YouVersion Logo
Search Icon

Exodus 34

34
1უთხრა უფალმა მოსეს: „გამოთალე შენთვის პირველთა მსგავსი ქვის ორი დაფა და მე დავწერ ამ დაფებზე სიტყვებს, რომლებიც ეწერა იმ პირველ დაფებზე, შენ რომ დაამსხვრიე. 2იყავი მზად განთიადისას. დილას სინაის მთაზე ახვალ და იქ, მთის თხემზე დამიდგები. 3ნურავინ ამოგყვება და ნურც ნურავინ გამოჩნდება მთელ მთაზე, ნურც ცხვარი და ძროხა მოსძოვს ამ მთის ახლოს.“ 4და გამოთალა მოსემ ქვის ორი დაფა, იმ პირველთა მსგავსი. ადგა დილაადრიანად და ავიდა სინაის მთაზე, როგორც უფალმა უბრძანა. მას ქვის ორი დაფა ეჭირა ხელში. 5და ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა მასთან იქ, და წარმოთქვა სახელი უფლისა. 6და გაიარა უფალმა მის წინ და წარმოთქვა: „უფალი, უფალი, ღმერთი შემბრალებელი და მოწყალე, სულგრძელი და დიდმადლიანი, და ჭეშმარიტი,#გამ 20:5,6; რცხ 14:18; რჯ 5:9,10; 7:9,10. 7შემნახავი წყალობისა ათასეულებისათვის, შემნდობი ბრალისა, დანაშაულისა და ცოდვისა. ის დასასჯელს არ გაუშვებს დაუსჯელად. მოჰკითხავს მამათა ცოდვას შვილებს და შვილთაშვილებს, მესამე და მეოთხე თაობამდე.“
8მაშინვე მდაბლად მოიდრიკა მოსე და თაყვანი სცა. 9და თქვა: „თუ მადლი მიპოვია შენს თვალში, მეუფეო, აბა წამოვიდეს მეუფე ჩვენთან ერთად, რადგან ჯიუტია ეს ხალხი, შეგვინდე დანაშაული და ცოდვები, და გვაქციე შენს სამკვიდროდ.“
10თქვა უფალმა: „აჰა, მე ვდებ აღთქმას. მთელი შენი ხალხის წინაშე მოვახდენ სასწაულებს, რომელნიც არ მომხდარა მთელ დედამიწაზე არც ერთ ხალხში. და იხილოს ყოველმა ხალხმა, რომელთა შორისაც შენ ხარ, უფლის საქმე, რადგან ზარდამცემია, რასაც მე შენთვის გავაკეთებ.
11დაიცავი, რასაც გიბრძანებ დღეს: აჰა, მე გავრეკავ თქვენგან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებს და იებუსელებს. 12გაფრთხილდი, არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მკვიდრთ, სადაც შეხვალ, რომ მახეში არ გაება. 13დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დალეწეთ მათი სვეტები, აჩეხეთ მათი აშერები.#რჯ 16:21. 14თაყვანს არ უნდა სცემდეთ სხვა ღმერთს, გარდა უფალი ღმერთისა. შურისმგებელია მისი სახელი, შურისმგებელი ღმერთია იგი. 15არ დაუდო კავშირი იმ ქვეყნის მკვიდრთ, თორემ როცა იმეძავებენ თავიანთი ღმერთების კვალდაკვალ და შესწირავენ მსხვერპლს თავიანთ ღმერთებს, შენც მიგიწვევენ და შეჭამ მათ ნაკერპავს, 16მოიყვან მათ ასულებს შენი ვაჟებისთვის და რადგან მეძაობენ ისინი თავიანთი ღმერთების კვალზე, გარყვნიან შენს ვაჟებსაც თავიანთი ღმერთების კვალზე.
17ნუ გაიკეთებ ღმერთების ქანდაკებებს.#გამ 20:4; ლევ 19:4; რჯ 5:8; 27:15.
18უფუარობის დღესასწაული დაიცავი: აბიბის თვის დაწესებულ დროს შვიდ დღეს ჭამე ხმიადი, როგორც გამოგიცხადე, რადგან აბიბის თვეში გამოხვედი ეგვიპტიდან.#გამ 12:14-20; ლევ 23:6-8; რცხ 28:16-25.
19შემომწირე ყოველი პირმშო ძე და ასევე ყოველი მამალი შენი ცხვარ-ძროხიდან, პირველმოგებული ხბოცა და კრავიც.#გამ 13:2. 20პირველმოგებული ჩოჩორი გამოისყიდე კრავით და, თუ არ გამოისყიდი, ქედი გადაუმტვრიე. პირმშო შენს ძეთა შორის გამოისყიდე.#გამ 13:13.
და ნუ გამოჩნდებით ჩემს წინაშე ხელცარიელნი.
21ექვსი დღე იმუშავე და მეშვიდე დღეს დაისვენე. ხვნისა და მკის დროსაც შეისვენე.#გამ 20:9,10; 23:12; 31:15; 35:2; ლევ 23:3; რჯ 5:13,14. 22იზეიმე შვიდეულის დღესასწაული, ალოობის დაწყების დღესასწაული და რთვლობის დღესასწაული წლის დამლევს.#ლევ 23:15-21; 23:39-43; რცხ 28:26-31. 23წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი მეუფის, უფლის, ისრაელის ღმერთის წინაშე, 24რადგან გავდევნი ერებს შენგან და განვავრცობ შენს საზღვრებს, და ვეღარავინ მოინდომებს შენი ქვეყნის წართმევას, თუ გამოცხადდები უფლის, შენი ღმერთის წინაშე წელიწადში სამჯერ.
25საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავის სისხლს, ნურც პასექის სადღესასწაულო ქონს ნუ დატოვებ დილამდე. #გამ 12:10.
26შენი მიწის საუკეთესო პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში.
ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში.#რჯ 14:21; 26:2.
27და უთხრა უფალმა მოსეს: „დაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვებით გიდებთ აღთქმას შენ და ისრაელს.“
28და იყო იქ უფალთან 40 დღე და 40 ღამე. პური არ უჭამია და წყალი არ დაულევია. და დაწერა ქვის დაფებზე აღთქმის სიტყვები – ათი მცნება.
29ორივე დაფა მოწმობისა ხელთ ეპყრა მოსეს სინაის მთიდან ჩამოსვლისას. და არ იცოდა მან, რომ ასხივებდა მისი სახე ღმერთთან ლაპარაკის გამო.#2კო 3:7-16. 30იხილეს აარონმა და ყველა ისრაელიანმა მოსე და აჰა, ასხივებდა მისი სახე, და ვერ გაბედეს მასთან მიახლოება. 31და მოუხმო მათ მოსემ და დაბრუნდნენ მასთან აარონი და თემის ყველა მთავარი, და ელაპარაკა მათ მოსე. 32შემდეგ მიეახლა ისრაელის ყველა ძე და ამცნო მათ ყველაფერი, რასაც ელაპარაკა უფალი მას სინაის მთაზე. 33და როცა დაასრულა მოსემ მათთან ლაპარაკი, დაიდო სახეზე რიდე. 34როცა შედიოდა მოსე უფლის წინაშე მასთან სალაპარაკოდ, ჩამოიხსნიდა ხოლმე რიდეს გარეთ გამოსვლამდე. და გამოვიდოდა და ამცნობდა ისრაელიანებს, რაც ნაბრძანები ჰქონდა. 35და ხედავდნენ ისრაელიანები, რომ ასხივებდა მოსეს სახე, და კვლავ იდებდა მოსე რიდეს სახეზე, სანამ უფალთან სალაპარაკოდ შევიდოდა.

Currently Selected:

Exodus 34: სბს

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in