YouVersion Logo
Search Icon

სოფ. 3

3
ზნეობის დაცემა იერუსალიმში
1ვაი გაჯიუტებულს და წაბილწულს, მოძალადე ქალაქს!
2არაფერს ისმენს, არ შეიგონებს, უფალს არ ესავს, თავის ღმერთს არ ეკარება.
3მისი მთავრები მბდღვინავი ლომებია მის შუაგულში, მისი მსაჯულები საღამოს მგლებია, დილისთვის ძვალსაც რომ არ ტოვებენ.
4ქარაფშუტა ხალხია მისი წინასწარმეტყველნი, გამყიდველნი; მისი მღვდლები საწმიდარს ბილწავენ, რჯულს არღვევენ.
5სამართლიანია მის წიაღში უფალი, არ სჩადის სიმრუდეს; დილ-დილობით გააცხადებს თავის სამართალს და არ ბრკოლდება. მაგრამ უკუღმართმა არ იცის სირცხვილი.
6„გავწყვიტე ხალხი, დაიქცა მათი ციხე-სიმაგრეები. გავაუკაცრიელე მათი ქუჩები, არ დარჩა გამვლელი, გაცამტვერდა მათი ქალაქები. კაცი არ დარჩა, აღარავინაა მცხოვრები.
7ვეუბნებოდი: ოღონდ გეშინოდეს ჩემი, მიიღე შეგონება-მეთქი. არ განადგურდებოდა მისი სამყოფელი, რამდენჯერაც არ უნდა დამესაჯა იგი. მაგრამ ბეჯითად რყვნიდნენ თავიანთ ზნეს.
8ამიტომაც მელოდეთ მე, – ამბობს უფალი, – იმ დღემდე, როცა მოწმედ დავდგები, რადგან ჩემი განგებით მოიყრიან თავს ხალხები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი რისხვა, მთელი ჩემი წყრომა, რადგან ჩემი შურის ცეცხლში უნდა შთაინთქას მთელი ქვეყანა.
9რადგან მაშინ გავასუფთავებ ხალხთა ბაგეებს, რომ ყველამ ახსენოს უფლის სახელი და ერთსულოვნად ემსახურონ.
10ქუშის მდინარეთა გაღმიდან ჩემი გაფანტული ხალხი მომართმევს ძღვენს.
11იმ დღეს აღარავინ შეირცხვენს თავს შენი საქციელით, რითაც მცოდავდი, რადგან მაშინ მოვარიდებ შენს წიაღს შენი დიდებით მოქადულებს, რომ აღარ გამედიდურდე ჩემს წმიდა მთაზე.
12დავტოვებ შენს წიაღში თვინიერ და ბეჩავ ხალხს და შეუვრდებიან უფლის სახელს.
13აღარ ჩაიდენს უსამართლობას ისრაელის ნატამალი, აღარ იცრუებს, აღარ იქნება მათ ბაგეებში მზაკვარი ენა. მოსძოვენ და დაისვენებენ, აღარ იქნება დამათრობელი.“
უფალმა წყალობა ქნა იერუსალიმზე
14გიხაროდეს, სიონო, იყიჟინე, ისრაელო! იმხიარულე და იხალისე მთელი გულით, იერუსალიმის ასულო!
15აგხადა უფალმა სასჯელი, უკუაქცია შენი მტერი. მეფე ისრაელისა, უფალი, შენს წიაღშია. უბედურებას აღარ იხილავ.
16იმ დღეს ეტყვიან იერუსალიმს: „ნუ გეშინია!“ და სიონს: „ნუმც მოგეღლება მკლავი!
17უფალი, შენი ღმერთი, შენს წიაღშია, გმირი, რომელიც გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენზე, განგაახლებს თავის სიყვარულში, სიმღერით იზეიმებს შენს გამო.
18შევკრებ დღესასწაულს მოწყვეტილთ: შენგან რომ გავიდნენ, სირცხვილი აწევთ ტვირთად.
19აჰა, გავუსწორდები იმ დროს ყველა შენს მჩაგვრელს. ვიხსნი ფეხკოჭლს, გაფანტულს თავს მოვუყრი, დიდებას და სახელს მოვუხვეჭ ყველგან, მათი შერცხვენის ქვეყანაში.
20იმ დროს წამოგიყვანთ და იმ დროსვე თავს ერთად მოგიყრით, მოგიხვეჭთ სახელს და დიდებას დედამიწის ყველა ხალხში, როცა დავაბრუნებ თქვენს ტყვეებს თქვენს თვალწინ,“ – ამბობს უფალი.

Currently Selected:

სოფ. 3: GEO02

Highlight

Share

Copy

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in

YouVersion uses cookies to personalize your experience. By using our website, you accept our use of cookies as described in our Privacy Policy