ივდითი 16
16
1და თქვა ივდითმა:
„ადიდეთ ჩემი ღმერთი დაფ-ნაღარით,
უგალობეთ უფალს წინწილებით,
აღუვლინეთ ახალი საგალობელი,
აღამაღლეთ და უხმეთ მის სახელს.
2რადგანაც ის არის ღმერთი, ბრძოლათა მმუსვრელი უფალი,
თავისი მეოხების გამოსავლენად რომ გამომარჩია ხალხში
და მიხსნა მდევნელთა ხელიდან.
3მოვიდა აშური ჩრდილოეთის მთებიდან,
მოვიდა თავისი ურიცხვი ლაშქრით;
მათმა სიმრავლემ ჩახერგა ხევები
და მათმა მხედრობამ დაფარა ბორცვები.
4მან თქვა, რომ ცეცხლს მისცემდა ჩემს საზღვრებს,
მახვილით მოსრავდა ჩემს ჭაბუკებს,
მიწას დააკლავდა ჩემს მეძუძურ ყრმებს,
ტყვედ წაასხამდა ჩემს ყმაწვილებს
და ნამუსს ახდიდა ჩემს ქალწულთ.
5მაგრამ ყოვლისმპყრობელმა უფალმა დაამხო იგი ქალის ხელით.
6არ დაცემულა მათი თავკაცი ჭაბუკთა ხელით,
არც გოლიათთა ნაშიერებს მოუკლავთ
და არც მძლეთა-მძლე ბუმბერაზებს დაუჯაბნიათ,
არამედ ივდითმა, მერარის ასულმა,
დაუბნელა მზე თავისი სილამაზით.
7ქვრივის კაბა გაიხადა,
რათა აღედგინა დათრგუნვილნი ისრაელში,
ნელსაცხებელი იცხო სახეზე,
8თავსაკრავით გაიკრა თმა
და სელის სამოსი ჩაიცვა მის საცთუნებლად.
9მოსტაცა თვალი ჰოლოფერნეს მისმა სანდალმა,
მისმა სილამაზემ წაუღო სული,
და გაკვეთა მახვილმა მრუშის კისერი.
10შეაძრწუნა სპარსელები მისმა მხნეობამ
და მისმა გამბედაობამ გააოგნა მიდიელები.
11მაშინ შეღაღადეს ჩემმა ჩაგრულმა ძმებმა, –
და შეძრწუნდნენ მტრები;
ჩემმა უმწეო დებმა, – და თავზარი დაეცა მათ;
ხმა აიმაღლეს ერთად, – და უკუიქცნენ ისინი.
12ყმაწვილ ქალთა შვილებმა განგმირეს ისინი
და ჩეხავდნენ მათ, როგორც მონათა შვილებს,
და ჩემი უფლის ომში ჰპოვეს სამარე.
13ახალ საგალობელს ვუგალობებ ჩემს ღმერთს:
დიდი ხარ, უფალო, და დიდებული,
ძალით საკვირველი და უძლეველი.
14დაე, გმორჩილებდეს ყოველი ქმნილება შენი,
რადგანაც თქვი და იქმნა ყოველი;
მოავლინე შენი სული, და დაემკვიდრნენ.
ვის შეუძლია წინ აღუდგეს შენს მბრძანებლურ ხმას?
15წყლებითურთ შეირყევიან მთათა საფუძველნი,
ცვილივით დადნებიან კლდენი შენს წინაშე,
მაგრამ შენი წყალობა
არ მოაკლდება ღვთისმოშიშთ.
16მწირია ყოველგვარი მსხვერპლი კეთილსურნელებისთვის
და მცირეზე მცირეა ყოველგვარი ცმელი სრულადდასაწველისთვის,
უფლის მოშიში კი დიდია მარად.
17ვაი, ყველა ხალხს, ჩემი მოდგმის წინააღმდგომს!
ყოვლისმპყრობელი უფალი განსჯის მათ განკითხვის დღეს;
ცეცხლსა და მატლს მოუვლენს მათ ხორცს
და მწარედ იტირებენ უკუნისამდე.“
18იერუსალიმში რომ მივიდნენ, თაყვანი სცეს ღმერთს და როცა ხალხი განიწმიდა, შესწირეს სრულადდასაწველი, ნებაყოფლობითი მსხვერპლი და ძღვენი.
19ხოლო ივდითმა შესწირა ჰოლოფერნეს მთელი ჯამ-ჭურჭელი, ხალხმა რომ მიაკუთვნა მას, და ფარდა, რომელიც ჰოლოფერნეს საწოლიდან წამოიღო.
20სამი თვე ილხენდა ხალხი იერუსალიმში სიწმიდეთა წინაშე, და ივდითიც მათ შორის იყო.
21იმ დღეების შემდეგ კი ყველა თავის სახლკარს დაუბრუნდა; ივდითიც ბეთულიაში მივიდა და სუწინდებურად ცხოვრობდა იქ, პატივდებული მთელი ქვეყნის მიერ.
22ბევრს სურდა იგი, მაგრამ მთელი სიცოცხლის განმავლობაში კაცს აღარ გაჰკარებია მას მერე, რაც მენაშე, მისი ქმარი, გარდაიცვალა და შეუერთდა თავის ერს.
23რაც უფრო ხანში შედიოდა, მით უფრო ემატებოდა პატივი; ას ხუთი წლისა მოიყარა თავისი ქმრის სახლში. გაათავისუფლა თავისი მხევალი. გარდაიცვალა ბეთულიაში და თავისი ქმრის – მენაშეს გვერდით დაკრძალეს.
24შვიდი დღე გლოვობდა მას ისრაელის სახლი. სიკვდილის წინ მენაშეს ნათესავებსა და თავის მოგვარეებს გაუნაწილა მთელი ქონება.
25ისრაელის ძენი აღარავის შეუშფოთებია ივდითის სიცოცხლეში და კიდევ დიდხანს მისი სიკვდილის შემდეგაც.
Currently Selected:
ივდითი 16: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002