YouVersion Logo
Search Icon

1იოან. 3

3
ახლა ღვთის შვილები ვართ
1ნახეთ, როგორი სიყვარული მოგვცა მამამ, რათა გვეწოდოს და ვიყოთ ღვთის შვილნი. სოფელი იმიტომ არ გვიცნობს ჩვენ, რომ არ შეიცნო იგი.
2საყვარელნო! ამიერიდან ღვთის შვილნი ვართ, ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულა, რანი ვიქნებით. ვიცით, რომ როცა გამომჟღავნდება, მისი მსგავსნი ვიქნებით, რადგან ვიხილავთ მას, როგორიც არის.
3ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მისი, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
ღვთისაგან შობილი არ სცოდავს
4ყოველი ცოდვის ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის და ცოდვა ურჯულოებაა.
5თქვენ იცით, რომ იგი გამოჩნდა, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.
6ყოველი, ვინც რჩება მასში, არ სცოდავს. ვერც ერთი შემცოდე ვერ იხილავს და ვერ შეიცნობს მას.
7შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ. სიმართლის მოქმედი მართალია ისევე, როგორც ის არის მართალი.
8ცოდვის ჩამდენი ეშმაკისგან არის, რადგან თავდაპირველად ეშმაკმა შესცოდა. ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.
9ყოველი, ვინც ღვთისაგან არის შობილი, არ სჩადის ცოდვას, ვინაიდან მისი თესლი იმყოფება მასში და არ ძალუძს შეცოდება, ვინაიდან ღვთისაგან არის შობილი.
10ამით შეიცნობიან ღვთის შვილნი და ეშმაკის შვილნი: ყოველი, ვინც არ იქმს სიმართლეს, იგი არ არის ღვთისაგან, და არც ის, ვისაც თავისი ძმა არ უყვარს.
ძმათმოყვარეობა
11რადგან ეს არის უწყება, რომელიც დასაბამიდან მოისმინეთ, რათა გვიყვარდეს ერთმანეთი.
12ისე კი არა, როგორც კაენს, რომელიც ბოროტისაგან იყო და მოკლა თავისი ძმა. მერედა რისთვის მოკლა? იმისათვის, რომ მისი საქმენი ბოროტი იყო, ხოლო მისი ძმისა – მართალი.
13ნუ გაგიკვირდებათ, ძმანო, თუ სძულხართ სოფელს.
14ჩვენ ვიცით, რომ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით, რადგან გვიყვარს ძმები. ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება.
15ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია. ხოლო თქვენ იცით, რომ არც ერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე, რომელიც მასშია.
16ამით შევიცანით სიყვარული, რომ მან საკუთარი სული გაწირა ჩვენთვის და ჩვენც უნდა გავწიროთ სულები ძმათათვის.
17ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, ძმას კი გაჭირვებაში ხედავს და მისგან კეტავს თავის გულს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული?
მცნება სიყვარულზე
18ჩემო შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.
19ამით გავიგებთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიწყნარებთ გულს.
20ვინაიდან, თუ ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის.
21საყვარელნო! თუ ჩვენი გული არ გვდებს მსჯავრს, კადნიერება გვაქვს უფლის მიმართ.
22რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და ვიქმთ მის წინაშე მოსაწონს.
23ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გადმოგვცა მცნება.
24მისი მცნებების დამცველი რჩება მასში, ის კი – მასში. ის რომ ჩვენში რჩება, გავიგებთ სულით, რომელიც მან მოგვცა.

Currently Selected:

1იოან. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy