YouVersion Logo
Search Icon

1იოან. 2

2
ქრისტე – შუამდგომელი მამის წინაშე
1შვილნო ჩემნო, ამას გწერთ იმისათვის, რომ არ შესცოდოთ. ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, გვყავს შუამდგომელი მამის წინაშე მართალი იესო ქრისტე.
2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი სოფლის ცოდვების მიმტევებელი.
3იმით გავიგებთ, რომ შევიცანით იგი, თუ დავიცავთ მის მცნებებს.
4ვინც ამბობს: შევიცანიო იგი და მის მცნებებს არ იცავს, ცრუა და არ არის მასში ჭეშმარიტება.
5ხოლო ვინც იცავს მის სიტყვას, მასშია ჭეშმარიტად აღსრულებული ღვთის სიყვარული. ამით ვუწყით, რომ მასში ვართ.
6ვინც ამბობს, რომ მასში რჩება, ისევე უნდა მოიქცეს, როგორც ის იქცეოდა.
ვისაც უყვარს ძმა, იგი ნათელშია
7საყვარელნო! გწერთ არა ახალ მცნებას, არამედ ძველ მცნებას, რომელიც დასაბამიდან გქონდათ. ძველი მცნება არის ის სიტყვა, რომელიც ისმინეთ დასაბამიდან.
8ამასთანავე გწერთ ახალ მცნებასაც, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც. რადგან ბნელი მიდის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ბრწყინავს.
9ვინც ამბობს, რომ ნათელშია, თავისი ძმა კი სძულს, იგი კვლავ ბნელში იმყოფება.
10ვისაც თავისი ძმა უყვარს, იგი ნათელში რჩება და საცდური არ არის მასში.
11ის კი, ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელში იმყოფება და ბნელში დადის და არ იცის, საით მიდის, ვინაიდან სიბნელემ დაუბრმავა თვალები.
მამანო, ჭაბუკნო, ყრმანო…
12თქვენ გწერთ, შვილნო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელისთვის.
13თქვენ გწერთ, მამანო, რადგან შეიცანით ის, რომელიც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს.
14მე მოგწერეთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან თქვენ შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს.
ნუ შეიყვარებთ სოფელს
15ნუ შეიყვარებთ სოფელს, ნურც იმას, რაც სოფელშია. ვისაც სოფელი უყვარს, მასში არ არის მამის სიყვარული.
16ვინაიდან ყოველივე, რაც სოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, სოფლისაგან არის.
17გადადის სოფელი და მისი გულისთქმაც, ღვთის ნების აღმსრულებელი კი რჩება უკუნისამდე.
ანტიქრისტე
18ყრმანო, უკანასკნელი ჟამია და, როგორც მოისმინეთ, რომ მოდის ანტიქრისტე და ახლაც მრავლად არიან ანტიქრისტეები, ამით ვიცით, რომ უკანასკნელი ჟამია.
19ისინი ჩვენგან გავიდნენ, თუმცა ჩვენგანნი არ ყოფილან, ვინაიდან ჩვენგანნი რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთანვე დარჩებოდნენ. მაგრამ ამით გახდა ცხადი, რომ ყველანი როდი არიან ჩვენგანნი.
20თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი.
21იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, რომ იცით იგი და ისიც, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის.
22ვინ არის ცრუ, თუ არა იგი, ვინც უარყოფს, რომ იესო არის ქრისტე? იგი ანტიქრისტეა, მამისა და ძის უარმყოფელი.
23ყოველი, ვინც ძეს უარყოფს, არც მამა ჰყავს. ხოლო ვინც აღიარებს ძეს, მამაც ჰყავს.
24ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან. და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში.
25ხოლო აღთქმა, რომელიც მან აღგვითქვა, საუკუნო სიცოცხლეა.
26ეს მოგწერეთ თქვენს მაცდუნებელთა შესახებ.
27ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს. და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით.
28აბა, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვქონდეს გაბედულება და არ შერცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას.
29თუ იცით, რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი.

Currently Selected:

1იოან. 2: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy