სიბრძნე სოლომონისა 3
3
1მართალთა სულები ღვთის ხელთ არიან და ტანჯვა ვერ ეწევა მათ.
2უგუნურებს კი მკვდრები ჰგონიათ და უბედურებად შეურაცხავთ მათი აღსასრული;
3ჩვენგან განშორება – იავარქმნად, ისინი კი მშვიდად სუფევენ.
4რადგან, თუმცა ხალხის თვალში დასჯილნი ჩანან, მათი სასოება უკვდავებითაა სავსე.
5მცირედ დასჯილებს დიდი სიკეთე მიეგებათ სანაცვლოდ, რადგანაც ღმერთმა გამოსცადა და თავის ღირსად შერაცხა ისინი.
6გამოსცადა, როგორც ოქრო – ქურაში და შეიწყნარა როგორც დასაწველი მსხვერპლი.
7ნაცვლისგების ჟამს გაბრწყინდებიან ისინი, როგორც ლერწმიდან ავარდნილი ნაპერწკლები.
8განსჯიან ტომებს და იმბრძანებლებენ ხალხებზე, ხოლო თვით მათზე სამარადისოდ იმეფებს უფალი.
9უფლის მოსავნი შეიცნობენ ჭეშმარიტებას და სიყვარულში ურყევნი მასთან დარჩებიან, რადგანაც რჩეულთათვისაა მისი მადლი და წყალობა.
10უღვთონი კი მათი ზრახვისამებრ მიიღებენ სასჯელს, რადგან მართალიც უგულებელყვეს და უფალსაც განუდგნენ.
11ვინაიდან უბედურია ყველა, ვინც შეიძულა სიბრძნე და სწავლა; ამაოა მათი იმედი, უნაყოფოა მათი შრომა და ურგებია მათი საქმე.
12მათი ცოლები უგუნურნი არიან, ხოლო შვილები – უკეთურნი; დაწყევლილია მათი მოდგმა.
13ნეტარია უნაყოფო და უბიწო ქალი, ვისაც არ გაუზიარებია ცოდვის სარეცელი; იგი მიიღებს ნაყოფს სულთა მოხილვისას.
14თვით საჭურისსაც, ვისაც არ ჩაუდენია უსჯულოება და არ განუზრახავს ბოროტება უფლის მიმართ, მიეცემა გამორჩეული მადლი რწმენისა და სასურველი წილი უფლის ტაძარში.
15სასახელოა კეთილი შრომის ნაყოფი და ურყევია ფესვი სიბრძნისა.
16მემრუშეთა შვილები სრულწლოვანებას ვერ მიაღწევენ და თესლი უსჯულო სარეცლისა წარიხოცება.
17დღეგრძელნიც რომ იყვნენ, მაინც არარად შეირაცხებიან და საბოლოოდ უპატიო იქნება მათი სიბერეც.
18ხოლო თუ ნაადრევად აღესრულნენ, იმედი და ნუგეში არ ეღირსებათ განკითხვის დღეს.
19რადგან მძიმეა უსამართლო მოდგმის აღსასრული.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 3: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002