ტობითი 4
4
1იმ დღეს გაახსენდა ტობითს ვერცხლი, გაბაელისთვის რომ მიებარებინა მიდიის რაგეში.
2და გულში თქვა: „მე სიკვდილს ვნატრობ; რად არ მოვუხმო ჩემს ძეს – ტობიას, და ვიდრე ცოცხალი ვარ, რად არ ვაუწყო იმ ვერცხლის ამბავი?“
3მართლაც უხმო და უთხრა: „როცა მოვკვდები, შვილო, დამმარხე; ნუ მიატოვებ დედას და პატივი ეცი მთელი სიცოცხლის მანძილზე; სადარდელს ნურას გაუჩენ.
4გახსოვდეს, შვილო, რამდენი ჭირი უნახავს შენს გამო, როცა ჯერ კიდევ მუცლით დაგატარებდა. როცა მოკვდება, ჩემს გვერდით დამარხე – ერთ საფლავში.
5ყოველდღე გახსოვდეს, შვილო, უფალი, ღმერთი ჩვენი; ნუ შესცოდავ და ნუ გადახვალ მის მცნებებს; სამართლიანი იყავი მთელი შენი სიცოცხლის მანძილზე და ნუ ივლი უსამართლობის გზით.
6რადგანაც სამართლიანობის მიმდევარს კეთილად წარგემართება საქმე.
7სიმართლის ყველა მოქმედს მიეცი მოწყალება შენი საბადებლიდან და ნუ ინანებს შენი თვალი მოწყალების გაღებისას; პირს ნუ იბრუნებ უპოვართაგან, რათა შენგანაც არ იბრუნოს პირი ღმერთმა.
8რაც ბლომადა გაქვს, იქიდან გაეცი მოწყალება,
9რადგანაც ჭირის დღისათვის იუნჯებ სიკეთეს;
10ვინაიდან მოწყალება სიკვდილისაგან გიხსნის და ბნელს განგარიდებს.
11კეთილი ნიჭია მოწყალება ყველასათვის, ვინც უზენაესის წინაშე გაიღებს მას.
12ერიდე, შვილო, ყოველნაირ სიძვას. ქალი შენი მამა-პაპის მოდგმისა მოიყვანე და ნუ შეირთავ უცხო ტომისას, ვინც არ ეკუთვნის მამაშენის სჯულს, რადგანაც წინასწარმეტყველთა შვილები ვართ. გახსოვდეს, შვილო, რომ ჩვენს მამებს: ნოეს, აბრაამს, ისაკს, იაკობს, ყველას მოძმეთა მოდგმიდან მოჰყავდათ ცოლები, ამიტომაც კურთხეულ იქნენ თავიანთ შვილებში და მათი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
13გიყვარდეს, შვილო, შენი მოძმენი და ნუ აღზევდები გულით ძმების წინაშე; შენი ერის ძეთა და ასულთა ნაშიერთაგან მოიყვანე ქალი. ქედმაღლობას დაღუპვა და არეულობა მოსდევს, დაუდევრობას კი – სიღატაკე და გაჩანაგება, რადგანაც დაუდევრობა შიმშილის დედაა.
14გასამრჯელოს ნუ დაუგვიანებ მუშას, არამედ მაშინვე მიეცი: თუკი ღმერთს ემსახურები, უკანვე დაგიბრუნდება. გულისყური მიაყოლე, შვილო, ყველა შენს საქმეს და ჭკუით მოზომე ყველა ნაბიჯი.
15რაცა გძაგს, იმას სხვას ნუ შეამთხვევ. ღვინოს სათრობად ნუ მიეძალები და სიმთვრალეს გზაში თანამგზავრად ნუ წაიტანებ.
16უწილადე პური მშიერ-მწყურვალს და მოსასხამი – შიშველ-ტიტველს; ყოველივე იქიდან, რაც ბლომადა გაქვს, მოწყალება გაეცი, და ნუ ინანებს შენი თვალი, მოწყალებას რომ გასცემ.
17მართალთა საფლავებზე ჩამოარიგე პური და ცოდვილთათვის ნურას გაიმეტებ.
18რჩევა სთხოვე ყველა გონიერს და ნუ უგულებელჰყოფ სასარგებლო რჩევას.
19მარადჟამ აკურთხებდე უფალ ღმერთს და შესთხოვდე, რომ წრფელი იყოს ყოველი შენი გზა, ხოლო ყოველი ზრახვა და საქმე – კეთილად წარმართული. რადგან თავისით ვერავინ მიაღწევს რასმე, არამედ ყველას თვით უფალი ანიჭებს ყოველ სიკეთეს და ამდაბლებს იმას, ვის დამდაბლებასაც ინებებს. მაშ, დაიხსომე, შვილო, ჩემი შეგონებანი და ნუ ამოიშლი მათ გულიდან.
20ახლა კი შემდეგს გაუწყებ: მიდიის რაგეში ათი ტალანტი ვერცხლი მივაბარე გაბაელს, გაბრიას ძეს.
21ასე, რომ, ნუ გეშინია, შვილო, ნუ გგონია, რომ გავღატაკდით; დიდი ქონების პატრონი ხარ, თუკი ღვთის შიში გექნება, თუ განირიდებ ყოველგვარ ცოდვას და მოწიწებით მოიქცევი უფლის წინაშე“.
Currently Selected:
ტობითი 4: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002