Exodus 36
36
1ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა გაწაფულ ოსტატს უფალმა მიანიჭა სიბრძნე და გამჭრიახობა, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ საწმიდრის ყველა სამუშაო, ყველაფერი ისე, როგორც უფალმა ბრძანა.
2და მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბს და ყველა გაწაფულ ოსტატს, რომელთაც უფალმა უნარი მისცა, ყველას, ვისაც გული ერჩოდა შესდგომოდა საქმეს და ემუშავა. 3ჩაიბარეს მოსესგან მთელი შემოწირულობა, რაც კი მოტანილი ჰქონდათ ისრაელიანთ საწმიდრის საქმის საკეთებლად. და კვლავაც მიჰქონდათ მასთან ნებაყოფლობითი ძღვენი ყოველ დილას. 4და მოვიდა ყველა გაწაფული ოსტატი საწმიდრის ყოველი სამუშაოს საკეთებლად, თითოეული თავის სამუშაოზე, ვის რისი გაკეთებაც შეეძლო. 5და უთხრეს მოსეს: „ხალხს მოაქვს მეტი, ვიდრე საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა.“ 6მაშინ ბრძანა მოსემ და გამოაცხადეს ბანაკში: „ნურც მამაკაცი, ნურც დედაკაცი ნუღარაფერს გაამზადებს საწმიდრისათვის შესაწირავად.“ და შეწყვიტა ხალხმა მოტანა. 7მარაგი საკმაო იყო ყველა საქმისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ, და ზედმეტიც კი დარჩა.
8გაწაფულმა ოსტატებმა, რომლებიც სავანის საქმეზე მუშაობდნენ, გააკეთეს ქსოვილის 10 ნაჭერი გრეხილი ბისონისა და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა. ამოქარგეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით. 9თითოეული ნაჭრის სიგრძე 28 წყრთა იყო, და სიგანე – ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომისა იყო.
10ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადააკერეს, სხვა ხუთი ნაჭერიც – ერთმანეთს. 11და გაუკეთეს ცისფერი კილოები განაპირა ნაჭერს კიდეზე, და ასევე გააკეთეს მეორე ნაჭრის კიდეს. 1250 კილო გაუკეთეს ერთი ნაჭრის კიდეს, 50 კილო – მეორე ნაჭრის კიდეს. კილოები ესადაგებოდნენ ერთმანეთს. 13და გააკეთეს 50 დუგმა ოქროსი, და შეაერთეს ნაჭრები ურთიერთთან დუგმებით, და მთლიანი გამოვიდა სავანე.
14და გააკეთეს გადასაფარებელი თხისურისგან, სავანის გადასახურავად. 11 ასეთი ნაჭერი გაამზადეს. 15სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო 30 წყრთა, ხოლო სიგანე – ოთხი წყრთა. თერთმეტივე გადასაფარებლი ერთი ზომისა იყო. 16და შეაერთეს ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი ცალკე. 17და გაუკეთეს 50 კილო ერთ გადასაფარებელს კიდეზე, და 50 მეორე გადასაფარებელს კიდეზე. 18და გააკეთეს ბრინჯაოს 50 დუგმა სავანის შესაერთებლად, რათა ყოფილიყო ერთიანი. 19და გააკეთეს საფარველი კარვისათვის ვერძის დათრიმლული ტყავისა და გამოყვანილი ტყავის საფარი ზემოდან.
20და გააკეთეს კეტები სავანისათვის აკაციის ხისაგან. 2110 წყრთა იყოს სიგრძე თითოეული ძელისა და წყრთანახევარი – სიგანე, 22ორ-ორი რიკი თითოეული ძელისათვის, ერთიმეორეზე მიერთებული. ასე გაუკეთეს სავანის ყოველ ძელს. 23და გააკეთეს კეტები სავანისათვის: 20 ძელი სამხრეთის მხარეს. 24და ვერცხლის 40 კვარცხლბეკი გააკეთეს ოცივე ძელის დასადგმელად: ორი კვარცხლბეკი თითო ძელისთვის, მისი ორი რიკისთვის და ორი კვარცხლბეკი ყველა სხვა ძელისთვის მისი ორი რიკისთვის. 25და სავანის მეორე გვერდისათვის, ჩრდილოეთ მხარეს, გაუკეთეს 20 ძელი 26და მათთვის ვერცხლის 40 კვარცხლბეკი: ორ-ორი კვარცხლბეკი თითო ძელისთვის. 27სავანის უკანა, დასავლეთი მხარისათვის, გააკეთეს ექვსი ძელი. 28და ორი ძელი გააკეთეს სავანის კუთხეებისთვის, უკანა მხარეს. 29იყო ისინი შეკრული ქვემოდან და ზემოდან თითო რგოლით. ასე გაუკეთეს ორივეს ორივე კუთხეში. 30და იყო რვა ძელი და ვერცხლის 16 კვარცხლბეკი, ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელისთვის.
31და გააკეთეს ლარტყები აკაციის ხისაგან: ხუთი – სავანის ერთი გვერდის კეტებისათვის, 32და ხუთი ლარტყი სავანის მეორე მხარის კეტებისათვის, და ხუთი – სავანის უკანა მხარის კეტებისათვის, დასავლეთით. 33და გააკეთეს შუა ლარტყი კეტების ერთი ბოლოდან მეორემდე. 34მოჭედეს კეტები ოქროთი, ლარტყების გასაყრელი რგოლები ოქროსი გააკეთეს და ლარტყებიც ოქროთი მოჭედეს.
35და გააკეთეს ფარდა ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, და გრეხილი ბისონისა. ოსტატური ნაკეთობით ამოქარგეს მასზე ქერუბიმები. 36და ჩამოკიდეს იგი ოქროთი მოჭედილ აკაციის ოთხ ბოძზე, მოჭედეს ისინი ოქროთი, ოქროსი იყო მათი დუგმები. და ჩამოასხეს მათთვის ოთხი კვარცხლბეკი ვერცხლისა. 37და გააკეთეს ჩამოსაფარებელი სავანის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი ნართისა, და გრეხილი ბისონისაგან, მქარგავის ნაკეთობით, 38და ხუთი სვეტი მათივე დუგმებით. და მოჭედეს მათი თავები და სალტეები ოქროთი. მათი ხუთი კვარცხლბეკი კი ბრინჯაოსაგან იყო.
Currently Selected:
Exodus 36: სბს
Highlight
Share
Copy
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
Standard Georgian Bible © United Bible Societies representation in Georgia, 2013