ტობითი 3
3
1დამწუხრებული ავტირდი, გულდამდუღრული ვლოცულობდი და ვამბობდი:
2„მართალი ხარ, უფალო, ყოველი შენი საქმე და ყველა შენი გზა მოწყალებაა და ჭეშმარიტება. ჭეშმარიტი და მართალი მსჯავრითა სჯი უკუნისამდე.
3გამიხსენე და მომხედე. ნუ დამსჯი ჩემი ცოდვებისა და მამა-პაპათა უგუნურებისათვის, რითაც კი გცოდეს,
4რაკიღა ყურად არ იღეს შენი მცნებები, და ამიტომაც საძარცვავად, დასატყვევებლად და სასიკვდილოდ გაგვწირე და საიგავოდ გაგვხადე ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ვართ გაფანტულნი.
5ახლა კი ღირსი ვარ იმისა, რომ მომაგო მთელი შენი სასჯელი მამა-პაპათა ცოდვების გამო, რადგანაც არ დავიცავით შენი მცნებები და არც სიმართლით გვივლია შენს წინაშე.
6მაშ, როგორც გნებავს, ისე დამსაჯე: ბრძანე, სული ამომხდეს და მიწად ვიქცე, რადგანაც სიკვდილი მიჯობს სიცოცხლეს, ვინაიდან ვისმინე უსამართლო საყვედური და დიდია ჩემი მწუხარება. ბრძანე, რომ გავთავისუფლდე ამ სიმძიმილისაგან და განვისვენო საუკუნო ადგილას. ნუ იბრუნებ პირს ჩემგან“.
7მოხდა ისე, რომ იმავე დღეს, მიდიის ეკბატანაში რეღუელის ასული სარაც ყვედრებით აავსეს მამამისის მხევლებმა.
8შვიდი ქმრისათვის გაეყოლებინათ, მაგრამ ასმოდეუსი, ბოროტი სული, მანამდე ხოცავდა მათ, ვიდრე ცოლთან დაწვებოდნენ. ამიტომაც გმობდნენ მხევლები: „ნუთუ არა გრცხვენია, რომ ამდენი ქმარი მოაშთვე? უკვე შვიდი გყავდა და ერთის სახელითაც ვერ იწოდე.
9ჩვენ რაღას გვერჩი? რაკი ისინი დაიხოცნენ, შენც მათ მიჰყევი; ნურასოდეს გვენახოს ნურც შენი ძე და ნურც ასული“.
10ამის გაგონებაზე ისე დამწუხრდა, რომ თავის მოკვლა დააპირა, მაგრამ დაფიქრდა: ერთადერთი ვყავარ მამაჩემს და ეს რომ ჩავიდინო, მთელი სიცოცხლე საყვედრებლად ექნება და სიბერე ჯოჯოხეთურ სატანჯველად გადაექცევაო.
11სარკმელთან მივიდა, ილოცა და თქვა: „კურთხეული ხარ, უფალო, ღმერთო ჩემო, კურთხეულია შენი წმიდა სახელი და დიდებამოსილი აწ და მარადის; გაკურთხებდეს შენი ყოველი საქმე საუკუნოდ.
12და ახლა შენსკენ მომიპყრია, უფალო, ჩემი თვალი და პირი.
13გემუდარები, დამიხსნა ამ წუთისოფლისაგან, რომ ეს საყვედურები აღარ ვისმინო.
14შენ იცი, უფალო, რომ არასოდეს კაცთან არ შემიცოდავს,
15არ შემიბღალავს ჩემი სახელი, და არც სახელი მამაჩემისა ჩემი ტყვეობის ქვეყანაში. ერთადერთი ვყავარ მამაჩემს, და არა ჰყავს მას ვაჟიშვილი, რომ მისი მემკვიდრე იყოს, არც ღვიძლი ძმა თუ ძმისწული, რომ მის საცოლედ შემენახა თავი. უკვე შვიდი ქმარი მომიკვდა; მაშ, რისთვისღა ვიცოცხლო? და თუ სასიკვდილოდ არ მიმეტებ, მომხედე და შემიწყალე, რომ ამ ყვედრებას აღარ ვისმენდე“.
16შეწყნარებულ იქნა ორივეს ლოცვა ღმერთის დიდების წინაშე.
17და მოავლინა ღმერთმა რაფაელი, რათა განეკურნა ორივე: ლიბრისაგან დაეხსნა ტობითი და მისი ძის – ტობიასთვის – მიეცა სარა, რეღუელის ასული, ასმოდეუსი კი შეებოჭა, რადგანაც ტობიას უნდა ხვდომოდა წილად სარას დამკვიდრება. ის იყო, უკან დაბრუნებული ტობითი შევიდა თავის სახლში, რომ იმავდროულად სარაც ჩამოვიდა თავისი ზემოთვალიდან.
Currently Selected:
ტობითი 3: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002