Sirach (Ecclesiasticus) 30
30
1ვისაც თავისი შვილი უყვარს, ხშირად გაწკეპლოს, რათა ბოლოს გაიხაროს მისი წყალობით. 2შვილის მწვრთნელს შეწევნა არ მოაკლდება მისგან და ნაცნობებში თავს მოიწონებს. 3შვილის მწვრთნელი შურს აღძრავს მტერში, მეგობრებში კი მისით იხარებს. 4აღესრულა მამა და თითქოს არც მომკვდარიყოს, რადგანაც დატოვა თავისი მსგავსი. 5სიცოცხლეში მას შეჰხაროდა და არც სიკვდილის ჟამს დამწუხრებულა, 6რადგანაც დატოვა მტრების შურისმგებელი და მეგობრებისთვის – მადლის მიმგები. 7ვინც შვილს ანებივრებს, ცივ ნიავს არ აკარებს და მის ყოველ წამოტირებაზე შეუქანდება გული. 8უხედნი ცხენი თავნებაა, უწვრთნელი შვილი კი – თავგასული. 9ელოლიავე შვილს და გაგამწარებს, ეთამაშე და ურვად გექცევა. 10ნუ იცინებ მასთან, რათა მასთანვე არ იტანჯო და კბილები არ აღრჭიალო. 11თავის ნებაზე ნუ მიუშვებ სიჭაბუკეში. 12გვერდები დაუჟეჟე, ვიდრე ნორჩია, თორემ გაკერპდება და ვეღარ დაიმორჩილებ. 13აღზარდე და წვრთნას ნუ მოაკლებ, რათა ბოლოს თავშისაცემი არ გაგიხდეს მისი უხამსობა. 14ტანმრთელი და ჯან-ღონით სავსე ღატაკი სჯობს დაძაბუნებულ მდიდარს. 15სიმრთელე და სიჯანსაღე მთელი ქვეყნის ოქროსა სჯობს, მრთელი სხეული კი – აურაცხელ სიმდიდრეს. 16ვერავითარი სიმდიდრე ვერ შეედრება ჯანსაღ სხეულს, ვერავითარი სიხარული – გულის სიხარულს. 17არმად ქცეულ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს და გაჭიანურებულ სნეულებას – საუკუნო განსვენება.
18გინდ მოკუმულ პირთან მიგიტანია სიტკბო და გინდ საფლავზე – სანოვაგე. 19რას არგებს კერპს მსხვერპლი? ვერც შეჭამს და ვერც დაყნოსავს. ასეა უფლის მიერ დევნილიც. 20მისჩერებია და გმინავს, როგორც საჭურისი, ქალწულს რომ ეხვევა და კვნესის. 21ნუ მიეცემი მწუხარებას და თავს ნუ გაიწამებ შენივე ნებით. 22გულის სიხარული ადამიანის სიცოცხლეა და კაცის ლხენა – დღეგრძელობა მისი. 23გიყვარდეს სული, ანუგეშე გული შენი და უკუაგდე მწუხარება, რადგანაც წუხილი ფუჭია და მრავლის დამღუპველი. 24შური და რისხვა დღეებს ამოკლებენ, საზრუნავი კი ნაადრევად აბერებს კაცს. 25წმინდა და კეთილი გული თვითონვე ზრუნავს თავის საზრდელზე.
Currently Selected:
Sirach (Ecclesiasticus) 30: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013