Bible App logo
Search Icon

ტობითი 2

2
1როდესაც შინ მოვედი და დამიბრუნეს ხანა, ჩემი ცოლი, და ტობია, ჩემი ძე, ორმოცდაათობის დღესასწაულზე, რომელიც არის წმიდა შვიდი შვიდეული, მშვენიერი სადილი მომიმზადეს და პურის საჭმელად დავჯექი.
2თვალი გადავავლე უამრავ სასმელ-საჭმელს და ჩემს ვაჟს ვუთხარი: წადი და მომგვარე ერთი ჩვენი უპოვარ მოძმეთაგანი, მე კი აქ დაგელოდები-მეთქი.
3უკან მობრუნებულმა მითხრა: მამა, ერთი ჩვენი მოძმეთაგანი გაგუდული დაუგდიათ მოედანზეო.
4მაშინ მე, ვიდრე ლუკმას გავტეხდი, სასწრაფოდ გავეშურე და, მზის ჩასვლამდე, ერთ სახლში დავმალე გვამი.
5შინ რომ მოვბრუნდი, განვიბანე და დამწუხრებულმა ვჭამე პური.
6გავიხსენე წინასწარმეტყველება ამოსისა, რომელმაც თქვა: თქვენი დღესასწაულები გლოვად გექცევათ, თქვენი სიხარული კი – გოდებადო; და ავტირდი.
7მზე რომ ჩავიდა, გავედი, საფლავი გავთხარე და დავმარხე იგი.
8ახლობლები დამცინოდნენ და ამბობდნენ: არ ეშინია, რომ ამ საქმის გამო მოკლან? აკი ერთხელ უკვე გაიქცა და აი, ხელახლა მარხავსო მკვდრებს.
9იმავე ღამეს, დასაფლავებიდან დაბრუნებული განუბანლად დავწექი ეზოს გალავანთან. სახეზე არა მეფარა რა.
10ვერ შევნიშნე, რომ გალავანზე ბეღურები ისხდნენ, თვალგახელილს თბილი სითხე გადმომაღვარეს და თვალებზე ლიბრი გადამეკრა. ვიარე ექიმებთან, მაგრამ ვერაფერი მიშველეს, ახიკარი მინახავდა, სანამ ელიმაისში არ წავიდა.
11შემდეგ კი ჩემი ცოლი ხანა მქსოველად დაუდგა ქალბატონებს.
12თავის ნამუშევარს უგზავნიდა მათ და ისინიც უხდიდნენ, რაც ეკუთვნოდა; ერთხელაც თიკანი აჩუქეს.
13ჩემთან რომ მოიყვანეს, აკიკინდა; ვკითხე ხანას, ვინ მოგცა ეს თიკანი, მოპარული ხომ არ არის? დაუბრუნე, ვისიცაა, ნაქურდალის ჭამა არა ხამს-მეთქი.
14მან მიპასუხა, მაჩუქესო. არ დავუჯერე და ვუთხარი პატრონისათვის დაებრუნებინა და გავუწყერი. მან კი პასუხად მომიგო: „სადაა შენი წყალობანი და კეთილი საქმენი? აი, რად გექცა ყოველი“.

Currently Selected:

ტობითი 2: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in