სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 22
22
1ჭუჭყიან ქვას ჰგავს ზარმაცი და ყველა დასცინის მის უგვანობას.
2ხარის ნეხვსა ჰგავს ზარმაცი, ვინც კი აიღებს, ხელს იფერთხავს.
3მამას არცხვენს უზრდელი ვაჟი, უზრდელი ქალი კი ამცირებს.
4გონიერი ასული ქმარს შეიძენს, ურცხვი კი მშობლების სადარდელია.
5თავხედი ქალი ქმარსაც არცხვენს და მამასაც, და ორივენი შეიძულებენ.
6უდროო დროს ნათქვამი სიტყვა გლოვის ჟამს სიმღერასა ჰგავს, წკეპლით წვრთნა კი ყოველთვის ჭკუის სასწავლებელია.
9გინდ ბრიყვისათვის გისწავლებია და გინდ ნამსხვრევების შეწებება, ან ღრმად მძინარის გაღვიძება გიცდია.
10გინდ ბრიყვისათვის გიამბნია რამე და გინდ მთვლემარესთვის; ბოლოს მაინც იკითხავს, რა მოხდაო?
11იტირე მკვდარი, რომ გამოაკლდა სინათლეს და იტირე ბრიყვიც, რადგან გონება აკლია; ნაკლებად იტირე მკვდარი, რადგანაც განისვენა, ბრიყვის სიცოცხლე კი სიკვდილზე უარესია.
12მკვდარი შვიდ დღეს იგლოვე, ბრიყვი და უღვთო კი – ყოველდღე, ვიდრე ცოცხალია.
13უგუნურთან ნუ ამრავლებ სიტყვას და უმეცართან ნუ იარები; ეკრძალე, რათა მასთან შეჯახებით არ შეისვარო, ერიდე, თუ გსურს ჰპოვო სიმშვიდე და მისმა უტვინობამ არ შეგაწუხოს.
14რა არის ტყვიაზე მძიმე? და რა არის მისი სახელი, თუ არა ბრიყვი?
15ქვიშის, მარილის ან რკინის ზოდის ზიდვა უფრო ადვილია, ვიდრე უგუნურის ატანა.
16როგორც სახლის მტკიცედ შეკრული ხის სარტყელი არ დაირღვევა მიწისძვრისას, ასე გონივრულ რჩევას დაყრდნობილი გულიც არ შედრკება განსაცდლის ჟამს.
17გონივრულ რჩევას დაყრდნობილი გული თითქოს ჩუქურთმაა, გლუვ კედელზე ამოკვეთილი.
18როგორც მაღალი საბჯენები ვერ უძლებენ ქარს, ასე ბრიყვული განსჯით შემკრთალი გულიც ვერ გაუძლებს შიშს.
19ნატკენი თვალი ცრემლებსა ღვრის, ნატკენი გულიდან გრძნობა იღვრება.
20ნასროლი ქვა ჩიტებს აფრთხობს, მეგობრის მაგინებელი მეგობრობას არღვევს.
21თუ მეგობარზე იშიშვლე ხმალი, სასოს ნუ წარიკვეთ, შეგიძლია უკანვე ჩააგო.
22თუ მეგობრის წინააღმდეგ გახსენი პირი, ნუ გეშინია, შეგიძლია კვლავ შეურიგდე. მხოლოდ ძაგება, ქედმაღლობა, საიდუმლოს გამჟღავნება და მზაკვრული ბოროტმოქმედება ჩამოგაშორებს ყველა მეგობარს.
23მოყვასის ნდობა მაშინ მოიხვეჭე, როცა მას უჭირს, რათა მასთან ერთად გიხაროდეს მისი კეთილდღეობა. უერთგულე განსაცდელის ჟამს, რათა მის მემკვიდრეობაში წილი დაიდო.
24ცეცხლის გაჩენამდე ღუმელს კვამლი და ალმური ასდის, ასე სისხლის ღვრას წინ უსწრებს ლანძღვა-გინება.
25მეგობრის დაცვას არ ვითაკილებ და მის წინაშე არ დავიმალები.
26თუკი მის გამო ბოროტი რამ შემემთხვა, ვინც კი გაიგებს, ყველა მოერიდება.
27ვინ მიუჩენს მცველს ჩემს ბაგეს ან გონიერების ბეჭედს ვინ დაასვამს მას, რომ მათი მეოხებით არ დავეცე და არ დამღუპოს ჩემმავე ენამ.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 22: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002