სიბრძნე სოლომონისა 14
14
1ვიღაც მეორე, სანაოსნოდ და მძვინვარე ტალღების გადასალახავად რომ ემზადება, შემწეობას შესთხოვს ხეს, იმ ხომალდზე გაცილებით უფრო მსხვრევადს, რომლითაც მგზავრობას აპირებს.
2რადგან ხომალდი მომხვეჭელობის სურვილმა ჩაიფიქრა, ხოლო ოსტატის ხელოვნებამ ხორცი შეასხა ამ ჩანაფიქრს.
3მაგრამ ხომალდს შენი განგება მართავს, მამაო, რადგან შენ მონიშნე გზა ზღვაში და საიმედო ბილიკი ტალღებს შორის.
4რითაც გვიჩვენე, რომ ყოველგვარი ხიფათისაგან შეგიძლია იხსნა თვით სრულიად გამოუცდელიც, წინდაუხედავად რომ შევიდეს ზღვაში.
5შენ გსურს, რომ ფუჭად არ დარჩეს შენი სიბრძნის ნამოქმედარი; ამიტომაცაა, რომ ზღვაოსნები სიცოცხლეს ანდობენ მყიფე ხეს, და მაინც თავს აღწევენ ხიფათს, მძვინვარე ტალღების გადამლახველნი ტივით.
6ასე, იმთავითვე, როცა მოისრნენ ქედმაღალი ბუმბერაზები, ქვეყნის იმედმა ტივს შეაფარა თავი და შენი ხელით წარმართულმა მომავალს შეუნარჩუნა ახალი მოდგმის თესლი.
7კურთხეულია ძელი, რომლითაც აღესრულა სამართალი.
8ხელითქმნილი კერპი კი დაწყევლილია, კერპიც და მისი შემქმნელიც; შემქმნელი იმიტომ, რომ გამოთალა, კერპი კი იმიტომ, რომ ხრწნადი ქმნილება ღმერთად იწოდა.
9რადგან უფლისთვის თანაბრად საძულველია ღვთისმგმობიც და მისი ღვთისმგმობლობაც.
10ხოლო შექმნილი შემქმნელთან ერთად დაისჯება.
11ამიტომ წარმართთა კერპებიც ვერსად წაუვლენ განკითხვას, რადგანაც ღვთის ქმნილებათა შორის სიბილწედ, კაცთა სულების საცთურად და უგუნურთა ფეხისათვის მახედ იქცნენ.
12რადგანაც ჩანაფიქრი კერპთა შექმნისა გარყვნილების სათავედ იქცა, ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა კი – ცხოვრების ხრწნილებად.
13ვინაიდან არც დასაბამიდან ყოფილან და არც უკუნისამდე იქნებიან.
14კაცთა ცუდმედიდობამ შემოიყვანა ისინი ქვეყნად და ამიტომაც დიდი დღე არ უწერიათ.
15უდროოდ დაკარგულ შვილზე მგლოვიარე მამამ ჯერ მისი, როგორც მიცვალებულის, გამოსახულება გააკეთებინა, მერე კი პატივი მიაგო მას, როგორც ღვთაებას, და თავის ქვეშევრდომებს მისტიური ღვთისმსახურების წესები გადასცა.
16დროთა განმავლობაში ეს ღვთისმგმობლური ჩვეულება სჯულად იქცა,
17ასე რომ, მეფეთა ბრძანებით ეთაყვანებოდნენ ქანდაკებებს; რაკი არ შეეძლოთ უშუალოდ თაყვანი ეცათ იმისთვის, ვისგანაც დიდი მანძილი ჰყოფდათ, ადამიანებმა მეფის ხილული ხატი შექმნეს სათაყვანებლად, რათა ისე ეპირფერათ მის მიმართ, თითქოს მათ გვერდით ყოფილიყოს.
18ხელოვანთა პატივმოყვარეობა იყო იმის მიზეზი, რომ თვით უცნობებმაც კი თაყვანისცემის საგნად დასახეს იგი.
19ალბათ, მბრძანებლის საამებლად ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ თავისი ხელოვნებით მეტი სილამაზე მიენიჭებინა მისი მსგავსებისათვის.
20ხალხმა კი, ქმნილების ხიბლით მონუსხულმა, ღმერთად შერაცხა ის, ვისაც ცოტა ხნის წინათ პატივს სცემდა, როგორც ადამიანს.
21ასე გაება სიცოცხლე მახეში, როცა უბედურებითა თუ მძლავრობით დათრგუნულმა ადამიანებმა წმიდა სახელი უწოდეს ქვებსა და ხეებს.
22თუმცა ღმერთის შემეცნებაში დაშვებული შეცდომაც არ იკმარეს და უმეცრებით გამოწვეულ ფიცხელ ბრძოლაში ჩართულნი მშვიდობას უწოდებდნენ ესოდენ დიდ ბოროტებას.
23მსხვერპლად რომ სწირავენ ბავშვებს, საიდუმლო მისტერიებს ასრულებენ ან უჩვეულო წეს-ჩვეულებათამებრ აღვირახსნილ ღრეობებს მართავენ,
24არც სიცოცხლეს უფრთხილდებიან და არც ქორწინების სიწმიდეს, არამედ მზაკვრულად ხოცავენ ან მრუშობით შეურაცხყოფენ ერთმანეთს.
25ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული: სისხლი და მკვლელობა, ძარცვა-გლეჯა და ვერაგობა, გარყვნილება და მუხანათობა, მშფოთვარება და ცრუ ფიცი,
26სიკეთის უგულებელყოფა, უმადურება, სულთა შებღალვა, სქესთა გაუკუღმართება, უწესო ქორწინებანი, სიძვა და აღვირახსნილება,
27რადგანაც უსახელო კერპთა მსახურებაა დასაბამი, მიზეზი და ბოლო ყოველგვარი ბოროტებისა.
28ვინაიდან მათი თაყვანისმცემელნი ან აღტყინებით შმაგობენ, ან სიცრუეს წინასწარმეტყველებენ, ან უსამართლოდ ცხოვრობენ და ურცხვად ტეხენ ფიცს.
29უსულო კერპებზე რომ ამყარებენ იმედს, დარწმუნებულნი არიან, რომ ცრუ ფიცისათვის პასუხი არ მოეკითხებათ.
30მაგრამ ორმაგი სასჯელი ელით: იმის გამო, რომ კერპების მიმართ მიქცეულნი უკეთურად ფიქრობდნენ ღმერთზე და იმის გამოც, რომ ცრუ ფიცილს არ ერიდებოდნენ, სიწმიდის მზაკვრულად მოძულენი.
31ვინაიდან იმათი ძალა კი არა, ვისაც ისინი იფიცებენ, არამედ ცოდვილთა მსჯავრია, კუთვნილს რომ მიაგებს სჯულის უსამართლო დამრღვევთ.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 14: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002