YouVersion Logo
Search Icon

Obadiah 1

1
1ხილვა აბდიასი. ასე ამბობს უფალი ღმერთი ედომზე: ხმა მოგვწვდა უფლისაგან და მაცნე დაეგზავნათ ხალხებს: ადექით, გავიდეთ ედომის წინააღმდეგ საბრძოლველადო! –#ესა 34:5-17; 63:1-6; იერ 49:7-22; ეზკ 25:12-14; 35:1-15; ამო 1:11,12; მიქ 1:2-5. 2აჰა, დაგამცირებ ხალხთა შორის და აბუჩად აგიგდებს ყველა! 3შენმა გულზვაობამ დაგაბრმავა. კლდეთა ნაპრალებში დასახლებულხარ, მაღალზეა შენი სადგომი. გულში ამბობ: ვინ ჩამომაგდებსო ძირს? 4ორბივით მაღლა აჭრილხარ, მაგრამ ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ, – ამბობს უფალი. – 5ქურდებიც რომ დაგცემოდნენ თავს, ანდა ყაჩაღები ღამით – ასე როგორ გაჩანაგდებოდი?! განა ისინი, მხოლოდ თავის სამყოფს არ მოიპარავდნენ? მერთვლენი რომ შემოგსეოდნენ, ორიოდე კუფხალს ისინიც დაგიტოვებდნენ. 6როგორ გაძარცულა ესავი, გაუხვეტავთ მისი საგანძურები! 7გიმუხთლებს ყველა შენი მოკავშირე და საზღვრებს იქით გაგრეკავენ ისინი; შენი მოზავენი გაბატონდებიან შენზე; შენს პურზე გამოზრდილნი დაგიგებენ მახეს. სად არის მისი გონიერება ახლა? 8განა ეს იმავე დღეს არ მოხდება, – ამბობს უფალი, – როცა ბრძენკაცებს მოვსპობ ედომში და გონიერებას – ესავის მთაზე? 9შედრკებიან შენი მებრძოლები, თემან, რადგან ხოცვა-ჟლეტით მოვსპობ კაცის სახსენებელს ესავის მთაზე.
10რადგან უმოწყალოდ მოექეცი შენს ძმას, იაკობს, სირცხვილი დაგფარავს და სამუდამოდ გადაშენდები. 11იმ დღეს, როცა განზე გაუდექი, მაშინ როცა უცხო თესლი შეიჭრა მის კარიბჭეში და წილი ჰყარა იერუსალიმზე, როცა უცხოტომელებმა ხელთ იგდეს მისი ქონება, შენც ერთი იმათგანი იყავი! 12არ უნდა გეხარა შენი ძმის უბედურების დღეს; იუდაელი ხალხის დაღუპვის დღეს არ უნდა გეხარა; და არც უნდა გეცინა მათი ჭირ-ვარამის დღეს. 13არ უნდა შეჭრილიყავი ჩემი ერის კარიბჭეში მისი დაღუპვის დღეს. არ უნდა გემხიარულა მათ ტანჯვაზე მისი დაღუპვის დღეს, ხელი არ უნდა გაგეწოდა მის ქონებაზე მისი დაღუპვის დღეს. 14დასაღუპად არ უნდა ჩასაფრებოდი მის ლტოლვილებს გზაჯვარედინებზე, და გადარჩენილები მტრის ხელში არ უნდა ჩაგეყარა იმ ჭირ-ვარამის დღეს.
15აჰა, ახლოა უფლის დღე ყველა ხალხისათვის. როგორც იქცეოდი, ისე მოგექცევიან და შენი ნამოქმედარი შენვე მოგიბრუნდება. 16რა სასმისიც თქვენ შესვით ჩემს წმიდა მთაზე, იმავეს შესვამს ყოველი ხალხი თქვენს ირგვლივ; შესვამს და შთაინთქმებიან, თითქოს არც ყოფილიყვნენ.
17მაგრამ, მოვა ხსნა სიონის მთაზე და წმიდა ადგილი იქნება იგი. თავის სამკვიდრებელს დაიმკვიდრებს იაკობის სახლი. 18იაკობის სახლი ცეცხლი იქნება და იოსების სახლი – ალი, ხოლო ესავის სახლი – ნამჯა. გადასწვავენ და შთანთქავენ მას. ვერავინ გადარჩება ესავის სახლიდან, რადგან უფალმა ბრძანა. 19ნეგებელნი დაიმკვიდრებენ ესავის მთას, ხოლო შეფელას მკვიდრნი – ფილისტიმელთა ქვეყანას. ისინი დაიმკვიდრებენ ეფრემის მხარეს და სამარიის მხარეს, ხოლო, ბენიამინი – გალაადს. 20ხალახში მცხოვრებ ისრაელიანთა განთესილი ერი ცარეფათამდე დაიმკვიდრებს ქანაანს, სეფარადში განთესილი იერუსალიმის მკვიდრნი კი ნეგების ქალაქებს დაიმკვიდრებენ. 21ავლენ გამარჯვებულნი სიონის მთაზე ესავის მთის განსასჯელად და უფლისა იქნება მეფობა.

Currently Selected:

Obadiah 1: ქბსვ

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy