Bible App logo
Search Icon

ტობითი 1

1
1წიგნი ტობითის ამბავთა, ტობიელის ძისა, ყანანიელის, ყადუელის, გებაელის შთამომავლისა, ყასიელის საგვარეულოდან, ნეფთალის ტომიდან,
2რომელიც აშურელთა მეფის შალმანესერის დროს ტყვედ იქნა წაყვანილი თიშბედან, კედეშ ნაფთალის მარჯვნივ რომ მდებარეობს, გალილეაში, აშერის ზემოთ.
3მე, ტობითი, მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ჭეშმარიტების გზას ვადექი; ბევრი სიკეთე მიქნია ჩემი მოძმეებისა და ჩემი ხალხისათვის, ჩემთან ერთად რომ წამოვიდა აშურელთა ქვეყნად, ნინევეში.
4ჩემი სიჭაბუკისას, როცა ჩემს ქვეყანაში, იერუსალიმის მიწაზე ვცხოვრობდი, ჩემი წინაპრის – ნეფთალის მთელი ტომი შორს იყო იერუსალიმის სახლიდან, რომელიც ამოირჩია ისრაელის ყველა ტომმა, რათა იქ შეეწირათ მსხვერპლი; იქვე იკურთხა ტაძარიც უზენაესის დასავანებლად და აშენდა ყველა მომავალი თაობისათვის.
5როგორც ყველა განდგომილი ტომი ბაყალს მსხვერპლად სწირავდა ხბოს, ისე ჩემი წინაპრის – ნეფთალის – სახლიც.
6მარტო მე დავდიოდი ხშირად იერუსალიმში დღესასწაულებზე, როგორც დაუწესდა მთელს ისრაელს საუკუნო ბრძანებით, მომქონდა ნათავარნი, მოსავლის მეათედი და პირველი ნაპარსი.
7ყოველივე ამას ვუძღვნიდი მღვდლებს, აარონის შთამომავალთ, საკურთხევლისათვის; ყოველგვარი ნაყოფის მეათედს იერუსალიმში მომსახურე ლევიანებს ვაძლევდი, მეორე მეათედს კი ვყიდდი და მივდიოდი, რომ ყოველწლიურად დამეხარჯა იერუსალიმში.
8მესამე მეათედს კი ვაძლევდი, ვისაც ეგებოდა, როგორც მიანდერძა დებორამ, მამაჩემის დედამ, რადგანაც მამის სიკვდილის შემდეგ ობოლი დავრჩი.
9როცა დავვაჟკაცდი, ცოლად შევირთე ხანა, მამაჩემის საგვარეულოდან, და შემეძინა მისგან ტობია.
10ტყვედ რომ ვიყავი ნინევეში, ყველა ჩემი მოძმე და თვისტომი წარმართთა პურს ჭამდა.
11მე კი სულს ვუფრთხილდებოდი და არ ვჭამდი,
12რადგანაც მახსოვდა ღმერთი მთელი ჩემი სულით.
13უზენაესმა მადლი და წყალობა მომაგო შალმანესერის წინაშე, და გავხდი მისი სოვდაგარი.
14მიდიას გავემგზავრე და გაბაელს, გაბრიას ძმას, მივაბარე რაგესში ათი ტალანტი ვერცხლი.
15შალმანესერის სიკვდილის შემდეგ მის ნაცვლად გამეფდა მისი ძე სანხერიბი, ვის დროსაც მგზავრობა სახიფათო შეიქნა და ვერავინ ბედავდა მიდიაში გამგზავრებას.
16შალმანესერის მეფობისას მოწყალებას არ ვაკლებდი ჩემს თანამოძმეებს.
17ჩემს პურს ვუყოფდი მშივრებს და მოსასხამს – შიშველ-ტიტველთ; და თუ რომელიმე ჩემი თვისტომის გვამს ნინევეს გალავანს გარეთ გადაგდებულს ვნახავდი, მალულად ვაბარებდი მიწას.
18მალულად ვმარხავდი იმათაც, ვისაც ხოცავდა მეფე სანხერიბი, როცა გაქცეულნი უკანვე ბრუნდებოდნენ იუდეიდან; დახოცვით კი ბევრს ხოცავდა გაცოფებული; მერე ეძებდა მეფე გვამებს და ვერ პოულობდა.
19ერთი ნინეველი მეფეს ეახლა და დამასმინა, რომ მე ვმარხავდი გვამებს; მაშინვე დავიმალე, ხოლო როცა გავიგე, რომ მოსაკლავად მეძებდნენ, შეშინებული გავიქეცი ქალაქიდან.
20დაიტაცეს მთელი ჩემი ავლადიდება და აღარაფერი დამრჩა გარდა ხანასი, ჩემი ცოლისა, და ტობიასი, ჩემი ძისა.
21ორმოცდაათი დღეც არ გასულა, რომ სანხერიბი მისმა ორმა ვაჟმა მოკლა, რომლებიც არარატის მთისკენ გაიქცნენ, ხოლო სანხერიბის ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა, რომელმაც ჩემს ძმისწულს, ახიკარ ანაელს, მთელი თავისი ხაზინისა და სამეფოს გამგებლობა მიანდო.
22ახიკარმა მიშუამდგომლა და ნინევეში დავბრუნდი. ახიკარი კი იყო ღვინის მწდე, ბეჭდის მცველი, სახლის მნე და ხაზინადარი. და დაადგინა იგი ესარხადონმა მეორე კაცად; ჩემი ძმისწული იყო იგი.

Currently Selected:

ტობითი 1: GEO02

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in