: „სიკვდილია ქვაბში, ღვთისკაცო!“ და ვეღარ შეჭამეს.
41და თქვა: „მომეცით ფქვილი.“ ჩაყარა ქვაბში და თქვა: „დაუსხი ხალხს, ჭამონ“. ცუდი აღარაფერი იყო დარჩენილი ქვაბში.
42და მოვიდა ვიღაც კაცი ბაყალ-შალიშადან და მოუტანა ღვთისკაცს პირველმოწეული პური: ოცი ქერის პური და ნედლი თავთავი გუდით. და თქვა ელისემ: „მიეცი ხალხს, შეჭამონ.“
43და თქვა მისმა მსახურმა: „ეს რა უნდა გაუხდეს ამ ას კაცს?“ და უთხრა: „მიეცი ხალხს, ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: ‘შეჭამენ და კიდეც მორჩებათ.’“
44და მისცა. ჭამეს და კიდეც მორჩათ, უფლის სიტყვისამებრ.

Currently Selected:

4მეფ. 4: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy