Bible App logo
Search Icon

სიბრძნე სოლომონისა 2

2
1უმართებულოდ განმსჯელნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: „ხანმოკლე და მწუხარეა ჩვენი ცხოვრება, ადამიანი თავს ვერ დააღწევს სიკვდილს და არც საიქიოსაგან დამხსნელი ეგულება ვინმე.
2შემთხვევით დავიბადეთ და შემდეგაც ისე ვიქნებით, როგორც არყოფილნი; რადგანაც სუნთქვა ჩვენს ნესტოებში კვამლია მხოლოდ, აზრი კი ჩვენი გულის ფეთქვით გამკრთალი ნაპერწკალი.
3მისი ჩაქრობისთანავე სხეულიც ჩაიფერფლება და სუნთქვაც განქარდება, როგორც ჰაერის ქროლვა.
4თანდათანობით დაივიწყებენ ჩვენს სახელს, აღარავინ ახსენებს ჩვენს ნამოქმედარს, ღრუბელივით უკვალოდ ჩაივლის ჩვენი ცხოვრება და გაქრება, როგორც მზის სხივებით დაწეწილი და მისი მცხუნვარებით განწონილი ნისლი.
5რადგან აჩრდილივით მსწრაფლწარმავალია ჩვენი ცხოვრება, ვერვინ გარდაგვივლენს აღსასრულს, ვინაიდან ბეჭედი დასმულია და არავინ ბრუნდება უკან.
6მაშ, შევიტკბოთ დღევანდელი სიკეთე, მოვისთვლათ წლების ნაყოფი და სიჭაბუკით ვიხაროთ.
7აღვივსოთ ძვირფასი ღვინითა და კეთილსუნელებით, ნუ გავუშვებთ ხელიდან გაზაფხულის ყვავილს.
8ვიდრე არ დამჭკნარა, კოკობი ვარდის გვირგვინით შევიმკოთ შუბლი.
9ნურავინ დააკლდება ამ ჩვენს ღრეობას, ყველგან დავტოვოთ სიხარულის კვალი, რადგან ესაა ჩვენი წილი და ხვედრი.
10კისერი მოვუგრიხოთ ალალმართალ ღატაკს, ნუ დავინდობთ ქვრივებს და ნურც მოხუცის ჭაღარას დავერიდებით.
11ჩვენი ძალა სამართლის საზომად იქცეს, რადგანაც უძლურება უბადრუკია.
12მახე დავუგოთ მართალს, რადგანაც გულს გვიწყალებს და ხელს გვიშლის; გვიკიჟინებს: სჯულის წინაშე სცოდავთო, და უზრდელობას გვაყვედრის.
13ღვთისმცოდნეობას იჩემებს და უფლის შვილად მოაქვს თავი.
14ჩვენი ზრახვების მამხილებლად გვექცა და თვალით დასანახავადაც კი გვიმძიმს.
15რადგან მისი ცხოვრება არა ჰგავს სხვების ცხოვრებას და განსხვავებულია ბილიკი მისი.
16გაიძვერებად მივაჩნივართ, თავს არიდებს ჩვენს გზას, როგორც უწმინდურს; ნეტარებად რაცხს მართალთა აღსასრულს და იქადის, ჩემი მამააო ღმერთი.
17ვნახოთ, მართალია თუ არა მისი სიტყვები და გამოვცადოთ იგი აღსასრულისას.
18თუ მართლაც ჭეშმარიტი ძეა ღვთისა, უფალი დაიფარავს და დაიხსნის მტრების ხელიდან.
19შეურაცხყოფითა და წამებით გამოვცადოთ იგი, რათა დავრწმუნდეთ მის თვინიერებაში და უბოროტობა მისი ვიხილოთ.
20სამარცხვინო სიკვდილი მივუსაჯოთ, რადგანაც, მისივე თქმისა არ იყოს, ღვთისაგან არ გაიწირება.“
21ასე განსაჯეს, მაგრამ შეცდნენ, მათივე ბოროტებით დაბრმავებულნი.
22ვერც ღვთის საიდუმლონი შეიცნეს, არც სიწმიდის საზღაურს ელოდნენ და არც უბიწო სულთა ჯილდო ჩაუგდიათ რამედ.
23რადგანაც ღმერთმა უხრწნელად გამოსახა, შექმნა ადამიანი, თავისი მარადიულობის ხატად შექმნა იგი.
24მაგრამ ეშმაკის მოშურნეობით სიკვდილი შემოვიდა სამყაროში და ეშმაკის კერძთა ხვედრია იგი.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in