სიბრძნე სოლომონისა 4
4
1უმჯობესია უშვილობა სათნოებით, რადგანაც უკვდავი იქნება სათნოების ხსოვნა, რადგან ღმერთიც აღიარებს და ადამიანიც.
2ვიდრე ჩვენთანაა, მას ბაძავენ, ხოლო როცა გაგვეცლება, მისკენ ილტვიან, და საუკუნო სოფელში გვირგვინით შუბლშემკული ზეიმობს, როგორც უბიწო ღვაწლით ბრძოლის მომგები.
3უღვთოთა ნაყოფიერება უსარგებლოა და მემრუშეთა ამონაყარი ღრმად ვერ გაიდგამს ფესვს და ვერც მკვიდრად დაეფუძნება.
4ერთხანს კიდევაც რომ გაშალოს რტონი, უნიადაგოს ქარი შეარყევს და აღმოიფხვრება გრიგალისაგან.
5მოტყდება უმწიფარი ტოტი, ფუჭი იქნება მისი ნაყოფი, მკვახე და ყოვლად უვარგისი.
6უსჯულო ძილში შობილნი მშობელთა სიძვის მოწმენი არიან მათი განკითხვისას.
7მართალი კი, ნაადრევადაც რომ აღესრუ-ლოს, სიმშვიდეს დაიმკვიდრებს.
8რადგანაც საპატიო სიბერეს დღეგრძელობა როდი განაპირობებს და არც წელთა რიცხვით განიზომება.
9სიბრძნე ჭაღარაა კაცთათვის და უბიწო ცხოვრება – სიბერის ასაკი.
10ვინც ღვთივსასურველი იყო, შეიყვარა უფალმა, და ვინც ცოდვილთა შორის ცხოვრობდა, მათ განარიდა,
11რათა ბოროტებას არ შეეცვალა მისი გონება ან მზაკვრობას არ შეეცდინა მისი სული.
12რადგანაც ბიწიერების ხიბლი ჩრდილავს სიკეთეს და უბოროტო გონებას რყვნის ვნებათა ღელვა.
13ვინც მოკლე ხანში ეზიარა სრულქმნილებას, წელთა სიმრავლეს მიაღწია.
14ღვთივსასურველი იყო მისი სული და ამიტომაც განარიდა მალე უკეთურობის წიაღს; ხალხმა იხილა ეს და ვერ მიხვდა, აზრადაც არ მოსვლია,
15რომ უფლის მადლი და წყალობა მის რჩე-ულებს ეკუთვნის და რომ ის თავის წმიდებზე ზრუნავს.
16მართალი თავისი სიკვდილით მსჯავრსა სდებს ცოცხალ უღვთოებს, ხოლო მისი ნაადრევად სრულქმნილი სიჭაბუკე – უსჯულოს ხანგრძლივ სიბერეს.
17ამრიგად, ისინი იხილავენ ბრძენის აღსასრულს, მაგრამ ვერ მიხვდებიან, რა ისურვა მისთვის უფალმა ან რად დაიფარა იგი.
18იხილავენ და შეურაცხყოფენ, უფალს კი სასაცილოდ არ ეყოფა ისინი.
19რის შემდეგაც იქცევიან შეურაცხ ცხედრებად და საუკუნო სირცხვილად მკვიდრთა შორის, რადგან უფალი პირქვე დაამხობს ხმაჩაწყვეტილთ, ძირფესვიანად შეარყევს მათ, მარად ტანჯულნი იქნებიან როგორც ყამირი და წარიხოცება მათი ხსოვნა.
20განკითხვისას შიშით წარსდგებიან თავიანთი ცოდვების გამო და მათივე უსჯულოებანი ამხილებენ მათ.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 4: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002