სიბრძნე სოლომონისა 13
13
1უბადრუკია ბუნებით ყველა ადამიანი, ვინც ვერ შეიცნო ღმერთი; ხილულ სიკეთეთა მიხედვით მათ ვერ შეძლეს ზეარსის წვდომა და ნახელავის მიხედვით ვერ გამოიცნეს ხელოვანი;
2არამედ ცეცხლსა თუ ქარსა, მოლივლივე ჰაერსა, თუ წრიულად მბრუნავ ვარსკვლავებსა და წყალსა, თუ ციურ მნათობებს რაცხდნენ სამყაროს გამრიგე ღმერთებად.
3თუკი მათი სილამაზით მონუსხულთ ღმერთები ეგონათ ისინი, მაშინ იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რაოდენ უმჯობესია მათზე უფალი, რადგან სწორედ მან, მშვენიერების დასაბამმა, შექმნა ისინი.
4ხოლო თუ მათი ძალა და ქმედითობა განაცვიფრებდათ, მათი მიხედვით ისიც უნდა შეეცნოთ, რაოდენ უფრო ძალმოსილი იქნებოდა მათზე მათივე შემოქმედი:
5რადგანაც ქმნილებათა მშვენიერების სიდიადის მიხედვით შეიცნობა მათი შემოქმედიც.
6თუმცა ისინი ნაკლებ საგმობნი არიან, რადგან, თუ ცდებიან მისი მიკვლევის მსურველნი, ღვთის ძიებისას ცდებიან.
7ღვთის ქმნილებებისაკენ მიქცეულნი ეძიებენ და მზერა არწმუნებს მათ, რომ ყოველივე ხილული მშვენიერია.
8და მაინც, ისინიც კი არ არიან შენდობის ღირსნი.
9თუკი იმისი თავი ჰქონდათ, რომ შეეცნოთ საგანთა მარადიული წესრიგი, უმალ რატომ ვერ შეიცნეს მათი გამრიგე?
10მაგრამ უფრო საწყალობელნი არიან ისინი, უსულო საგნებზე რომ ამყარებენ თავიანთ იმედს და ღმერთებად მიიჩნევენ ადამიანთა ხელით ნაქმარს – ოქრო-ვერცხლის ნატიფ ნაკეთობებს, ცხოველთა გამოსახულებებს ან სრულიად უსარგებლო ქვას – ძველ ოსტატთა ნახელავს.
11მოჭრის ვინმე შეშისმჭრელი ადვილად საზიდ ხეს, მარჯვედ გალოპრავს, კოხტად გამოთლის და ოჯახში სახმარ ჭურჭელს დაამზადებს.
12რაც მორჩება, ცეცხლს შეუკეთებს, კერძს მოხარშავს და ფერდს ამოივსებს.
13მერე აიღებს ერთ ჩამონაჭერს, არად სახმარს, მრუდეს, ნუჟრიანს, გულმოდგინედ გარანდავს, მოცლილობის ჟამს ხელმარჯვედ დაამუშავებს და კაცის სახედ გამოხატავს;
14ან რომელიმე უსახურ ცხოველს მიამგვანებს, სურინჯს წაუსვამს, მეწამულ ფერს მისცემს და ყველა მის ხინჯს დაფარავს,
15სათანადო ადგილს მიუჩენს, კედელზე ჩამოკიდებს და რკინით მიამაგრებს.
16ამრიგად, წინასწარვე ზრუნავს იმაზე, რომ ძირს არ ჩამოვარდეს, რადგანაც იცის, რომ ეს მხოლოდ კერპია, თავის თავს ვერ უშველის და შემწეობა სჭირდება.
17ხოლო როცა მის წინაშე სიმდიდრის, ქორწინებისა და შვილებისათვის ლოცულობს, უსულოსთან საუბარი არ ერცხვინება; ჯანმრთელობა მიბოძეო, ემუდარება უძლურს,
18მკვდარს სთხოვს სიცოცხლეს, შემწეობას ევედრება უმწეოს და მგზავრობაში მფარველობას – იმას, ვისაც ნაბიჯის გადადგმაც არ შეუძლია;
19საშოვარს, სამუშაოსა და ხელის მომართვას – იმას, ვისაც ხელის განძრევის თავიც არა აქვს.
Currently Selected:
სიბრძნე სოლომონისა 13: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002