სიბრძნე სოლომონისა 7
7
1მეც მოკვდავი კაცი ვარ, როგორც ყველანი, მიწისგან პირველნაზელის შთამომავალი და დედის საშოში ნაძერწი ხორცი,
2ათი თვის მანძილზე სისხლში შედედებული მამაკაცის თესლისა და ტკბობისაგან, რომელსაც თან ახლავს ძილი.
3ვიშვი და შევისაუნთქე ჰაერი, რომელიც საერთოა ყოველი ჩვენგანისთვის, დავენარცხე იმავე მიწას, ტანჯვის საერთო საუფლოს, და პირველად, როგორც ყველამ, ტირილით გავიღე ხმა.
4რუდუნებით მზრდიდნენ ჩვრებში გახვეულს,
5რადგანაც არცერთ მეფეს დაბადებისას არ ჰქონია სხვაგვარი დასაბამი.
6რადგანაც ყველა ერთნაირად შემოდის ამ ცხოვრებაში და ერთნაირადვე გადის იქიდან.
7ამიტომაც ვილოცე და მომეცა გონი, ვუხმე და სული სიბრძნისა გადმოვიდა ჩემზე.
8კვერთხსა და ტახტს ვარჩიე იგი და არად ჩავაგდე სიმდიდრე მასთან შედარებით.
9ვერც პატიოსანი თვალი შევადარე მას, რადგანაც მთელი ოქრო ქვიშის უბადრუკი მარცვალია მის წინაშე, ვერცხლი კი – ტალახი მის წინაშე.
10ტანის სიმრთელესა და სილამაზეზე მეტად შევიყვარე იგი, და მზის შუქს ვამჯობინე, რადგანაც უქრობია მისი ნათელი.
11მან მომიტანა მთელი სიკეთე და ულევი სიმდიდრე მიძღვნა თავისი ხელით.
12მე მახარებდა ყველა ეს სიკეთე, რადგანაც მათ სიბრძნე უძღოდა წინ, თუმცა არ ვიცოდი, რომ ის იყო მათი მშობელი.
13უზაკველად მისწავლია და უშურველად გავცემ, როდი დავმალავ მის სიმდიდრეს.
14რადგანაც ამოუწურავი საუნჯეა კაცთათვის და მისი მომხვეჭნი ღმერთს უმეგობრდებიან განსწავლის ნიჭის წყალობით.
15მხოლოდ მომმადლოს ღმერთმა გონივრული განსჯისა და ღირსეულად ფიქრის უნარი იმაზე, რაც მებოძა, რადგანაც იგია სიბრძნის წინამძღვარი და ბრძენთა წარმმართველი.
16მის ხელთა ვართ ჩვენცა და ჩვენი სიტყვებიც, მთელი ცოდნაცა და გაწაფულობაც.
17მან მიბოძა არსთა უტყუარი ცოდნა, რათა ჩავწვდომოდი სამყაროს წყობას და სტიქიონთა ქმედითობას.
18დროთა დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობანი და ალოთა ცვალებადობანი,
19წლის ბრუნვა და ვარსკვლავთა წყობა,
20ცხოველთა ბუნება და ნადირთა თვისებანი, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა სხვადასხვაობა და ძალნი ფესვთანი,
21ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და გაცხადებულიც, რადგანაც განვისწავლე სამყაროს შემოქმედის სიბრძნის წყალობით.
22რადგანაც ის არის სული გონიერი, წმიდა, მხოლოდშობილი, მრავალწილი, ნატიფი, კეთილმოძრავი, ცხადი, შეურყვნელი, ნათელი, უვნებელი, კეთილმოყვარე, დაუოკებელი,
23ქველმოქმედი, კაცთმოყვარე, მტკიცე, ურყევი, უშფოთველი, ყოვლისმძლე, ყოვლისმხედველი, ყოველი გონიერი, გაწმედილი, ფაქიზი სულის განმწონი;
24რადგანაც ყოველივე მოძრავზე უმოძრავესია სიბრძნე, ყველაფერს რომ განწონის და ყველგან შეაღწევს თავისი სიწმიდით.
25ღვთიური ძალმოსილების სუნთქვაა იგი და ყოვლისმპყრობლის დიდების წმიდა ფენა, ამიტომაც ვერავითარი სიბილწე ვერ შეაღწევს მასში.
26იგია საუკუნო ნათლის ათინათი, ღვთის ქმედითობის უხინჯო სარკე და ხატი მისი სიკეთისა.
27ერთადერთია, მაგრამ ყოვლისმძლე; თვითმყოფი, მაგრამ ყოვლის განმაახლებელი, თაობებიდან თაობებამდე რომ გადადის წმიდა სულებში, რათა ღვთის მოყვრებად და წინასწარმეტყველებად განამზადოს ისინი.
28რადგან ღმერთს მხოლოდ ის უყვარს, ვინც სიბრძნით ცხოვრობს.
29რადგან ის უმშვენიერესია, ვარსკვლავთა ხომლზე უმეტესი და თვით ნათელზე უზენაესი.
30რადგან ნათელი ღამით იცვლება, სიბრძნეს კი ვერ სძლევს ბოროტება.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 7: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002