Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 8

8
1ძალუმად განიფინება კიდით-კიდემდე და სიკეთით განაგებს ყოველს.
2სიყრმიდანვე მიყვარდა და ველტვოდი მას, სასძლოდ მსურდა და მისი მშვენების ტრფიალი გავხდი.
3თავის კეთილშობილებას განადიდებს ღმერთთან თანაცხოვრებით, და სამყაროს მეუფემ შეიყვარა იგი,
4ვინც ღვთის ცოდნის მესაიდუმლეა და მისი საქმის თანაზიარი.
5თუკი სიმდიდრე სანუკვარი შენაძენია ცხოვრებაში, რა სიმდიდრეღა შეედრება ყოვლის შემოქმედ სიბრძნეს?
6ხოლო თუ ჩვენი გონება ქმედითია, უფრო ქმედითად არ უნდა ვრაცხდეთ არსთა შემოქმედს?
7თუ ვინმეს სამართლიანობა უყვარს, სიქველეა მისი შრომის ნაყოფი, რადგანაც ის გვასწავლის თავდაჭერილობას და გონიერებას, სამართლიანობას და სიმამაცეს, ხოლო ამათზე სასარგებლო არა არის რა ადამიანთა ცხოვრებაში.
8ვისაც დიდი გამოცდილების შეძენა სურს, სიბრძნემ იცის წარსულიც და მომავალიც, სიტყვათა საქცევნიც და იგავთა ახსნაც, წინასწარ სცნობს ნიშნებსა და სასწაულებს, ჟამთა და დროთა შედეგთაც.
9ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ცხოვრების თანამგზავრად მექცია იგი, რადგან ვიცოდი, კეთილ მრჩევლად მეყოლებოდა და ნუგეშად ზრუნვასა და მწუხარებაში.
10მისი წყალობით მოვიხვეჭდი დიდებას ხალხში, და ჭაბუკი – პატივს უხუცესთა წინაშე;
11გამჭრიახი გამოვჩნდებოდი სამსჯავროში და ძლიერთა თვალში – გასაოცარი.
12თუ დავდუმდებოდი, დამელოდებოდნენ, თუ ხმას ამოვიღებდი, სმენად იქცეოდნენ, ხოლო თუ სიტყვას გავაგრძელებდი, ხელს დაიდებდნენ პირზე.
13უკვდავებას ვეზიარებოდი და საუკუნო ხსოვნას დავუტოვებდი ჩემს შთამომავალთ.
14ხალხთა გამგებელი გავხდებოდი და ტომები ქედს მოიდრეკდნენ ჩემს წინაშე.
15ჩემი სახელის ხსენებაც კი თავზარს დასცემდა გულქვა ტირანებს; კეთილი გამოვჩნდებოდი ხალხის თვალში და მამაცი – ბრძოლის ველზე.
16შინ შესული დავისვენებდი მისი წყალობით, რადგანაც მასთან ზიარებას შედეგად არ მოსდევს სიმწარე და არც ტანჯვა – მასთან ცხოვრებას, არამედ – შვება და ლხენა.
17ამას ვიზრახავდი ჩემთვის და გულში ვფიქრობდი, რომ უკვდავებაა სიბრძნესთან წილნაყარობა,
18მასთან მოყვრობა – ნეტარება, მისი ხელის ნაღვაწი – ულევი სიმდიდრე, მასთან ურთიერთობა – გონიერება, ხოლო მის სიტყვებთან ზიარება – სახელის განთქმა. დავდიოდი და ვეძებდი, როგორ შემეძინა იგი.
19ნიჭით ცხებული ყმაწვილი ვიყავ და წილად მხვდა კეთილი სულიც.
20ან, უფრო სწორად, კეთილი რომ ვიყავ, იმიტომაც შევიმოსე უბიწო სხეული.
21მივხვდი, თუ ღმერთი არ მიბოძებდა, ვერასგზით ვეუფლებოდი მას, და რომ თავისთავადაც უკვე კეთილგონიერება იყო იმის შეგნება, თუ ვის შეეძლო მოემადლებინა ჩემთვის ეს ნიჭი; ამიტომაც მივუბრუნდი და გულმხურვალედ შევევედრე ღმერთს:

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in