YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 19

19
ხიზკიაჰუ მიმართავს ესაიას
1როცა გაიგონა ხიზკიაჰუმ, ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში მივიდა.
2და გაგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ძაძებით მოსილი მღვდელმთავრები წინასწარმეტყველ ესაისთან, ამოცის ძესთან.
3და უთხრეს: „ასე ამბობს ხიზკიაჰუ: ‘გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
4ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან ცოცხლები.’“
5და მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან.
6და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ‘ასე ამბობს უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
7მოვუვლენ სულს და მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. და მისსავე ქვეყანაში მახვილით დავცემ.’“
8და დაბრუნდა რაბშაკე და აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა იგი.
9თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო. უთხრეს: „აჰა, შენთან საომრად გამოვიდა.“ და ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ:
10„ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: ‘არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში.
11ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?
12აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავისი ხალხი, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი, რეცეფი, ყედენიანები, თელასარში რომ არიან?
13სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაყისა და ყივას მეფე?’“
ხიზკიაჰუს ლოცვა
14და გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულს, და წაიკითხა, და ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი.
15და ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: „უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე ამხედრებულო! შენა ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა.
16ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე და დაინახე, ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა.
17მართალია, უფალო, მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები,
18და ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით ნაკეთები საგნები იყო.
19აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი.“
უფალი პასუხობს წინასწარმეტყველ ესაიას პირით
20და შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: „ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
21ეს არის, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: ‘დაგცინის, გამასხრებს ქალწული, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
22ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა? და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე!
23შენი მოციქულების პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე, და გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ნაძვები, და შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში,
24და ამოვთხარე და შევსვი უცხო წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები.
25ნუთუ არ გსმენია, რომ ეს ძველთაგანვე გავამზადე? რომ წინა დღეებში გაწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
26მათი მცხოვრებნი დაძაბუნდნენ, და შეშინდნენ და სირცხვილში არიან, მინდვრის ბალახივით შეიქმნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
27ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ როგორ მედიდგულები.
28იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ,
29და ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს – ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, და ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი.
30კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და მაღლა გამოიღებს ნაყოფს.
31რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი, და ნატამალი – სიონის მთიდან. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
32ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს.
33უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა. და ვერ შევა ამ ქალაქში,’ – ამბობს უფალი, –
34‘მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის.“
35იმ ღამით იყო, რომ გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. და ადგნენ დილით, და აჰა, მკვდარი იყო ყველა.
36და აიყარა, და წავიდა, და გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში.
37ერთხელ, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს იგი ადრამელებმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა.

Currently Selected:

4მეფ. 19: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in