YouVersion Logo
Search Icon

4მეფ. 17

17
ჰოშეაყის გამეფება ისრაელზე
1იუდას მეფის, ახაზიას, მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი.
2და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
3მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და გახდა ჰოშეაყი მისი მსახური და უხდიდა ხარკს.
4და შეამჩნია აშურის მეფემ ჰოშეაყში ღალატი, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი ეგვიპტის მეფე სოს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. და დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა.
5და წამოვიდა აშურის მეფე მთელ ქვეყანაზე, მოადგა სამარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
6ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა.
7და როცა შესცოდეს ისრაელის ძეთ უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის, ხელიდან, და თაყვანისცემა დაუწყეს უცხო ღმერთებს,
8და აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ,
9და იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელის ძეთ უფალზე, თავიანთ ღმერთზე, და გამართეს გორაკები ყველა ქალაქში, საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე,
10და დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ,
11და საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ბოროტს აკეთებდნენ უფლის გასაჯავრებლად,
12და ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს, ნუ გააკეთებთო ამ საქმეს,
13აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისანის პირით: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით.“
14არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი.
15და შეიძულეს მათი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ. და მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. და წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
16და დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის, მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულება, და გააკეთეს აშერა, და თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაყალს ემსახურებოდნენ.
17და ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ ბოროტის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად,
18მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა.
19არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღვთის, მცნებებს და ისრაელის ძეთა წესებს მისდევდა, როგორც ისინი იქცეოდნენ.
20და შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, და მოდრიკა იგი, და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან.
21და როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობყამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობყამმა ისრაელი უფალს და დიდად აცთუნა.
22და დადიოდნენ ისრელის ძენი იერობყამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ,
23ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მსახურთა – წინასწარმეტყველთა – პირით. და გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე.
ახალმოსულთა ჩასახლება ისრაელის ქალაქებში
24და აიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. და დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
25არ ეშინოდათ უფლისა იქ ცხოვრების პირველ ხანებში; და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ.
26და უთხრეს აშურის მეფეს: „ხალხმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მან მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.“
27და ბრძანა აშურის მეფემ: „გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.“
28და წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ, როგორ უნდა შინებოდათ უფლისა.
29და თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგეს გორაკთა სახლებში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა,
31ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი. ხოლო სეფარვიმელნი ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისთვის და ყანამელექისათვის, სეფარიმის ღმერთებისთვის.
32და ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში.
33უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
34და დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, კანონებს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი ეწოდა სახელად,
35და დაუდო აღთქმა და ამცნო: „ნუ გეშინიათ უცხო ღმერთებისა, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.
36მარტოოდენ უფლის, რომელმაც დიდი ძალითა და გაწვდილი მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, გეშინოდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
37და მუდამდღე იცავდეთ წესებს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
38ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებისა ნუ გეშინიათ.
39მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.“
40მაგრამ არ ეშინოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ.
41ამ ხალხებს უფლისაც ეშინოდათ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ისე იქცევიან მათი შვილები და შვილიშვილები.

Currently Selected:

4მეფ. 17: GEO02

Highlight

Share

Compare

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in