სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 21
21
1შვილო, სცოდე? ნუღარა სცოდავ და ძველი ცოდვების მიტევებისათვის ილოცე.
2გაექეც ცოდვას, როგორც გველს, რადგანაც თუ მიუახლოვდები, გიკბენს. მისი კბილები ლომის კბილებია, სულს რომ ხდიან ადამიანებს.
3ყოველი უსჯულოება ორლესული მახვილია: მისი ნაიარევი არ იკურნება.
4დაშინება და ძალადობა იავარყოფენ სიმდიდრეს: ასე იავარიყოფა ქედმაღლის სახლი.
5ღატაკის ბაგით წარმოთქმული ვედრება ღმერთის ყურს აღწევს და მას მალევე მიეგება სამართალი.
6მხილების მოძულე ცოდვილის კვალს მისდევს, უფლის მოშიში კი გულით ინანიებს.
7ენით ძლიერი შორითვე იცნობა, მაგრამ გონიერი ხედავს, სად წაიბორძიკებს იგი.
8სხვისი ფულით თავისი სახლის მაშენებელი თითქოს ქვებს აგროვებს საკუთარი სამარხისათვის.
9უსჯულოთა ყრილობა ძენძის გროვაა და ცეცხლის ალია მისი ბოლო.
10ცოდვილთა გზა ქვებითაა მოკირწყლული, მაგრამ მის ბოლოს ჯოჯოხეთის უფსკრულია.
11სჯულის დამცველი თავისი აზრის ბატონ-პატრონია, უფლის შიშს კი სიბრძნე აგვირგვინებს.
12უნიჭო ვერ განისწავლება, მაგრამ ზოგჯერ სიმწარეს ამრავლებს ნიჭი.
13ბრძენის ცოდნა წყალდიდობასავით იზრდება და მისი რჩევა სიცოცხლის წყაროა.
14ბრიყვის გული გატეხილი ჭურჭელია, ვერავითარ ცოდნას ვერ დაიჭერს.
15გონიერი მოისმენს ბრძნულ სიტყვას, მოიწონებს და შეითვისებს; თავქარიანი მოისმენს, დაიწუნებს და ზურგს უკან მოისვრის.
16ბრიყვის ნათქვამი ტვირთია გზაზე, გონიერის ბაგეზე კი სიტკბოსა ჰპოვებ.
17გონიერი კაცის სიტყვას საკრებულო ეძებს და მისი ნათქვამი გულში აღიბეჭდება.
18რაცა დანგრეული სახლია, იგივეა სიბრძნე ბრიყვისთვის, და უაზრო სიტყვებია უგუნურის ცოდნა.
19რაც ბორკილია ფეხზე და ჯაჭვი – მარჯვენა ხელზე, იგივეა წვრთნა უჭკუოსათვის.
20ბრიყვი ხმამაღლა ხარხარებს, ჭკვიანი კი წყნარად იღიმის.
21წვრთნა ოქროს სამკაულია გონიერისთვის და ძვირფასი სალტე – მარჯვენა მკლავზე.
22ბრიყვის ფეხი უცხოს სახლში შესვლას ეშურება, მრავალნაცადი კაცი კი კრძალვით შედგება მის წინ.
23ბრიყვი კარიდან იჭყიტება სახლში, ზრდილი კაცი კი გარეთა დგას.
24უზრდელი კარს აეკვრის და აყურადებს, ზრდილს კი ამწუხრებს ამგვარი უტიფრობა.
25ბრიყვთა ბაგენი სხვის ნათქვამს იმეორებენ, გონიერთა სიტყვები კი სასწორზე იწონება.
26ყბედის გული მის ბაგეზეა, ბრძენის ბაგე კი – მის გულში.
27უღვთო, სატანას რომ წყევლის, თავისსავე სულს იწყევლის.
28მაბეზღარი სულს იბილწავს და თავს აძულებს თავის მეზობლებს.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 21: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002