Amos 9
9
1ვიხილე უფალი, საკურთხეველთან მდგარი, და მითხრა: დაჰკარი ბუღაურებს, რომ შეირყეს ზღურბლი და თავზე დაამხე მათ ყველას; მათ უკანასკნელს კი მე მოვსრავ მახვილით, გამქცევი ვერსად გაიქცევა და მათგან ვერავინ გადარჩება. 2შავეთშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან; 3ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი მათ და შევიპყრობ; ჩემს თვალსაც რომ მიეფარნენ ზღვის ფსკერზე, იქ ვუბრძანებ გველებს და დაკბენენ მათ; 4ტყვედაც რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, ვუბრძანებ მახვილს, რომ იქ ამოხოცოს ისინი. თვალს დავადგამ მათ ავბედითად, და არა სასიკეთოდ. 5უფალი, ცაბაოთ ღმერთი თუ შეეხო მიწას, დადნება იგი და ატირდება ყოველი მისი მკვიდრი; აიწევს მაღლა ნილოსივით და დაბლა დაიწევს ეგვიპტის მდინარესავით. 6ცაში ააგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა; მოუხმობს ზღვის წყლებს და მიუღვრის მათ მიწის ზედაპირს. უფალია მისი სახელი. 7განა ქუშელებივით არა ხართ ჩემთვის, ისრაელიანებო? – ამბობს უფალი. განა ისრაელი არ ამოვიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, როგორც ფილისტიმელნი ქაფთორიდან და არამელნი კირიდან? 8აჰა, უფალი ღმერთის თვალი ცოდვილ სამეფოზეა, და აღვგვი მას პირისაგან მიწისა, ოღონდ საბოლოოდ არ აღვგვი იაკობის სახლს, – ამბობს უფალი. – 9რადგან აჰა, ვბრძანებ და გავცხრილავ ისრაელის სახლს ყველა ხალხს შორის, როგორც ხორბალი იცხრილება. და ერთი მარცვალიც არ დავარდება მიწაზე. 10მახვილით მოკვდება ყველა ცოდვილი ჩემს ერში, რომლებიც ამბობენ, არ დააჩქარებო, არ მოაწევო ჩვენზე უბედურებას.
11იმ დღეს აღვმართავ დავითის დამხობილ სახლს; გარღვეულს შევკრავ, დანგრეულს გავამთელებ და ისე აღვადგენ, როგორც ძველ დროში იყო.#საქ 15:16-18. 12რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ხალხს, რომელთა შორისაც ჩემი სახელი იხსენიება, – ამბობს უფალი ღმერთი, ამის მოქმედი. 13აჰა, დადგება დრო, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი თავს წაადგება მომკელს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ბადაგად დაიღვრებიან მთები და გორაკები ჩამოდნებიან. 14დავაბრუნებ ტყვეობიდან ჩემს ერს, ისრაელს; ააშენებენ გაუკაცურებულ ქალაქებს და დასახლდებიან; ჩაყრიან ვაზს და დალევენ მის ღვინოს, გააშენებენ ბაღებს და შეჭამენ მათ ხილს. 15დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე, და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, – ამბობს უფალი, შენი ღმერთი.
Currently Selected:
Amos 9: ქბსვ
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© 2012 გაერთიენებული ბიბლიური საზოგადოებების საქართველოს წარმომადგენლობა