Bible App logo
Search Icon

სოფ. 2

2
იუდას მტერთა განსჯა
1გონს მოდი, უსირცხვილო ხალხო.
2ვიდრე მოაწევდეს განგება, ბზესავით განიავდებოდეს დღე, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის ალი, ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე.
3ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება, ვინძლო დაიმალოთ უფლის რისხვის დღეს.
4რადგან მიატოვებენ ღაზას, გაუკაცურდება აშკელონი, აიყრება აშდოდი შუადღისას და ამოიძირკვება ყეკრონი.
5ვაი, ზღვისპირელებს, ქერეთელ ხალხს! შენზეა უფლის სიტყვა, ქანაანო, ფილისტიმელთა ქვეყანავ! გაგანადგურებ და გაუკაცურდები.
6გადაიქცევა ზღვისპირეთი საძოვრებად, მწყემსთა ბინებად და ცხვრის ფარეხებად.
7იუდას სახლის ნატამალს ერგება ეს მხარე. იქ დაიწყებენ ძოვას, აშკელონის სახლებში წამოწვებიან საღამოჟამს, რადგან მოხედავს მათ უფალი და ტყვეობიდან დააბრუნებს.
8„მესმოდა როგორ ილანძღებოდა მოაბი და როგორ ავსიტყვაობდნენ ყამონელები, როგორ ლანძღავდნენ ჩემს ერს და დიდგულობდნენ მის საზღვრებთან.
9ამიტომაც, ვფიცავ, – ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი, – რომ დაემსგავსება მოაბი სოდომს და ყამონელები – გომორას, ჭინჭრიან ადგილს, და ჩემი ხალხის ნატამალი დაიმკვიდრებს მათ.“
10ეს მოელით მათი ამპარტავნების გამო, რომ ილანძღებოდნენ და ედიდგულებოდნენ ცაბაოთ უფლის ერს.
11საშინელი იქნება მათთვის უფალი, რადგან გააცამტვერებს ქვეყნიერების ყველა ღმერთს, და მას დაუწყებს თაყვანისცემას ყოველი კაცი თავისი ქვეყნიდან, ხალხების ყოველი კუნძული.
12„თქვენც, ქუშელებო, დაილახვრებით ჩემი მახვილით.“
13გაიწვდის ხელს ჩრდილოეთისკენ და გაანადგურებს აშურს, და გაატიალებს ნინევეს, გაახრიოკებს უდაბნოსავით.
14ყოველთა მხეცთა ხროვა დაიბუდებს იქ; ვარხვი და ზღარბიც კი დაიღამებს მის ბუღაურებზე. მათი ხმა გაისმება სარკმლებში. ყორანი დაიყეფს ზღურბლზე, რადგან ჩამოიხლიჩება კედრის კედლები.
15ეს მოელის მხიარულსა და უდარდელ ქალაქს, რომელიც ამბობდა გულში: ‘მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არის.’ როგორ გატიალდა! როგორ გადაიქცა მხეცების ბუნაგად! ყოველი კაცი, ვინც ჩაუვლის მას შორიახლოს, დაუსტვენს და ხელს ჩაიქნევს.

Currently Selected:

სოფ. 2: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in