YouVersion Logo
Search Icon

Sirach (Ecclesiasticus) 28

28
1შურისმგებელს სანაცვლოს მიაგებს უფალი, რომელიც არ დაივიწყებს მის ცოდვებს. 2მიუტევე შენს მოყვასს უსამართლობა, რათა ლოცვისას შენც მოგეტეოს შენი ცოდვები. 3ადამიანი ადამიანზე მრისხანებს და უფლისაგან კი ეძებს განკურნებას. 4ადამიანს თავისი მსგავსი არ ებრალება და საკუთარ ცოდვათა მიტევებისთვის კი ლოცულობს. 5თვით ხორციელი დაბოღმილია და ვინღა გაწმენდს ცოდვებისაგან? 6გახსოვდეს აღსასრული და მოეშვი მტრობას; გახსოვდეს ხრწნა და სიკვდილი და აღასრულე მცნებანი. 7გახსოვდეს მცნებანი და ნუ ურისხდები მოყვასს; გახსოვდეს უზენაესის აღთქმა და შეიძულე უგუნურება. 8ერიდე ჩხუბს და შეიმცირებ ცოდვებს, რადგანაც ჩხუბს გულფიცხი კაცი ტეხს. 9ცოდვილი კაცი მეგობრებში შფოთს თესავს და შუღლს ჩამოაგდებს იქ, სადაც მშვიდობა სუფევს. 10როგორიცაა შეშა, ისეთი დაინთება ცეცხლიც; როგორიცაა ჩხუბის საბაბი, ისეთი ატყდება ჩხუბიც; როგორიცაა კაცის ძალა, ისეთივეა მისი რისხვაც, და რაც მეტი სიმდიდრის პატრონია, მით უფრო მრისხანებს იგი. 11ფიცხელი შუღლი ცეცხლს აღაგზნებს, ფიცხელ ჩხუბში კი სისხლი დაიღვრება.
12ნაპერწკალს შეუბერავ და გაღვივდება, დააფურთხებ და ჩაქრება; ორივე შენი პირიდან გამოდის. 13წყეულიმც იყოს ორპირი და ცილისმწამებელი, რადგანაც ბევრი მშვიდობიანი ხალხი დაღუპეს. 14მესამე ენამ ბევრს გამოუთხარა ძირი და ხალხიდან ხალხში დაუწყო დევნა, მკვიდრად ნაშენები ქალაქები დააქცია და დიდებულთა სახლები დაამხო. 15მესამე ენამ სათნო ქალები განდევნა და თავიანთი ნაღვაწი დააკარგვინა. 16ვერ ჰპოვებს მოსვენებას მისი მსმენელი და ვერ ეღირსება სიმშვიდეს. 17შოლტის ცემა იარას აჩენს, ენით ცემა კი ძვლებს შემუსრავს. 18მრავალნი მოისრნენ მახვილით, მაგრამ უმეტესნი – ენით. 19ნეტავი იმას, ვინც თავი დაიცვა მისგან, განერიდა მის სიშმაგეს, არ ათრია მისი უღელი და მისი ბორკილით არ შეიბოჭა. 20რადგანაც მისი უღელი რკინის უღელია და მისი ბორკილი – ბრინჯაოსი. 21სიკვდილი მძვინვარეა – სიკვდილი მისი და თვით ჯოჯოხეთიც უმჯობესია მასზე. 22ხელი არა აქვს ღვთისმოსავებთან და ვერ დადაგავს მათ თავისი ალით. 23უფლისგან განდგომილთ კი დასცემს, მათ შორის იფეთქებს და აღარ ჩაქრება; ლომივით თავს დაესხმის და ჯიქივით მუსრს გაავლებს მათ. 24მაშ, ძეძვი შემოავლე შენს ავლადიდებას და შეკარი შენი ოქრო-ვერცხლი. 25სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს, კარი შეაბი და ურდულით ჩაკეტე პირი. 26ფრთხილად იყავი, რომ შენი სიტყვით არ წაიფორხილო და ბოროტმზრახველის წინ არ დაეცე.

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in