Sirach (Ecclesiasticus) 29
29
1ვინც სესხს აძლევს მოყვასს, წყალობას გასცემს და ვინც ხელს უმართავს მას, მცნებათა დამცველია. 2როდესაც უჭირს, ასესხე მოყვასს და თავადაც დროზე დაუბრუნე ვალი. 3სიტყვის პატრონი იყავი, უერთგულე მას და ყოველთვის იპოვი, რაც გჭირდება. 4ბევრმა მიიჩნია სესხი ნაპოვნად და შავ დღეში ჩაყარა ხელის გამმართავნი. 5ვიდრე მიიღებდეს, ხელებს დაუკოცნის მწყალობელს, ახლობლის ფულზე ლაპარაკისას ხმას დაიდაბლებს, გადახდისას კი ვადას გააჭიანურებს, დაუდევრად უპასუხებს და დროს მოიმიზეზებს. 6თუ გადახდაზე მიდგა საქმე, ნახევარს ძლივს მიუტანს და იმასაც დაამადლის; ხოლო თუ გადახდის თავი არა აქვს, გამსესხებელს დაუკარგავს თავისი ფული და სრულიად უმიზეზოდ მტერიც კი შეუძენია, რადგანაც ლანძღვით აიკლებენ და სიძულვილს მიაგებენ პატივისცემის სანაცვლოდ. 7ამგვარი ვერაგობის გამო ბევრი თავს არიდებს სესხის გაცემას, რომ ტყუილად არ იზარალოს. 8და მაინც, ღარიბის მიმართ სულგრძელი იყავ და მოწყალებას ნუ დაუგვიანებ. 9მცნების გულისთვის შეეწიე გლახაკს და გაჭირვებულს ხელცარიელს ნუ გაისტუმრებ. 10ნუ დაზოგავ ვერცხლს ძმის და მეგობრის გულისთვის და ნუ გასწირავ მას ლოდის ქვეშ დასაჟანგავად. 11შენი საუნჯე ისე შეინახე, როგორც გამცნო უზენაესმა; და ოქროზე მეტ სარგებელს მოგიტანს. 12რის გაცემასაც სამოწყალოდ აპირებ, შენს საგანძურში დადე და შეგეწევა უბედობისას. 13მტკიცე ფარსა და ბასრ შუბზე უკეთ დაგიცავს მტრებისაგან.
14კეთილი კაცი თავმდებად დაუდგება მოყვასს, უტიფარი კი მიატოვებს. 15ნუ დაუკარგავ თავმდებობის მადლს, რადგან სიცოცხლე არ დაიშურა შენთვის. 16თავმდების კეთილდღეობას დააქცევს ცოდვილი და უმადური თავის მხსნელს მიატოვებს. 17თავმდებობამ ბევრი შეძლებული კაცი დაღუპა და ზღვის ტალღასავით წალეკა. 18სახლიდან გაყარა მხნენი და უცხო ტომებში ახეტიალა. 19თავმდებობის მტვირთველი და მოგებას დახარბებული ცოდვილი თავს ვერ დააღწევს მსჯავრს. 20შეძლებისამებრ შეეწიე მოყვასს და ფრთხილად იყავი, რომ შენც გასაჭირში არ ჩავარდე.
21სიცოცხლისათვის მთავარია წყალი და პური, სამოსელი და სახლი, სიშიშვლის დამფარველი. 22ღატაკს თავისი ქოხი ერჩიოს უცხოთა უხვ სუფრაზე ღრეობას. 23ცოტას ისევე დასჯერდი, როგორც ბევრს და აღარ დაგაყვედრიან, როგორც გადამთიელს. 24მწარეა კარდაკარ მოხეტიალის სიცოცხლე; სადაც შეგიხიზნებენ, კრინტსაც ვერ დასძრავ. 25რომც ასვა და აჭამო ვინმეს, არც დაგიმადლებს, მწარე სიტყვას პირში მოგახლის: 26მოდი აქ, გადამთიელო, სუფრა გამიწყვე, და თუ რამე გაქვს, მიმასპინძლე! 27აბა, აიბარგე, გადამთიელო, ადგილი და უთმე საპატიო კაცს: ძმა მესტუმრა და სახლი მჭირდება. 28რა სამძიმოა მგრძნობიარე კაცისთვის, როცა ჭერსა და სესხს ამადლიან.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 29: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013