სიბრძნე სოლომონისა 15
15
1ხოლო შენ, ღმერთო ჩვენო, კეთილი და ჭეშმარიტი ხარ, სულგრძელი და ყოვლის გამრიგე წყალობით.
2თუნდაც ვცოდოთ, მაინც შენი ვართ, რაკიღა ვაღიარებთ შენს ძალმოსილებას, მაგრამ არ ვცოდავთ, რადგანაც შენად ვართ შერაცხილნი.
3შენი შეცნობა სრული ჭეშმარიტებაა, ხოლო შენი ძალმოსილების აღიარება – უკვდავების ფესვი.
4ვერ გვაცთუნა კაცთა უკეთურმა ზრახვამ და ვერც მხატვართა უნაყოფო შრომამ: ნაირფერად შეთხიპნილმა ფუჭმა გამოსახულებებმა,
5რომლის ჭვრეტაც ვნებას აღუძრავს და სურვილით მიაქცევს უგუნურთ უსულო სახეების მიმართ.
6მისი შემქმნელნიც, მისი ტრფიალნიცა და თაყვანისმცემელნიც ბოროტის მოყვარენი არიან, ამნაირ სასოებათა ღირსნი.
7მეთუნე რბილ თიხას ზელს და გულმოდგინედ გვიძერწავს ნაირგვარ ჭურჭელს; ერთიდაიმავე თიხისაგან იზილება, როგორც წმიდა, ისე უწმი დური საქმისათვის სახმარი ჭურჭელი – ორივე ერთნაირად; მაგრამ როგორც ერთის, ისე მეორის დანიშნულებაც იმავე მეთუნემ იცის.
8იმავე თიხით ამაო ღმერთს ძერწავს ფუჭად მაშვრალი, ცოტა ხნის წინათ თვითონაც მიწიდან შობილი, იმავე მიწას რომ დაუბრუნდება მალე, და მოეკითხება მისი სულის ვალი.
9მაგრამ ის კი არ ადარდებს, რომ ქანცგამწყვეტი შრომა მოელის, არც ის, რომ უდღეურია სიცოცხლე, არამედ ოქრომჭედლებსა და ვერცხლის მდნობელებს ეჯიბრება, სპილენძის მჭედელთ ბაძავს და სასახელოდ მიაჩნია სიბილწის ძერწვა.
10ფერფლია მისი გული, მიწაზე უბადრუკია მისი იმედი და ტალახზე საზიზღარი – მისი ცხოვრება.
11რადგან ვერ შეიცნო თავისი შემოქმედი, რომელმაც ჩაუდგა ქმედითი სული და სიცოცხლის სუნთქვა შთაბერა.
12მის თვალებში სიცოცხლე თამაშია, ცხოვრება კი – სარფიანი აღებ-მიცემობა, რადგანაც ამბობს, რომ ყველაფერი გამორჩენის წყაროდ უნდა მიგაჩნდესო, თვით ბოროტებაც.
13ყველაზე უკეთ თვითონვე იცის, რომ სცოდავს, როცა თიხისაგან მყიფე ჭურჭელს ზელს და ფუჭ სახეებს ძერწავს.
14მაგრამ ყველაზე უგუნურნი და ჭკუით ბალღებზე უსუსურნი შენი ხალხის მტრები არიან, მისი მჩაგვრელნი.
15რადგანაც ღმერთებად მიაჩნიათ წარმართთა სახეები, რომელთაც არც თვალები აქვთ სამზერად, არც ნესტოები სასუნთქად, არც ყურები სასმენად, არც თითები შესახებად და არც ფეხები სავალად.
16რადგანაც ადამიანმა შექმნა და ნასესხებმა სულმა გამოძერწა ისინი, ამიტომ კაციშვილს არ შეუძლია თავისი ნამდვილი სახით წარმოაჩინოს ღმერთი.
17თავად მოკვდავი მკვდარს აკეთებს უსჯულო ხელით და ამიტომაც აღემატება თავის სათაყვანებელ კერპებს, რადგან ის ცოცხალი მაინც არის, მათ კი არასდროს ღირსებიათ სიცოცხლე.
18და აღმერთებენ უსაზიზღრეს ცხოველებს, თავიანთი უგუნურებით ყველაზე უარესთ
19და იერსახითაც მახინჯთ, ასე რომ, სხვა ცხოველებივით ვერ გვიზიდავენ, რაკიღა აკლიათ ღვთის დასტური და კურთხევა.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 15: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002