სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 20
20
1არის უდროო მხილება და არის დუმილი, გონიერების ნიშანი.
2მხილება სჯობს გულისწყრომას.
3ვინც თავის შეცდომას აღიარებს, ნაკლებ ევნება.
4რაღა საჭურისი, რომელიც ცდილობს ნამუსი ახადოს ქალწულს და რაღა ის, ვისაც სურს ძალით აღასრულოს სამართალი.
5ზოგის დუმილი სიბრძნის ნიშანია, ზოგი კი საძულველია ყბედობის გამო.
6ზოგი დუმს, რადგან პასუხი არ მოეძებნება, ზოგი კი დუმს, რადგანაც სათანადო დროს უცდის.
7ბრძენი დრომდე არ იტყვის სიტყვას, პატივმოყვარე და უგუნური კი დროს არ დაგიდევს.
8საზიზღარია ყბედი, ხოლო ვინც ძალით მიიტაცებს სიტყვის უფლებას – საძულველი.
9ზოგჯერ კაცს წარმატებაც ვნებს, ზოგჯერ კი დანაკარგიც შენაძენია.
10არის საჩუქარი, რომელიც არას გარგებს და არის საჩუქარი, რომელიც ორმაგად სასარგებლოა.
11არის დიდება, რომელიც ამცირებს და დამცირება, რომელიც ამაღლებს ადამიანს.
12ზოგი მცირეთი ბევრს ყიდულობს და ზოგი შვიდმაგს იხდის მცირედში.
13ბრძენი ორიოდე სიტყვითაც შეგაყვარებს თავს, ბრიყვს კი ფუჭად ჩაუვლის მადლი.
14უგუნურის წყალობა არას გარგებს, რადგანაც ერთის ნაცვლად ბევრი თვალი აქვს.
15ცოტას მოგცემს და ბევრს დაგაყვედრის, გზირივით პირდაღებული: დღეს ნასესხებს ხვალ უკან მოგთხოვს; საძულველია ამგვარი კაცი.
16ბრიყვი ამბობს: არც მეგობარი მყავს და არც მადლიერი ჩემი სიკეთისათვისო. მისი პურის მჭამელნი მის ძვირს იტყვიან. რა ხშირად გახდება რამდენის დასაცინი.
17მიწაზე წაფორხილება სჯობს ენის წაბორძიკებას. ასე უფრო მალე დაეცემიან ბოროტნი.
18უმადლო კაცი უადგილო არაკია, მუდამ პირზე რომ აკერიათ უკეთურთ.
19ბრიყვის პირით თქმულ არაკს აზრი არა აქვს, რადგანაც უდროო დროს არის ნათქვამი.
20ზოგს გაჭირვება არ აძლევს ცოდვის ჩადენის ნებას, და თუ სული მოითქვა, არ შეინანებს.
21ზოგი სიმხდალის გამო იღუპავს სულს, ზოგი კი – უგუნურის წინაშე.
22ზოგი სირცხვილის გამო რაღაცას ჰპირდება მეგობარს და სულ ტყუილად იკიდებს მტრად.
23სიცრუე ადამიანის ბიწია; უზრდელი მუდამ ცრუობს.
24ქურდი სჯობს მუდამ ცრუმეტყველს, თუმცა წარწყმედაა ორივეს ხვედრი.
25ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს და მისი სირცხვილი მასთანაა მარადჟამ.
26ბრძენი სიტყვებით ამაღლდება და გონიერი კაცი დიდებულთა წყალობას დაიმსახურებს.
27მიწის მუშაკი თავის ზვინს ამაღლებს და დიდებულთა მაამებელს უსამართლობაც მიეტევება.
28ძღვენი და საჩუქარი ბრძენთაც კი უბრმავებს თვალს და პირში ამოდებული ლაგამივით უშლიან ხელს მხილებისას.
29დაფარული სიბრძნე და დაფლული განძი – ან ერთი და ან მეორე ვის რას არგია?
30სიბრიყვის მფარავი კაცი სჯობს თავისი სიბრძნის მფარავს.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 20: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002