YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 18

18
ხიზკიას გამეფება იუდაზე
1ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მესამე წელს გამეფდა ხიზკია, ახაზის ძე, იუდას მეფე.
2ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული.
3სწორს აკეთებდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, აკეთებდა.
4მან გააუქმა გორაკები და დალეწა სვეტები, და აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელის ძენი და ნეხუშთანს უწოდებდნენ.
5უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი. და არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი იუდას მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება.
6და მიეწება იგი უფალს, და არ განდგომია მას, და იცავდა მის მცნებას, მოსეს რომ ამცნო უფალმა.
7და უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. და განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა.
8მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდლიდან ციხე-ქალაქამდე.
9მეფე ხიზკიაჰუს მეოთხე წელს, ეს იყო, ისრაელის მეფის ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელი, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანესერი და ალყა შემოარტყა მას.
10და სამი წლის ბოლოს აიღო იგი, ხიზკიას მეექვსე წელს, ესე იგი, ისრაელის მეფის, ჰოშეაყის, მეცხრე წელს, აღებული იქნა სამარია.
11და გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში.
12იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის, ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მსახურმა, არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.
სანხერიბის შემოჭრა იუდაში
13ხიზკიას მეთოთხმეტე წელს შეუტია აშურის მეფე სანხერიბმა იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი.
14და შეუთვალა ხიზკიამ, იუდას მეფემ, აშურის მეფეს ლაქიშში: „დამნაშავე ვარ, გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ.“ და დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო.
15და გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა.
16იმ ხანად შემოაძრო ხიზკიამ უფლის ტაძრის კარებს და სვეტებს ოქრო, რომლითაც თავად ხიზკიამ, იუდას მეფემ, მოჭედა ისინი, და მისცა აშურის მეფეს.
17და გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიაჰუსთან იერუსალიმში. და წავიდნენ და მივიდნენ იერუსალიმში და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის.
18და დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე – მემატიანე.
19და უთხრა მათ რაბშაკემ: „უთხარით ხიზკიაჰუს: ‘ასე ამბობს დიდი მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?
20ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი?
21დანდობიხარ მაგ გადამტვრეულ ლერწამს, ეგვიპტეს, რომელსაც, თუ კაცი დაეყრდნობა, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
22რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის, იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიაჰუმ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცითო თაყვანი იერუსალიმს?
23ახლა მოდი, და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, თუ მხედრებს იშოვი მათთვის.
24როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მსახურთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?
25მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: ‘შეუტიე მაგ ქვეყანას და გაანადგურე.’“
მოლაპარაკება რაბშაკესთან
26უთხრეს ელიაკიმ ხილკიაჰუს ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: „ელაპარაკე შენს მსახურს არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.“
27და უთხრა მათ რაბშაკემ: „მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი.“
28და დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: „ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა!
29ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიაჰუმ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან.
30ნუ გაიმედებთ ხიზკიაჰუ: გვიხსნის უფალი და არ ჩაუგდებს ამ ქალაქს აშურის მეფესო.
31ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: ‘დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე. ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი,
32სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ უსმენთ ხიზკიაჰუს, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო.
33როდის უხსნიათ ღმერთებს თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
34სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყისა და ყივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
35რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?’“
36და დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისაგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
37და მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე – სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, – მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მას მეფე რაბშაკეს სიტყვები.

Currently Selected:

4მეფ. 18: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in