სიბრძნე სოლომონისა 1
1
1შეიყვარეთ სამართლიანობა, ქვეყნის მსაჯულ-ნო, შეიცანით უფალი სიკეთით და გულის სიწრფელით ეძიეთ იგი.
2რადგანაც იპოვება იმათგან, ვინც არ გამოსცდის მას, და გამოეცხადება იმათ, ვისაც სწამს მისი.
3რადგანაც მრუდე ზრახვანი გვაშორებენ ღმერთს, და მისი ძალის გამოცდა ამხელს უგუნურთ.
4რადგან სიბრძნე ვერ შეაღწევს უკეთურ სულში და ვერც ცოდვას დამონებულ სხეულში დაივანებს.
5რადგან წმიდა სული წვრთნისა გაურბის მზაკვრობას, განუდგება უკეთურ ზრახვას და ზიზღით უარყოფს მოახლოებულ უსამართლობას.
6კაცთმოყვარე სულია სიბრძნე და დაუსჯელს არ დატოვებს იმას, ვისი ბაგენიც გმობას იტყვიან, ვინაიდან ღმერთია მისი იდუმალი ზრახვების მოწმე, სიმართლით რომ იკვლევს მის გულს, და მისი ენის მსმენელი.
7უფლის სული ავსებს სამყაროს, და როგორც ყოვლისმომცველმა, იცის ყოველი ჩქამი.
8ამიტომ უსამართლობის მთქმელთაგან ვერავინ დაიმალება, და არ ასცდება მას მამხილებელი მსჯავრი.
9რადგან უღვთოს ზრახვანი გამოძიებულ იქნება და მისი სიტყვები უფლის ყურამდე სამხილებლად მიაღწევს.
10შურისმგებლის ყური ყველაფერს ისმენს, და თვით ჩუმი დრტვინვაც არ გამოეპარება.
11ამიტომაც ერიდეთ ამაო დრტვინვას და ეკრძალეთ ავსიტყვაობას, რადგან თვით ფარულად თქმულიც კი ფუჭად არ ჩაივლის, და ცილისმწამებელ ბაგეს შეუძლია ჩაკლას სული.
12ნუ ეშურებით სიკვდილს თქვენი სიცოცხლის ცთომილებით, და ნუ მოიახლოვებთ აღსასრულს თქვენი ხელის ნამოქმედარით.
13რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს.
14რადგან ყველაფერი არსებობისთვის შექმნა და სამყაროს მხსნელნი არიან თაობები; არ არის მათში სასიკვდილო შხამი და არც ჯოჯოხეთის სუფევა მიწაზე.
15რადგან სამართლიანობა უკვდავია.
16მაგრამ უღვთოებმა ხელითაც და ხმითაც უხმეს ჯოჯოხეთს და მასთან დამოყვრებულნი, ჩაჭკნენ; და აღთქმა დაუდეს მას, რადგან ღირსნი არიან მის კერძად იქცნენ.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 1: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002