Exodus 35
35
1და შეკრიბა მოსემ ისრაელიანთა მთელი თემი და უთხრა მათ: „აჰა, სიტყვები, რომელნიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად:
2ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის – უფლის დასვენების შაბათი. ყველა, ვინც ამ დღეს გააკეთებს საქმეს, მოკვდეს. 3ცეცხლსაც ნუ დაანთებთ თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს.“
4და უთხრა მოსემ ისრაელიანთა მთელ თემს: „აჰა, სიტყვა, რომელიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად: 5გაიღეთ ძღვენი უფლისათვის. ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს საუფლო ძღვენი – ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო, 6ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი და თხისური. 7ვერძის დათრიმლული ტყავი და გამოყვანილი ტყავი, აკაციის ხე, 8სალამპრე ზეთი, სურნელებანი მირონისათვის და საკმევლისათვის, 9სარდიონის თვლები და ეფოდისა და სამკერდულის მოსაოჭავი თვლები.
10და ყველა გაწაფული ოსტატი, ვინც კი არის თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყველაფერი, რაც ბრძანა უფალმა: 11სავანე, მისი კარავი და მისი საფარველი, მისი დუგმები და მისი კეტები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. 12კიდობანი და მისი კეტები, სარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა. 13ტაბლა თავისი კეტებით და ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პურები. 14სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, და მისი კანდელები და ზეთი სანათებლად. 15საკმევლის სამსხვერპლო თავისი კეტებით, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი, და ფარდა სავანის შესასვლელისთვის. 16სამსხვერპლო სრულადდასაწველისა და მისი ბადე ბრინჯაოსი, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, საბანელი და მისი კვარცხლბეკი, 17ეზოს ფარდები, მისი სვეტები და მათი კვარცხლბეკები, ეზოს კარიბჭის ფარდა. 18სავანის პალოები და ეზოს პალოები და მათი საბელები. 19საწესო სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელი აარონ მღვდლისათვის და მის ძეთათვის.“
20და გამოვიდა ისრაელიანთა თემი მოსესგან. 21და მოვიდა ყოველი კაცი, ვისაც კი გულმა გაუწია და თითოეული, ვინც კი სულით აღიძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და სამსახურებელი შესამოსელისთვის. 22და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველგვარი ნივთი ოქროსი. თითოეულს თავისი წილი შესაწირავი ოქრო მიჰქონდა უფლისათვის. 23და ყველას, ვისაც კი ჰქონდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი, ბისონი, თხისური და ვერძთა დათრიმლული ტყავი მოჰქონდა. 24ყველას, ვისაც კი შეეძლო ვერცხლის ან ბრინჯაოს შეწირვა, მიჰქონდა უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც კი ჰქონდა აკაციის ხეები რაიმე საქმისათვის გამოსაყენებლად, მოჰქონდა. 25ყველა მარჯვე დედაკაცს, ვისაც კი ნართის რთვა შეეძლო თავისი ხელით, მოჰქონდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართი და ბისონი. 26და ყოველი დედაკაცი, ვისაც გული მიუწევდა და გაწაფული იყო, ართავდა თხისურს. 27მთავრებს მოჰქონდათ სარდიონის ქვები და ძვირფასი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის, 28სურნელება და სანათებელი ზეთი და ზეთი მირონისათვის და სურნელოვანი საკმევლისათვის. 29ისრაელიანებს, კაცსა თუ ქალს, ვისაც კი გული უწევდა მიეტანა ყოველი იმ საქმისათვის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს პირით, უხვად მოჰქონდათ ნებაყოფლობითი ძღვენი უფლისათვის.
30და უთხრა მოსემ ისრაელიანთ: შეხედეთ, მოუხმო უფალმა სახელით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან. 31და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გამჭრიახობით, ცოდნით და ყოველი ხელოვნების უნარით, 32ოსტატურად რომ შეძლოს ოქროზე, ვერცხლსა და ბრინჯაოზე მუშაობა, 33მოსაოჭველი ქვების გათლა და ხეზე კვეთა, რათა შეასრულოს ყოველგვარი სახელოვნო საქმე. 34და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და ოჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. 35აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე მეჩუქურთმისა და გაწაფული მქსოველისა და მქარგავისა ცისფერ, ძოწეულ, ჭიაფერ ნართზე და ბისონზე. და ეკეთებინათ ყოველგვარი საქმე ოსტატისა და ხელოვნისა.
Currently Selected:
Exodus 35: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013