Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 5

5
1მაშინ მართალი თამამად წარსდგება მათ წინაშე, რომელნიც შეურაცხყოფდნენ და აბუჩად იგდებდნენ მის ღვაწლს.
2მისი მხილველნი კი საშინლად შეძრწუნდებიან და განაცვიფრებთ მისი მოულოდნელი ხსნა.
3ერთმანეთს ეტყვიან მონანულნი, მგმინავნი და სულშეხუთულნი:
4„ეს იყო, ვისაც დავცინოდით და მასხრად ვიგდებდით უგუნურნი; ვისი ცხოვრებაც სიშლეგედ მიგვაჩნდა, აღსასრული კი – უღირსად.
5როგორღა შეირაცხა უფლის ძეთა შორის და წმიდათა ხვედრს ეზიარა?
6ასე რომ, ავცდით ჭეშმარიტების გზას, აღარ გვინათებდა სამართლიანობის ნათელი და აღარც მზე ამოდიოდა ჩვენთვის.
7უსჯულოებისა და წარწყმედის ბილიკებით ვიარებოდით, გაუვალ უდაბნოებში ვიდოდით და უფლის გზა კი ვერ შევიცანით.
8რა გვარგო ჩვენმა ქედმაღლობამ, ან სიმდიდრით სიქადულმა რა მოგვიტანა?
9განქარდა ყოველივე ეს, როგორც აჩრდილი და როგორც მითქმა-მოთქმა, სწრაფად მიმწყდარი;
10როგორც კვალი ხომალდისა, მფრთონავ ტალღებს რომ მიაპობს, ან როგორც მისი ფსკერის ურნატი;
11როგორც არ რჩება ცაში მფრინავი ჩიტის ნაკვალევი, გარდა ფრთებისფართქუნით გაპობილი ჰაერის მსუბუქი ჭავლისა;
12როგორც მიზანში ნატყორცნი ისრით გაპობილი ჰაერი მყისვე შეიკრავს პირს, ისე რომ, ვერ მიხვდები, სად გაიქროლა,
13ჩვენც ასევე ვიშვით და მსწრაფლ აღვესრულეთ, ვერ დავტოვეთ სიქველის კვალი, ჩვენივე ბიწით დაწრეტილებმა.
14რადგანაც უღვთოს სასოება ქრება, როგორც ქარით ატაცებული მტვერი, როგორც გრიგალით მიმოფანტული ჭირხლი ან ქარიშხლით ნაწეწი კვამლი, და იშლება ერთი დღით წვეული სტუმრის ხსოვნა.
15მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ, მათი საზღაური უფლის ხელთაა და უზენაესი ზრუნავს მათზე.
16ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და მშვენიერების შარავანდს უფლის ხელიდან, მარჯვენით რომ იფარავს და თავისი მკლავით შეეწევა მათ.
17საჭურვლად აისხამს თავის მრისხანებას და აღჭურავს ქმნილებასაც, რათა შური იძიოს მტრებზე.
18აბჯრად შეიმოსავს სიმართლეს და მუზარადად პირუთვნელ სამართალს დაიდგამს თავზე.
19უძლეველ ფარად ხელთ იპყრობს სიმართლეს.
20ორლესული მახვილივით ალესავს რისხვას და მასთან ერთად სამყაროც აღიძვრის შლეგთა წინააღმდეგ.
21ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, დასხლტებიან მარჯვედ ნატყორცნი ელვის ისრები, რათა გაფრინდნენ მიზნისკენ.
22როგორც ლოდსატყორცნიდან, რისხვით წამოუშენს სეტყვა, აბორგდებიან ზღვის ტალღები და მდინარეთა მძვინვარება წალეკავს მათ.
23აღდგება მათ წინააღმდეგ სიმძლავრის სული და გრიგალივით მიმოფანტავს უკეთურთ; უსჯულოება მოაოხრებს მთელ ქვეყანას და ბოროტმოქმედება დაამხობს მბრძანებელთა ტახტებს.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in