სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 18
18
1ყველაფერი შექმნა მარად ცოცხალმა.
2მხოლოდ უფალი შეირაცხება მართლად.
4არავის განაცხადებინებს თავის საქმეებს; ვინ ჩასწვდება მის სიდიადეს?
5ვინ გაზომავს ძალას მისი სიდიადისა? ვინ გამოთქვამს მის მოწყალებას?
6ვერც რას მიუმატებ და ვერც გამოაკლებ, გამოუკვლეველია საკვირველებანი უფლისა.
7კაცი მაშინ იწყებს, როცა ასრულებს, და როცა ჩერდება, გაჭირვება მაშინ იწყება მისი.
8რა არის კაცი, ან რას გამოელის იგი? რა არის მისი სიკეთე ან ბოროტება?
9დიდია ადამიანის დღეთა რიცხვი – ასი წელი.
10მაგრამ როგორც წყლის წვეთი ან ქვიშის მარცვალი ზღვაში, ასევე უბადრუკია მისი წლები მარადისობასთან შედარებით.
11ამიტომაც სულგრძელია უფალი კაცთა მიმართ და თავის წყალობას მიაფენს მათ.
12ხედავს და იცის, რარიგ სავალალოა მათი აღსასრული, ამიტომაც ამრავლებს თავის წყალობას.
13კაცის წყალობა მის მოყვასზე ვრცელდება, უფლის წყალობა კი – ყველა ხორციელზე.
14შეიწყალებს მისი შეგონების შემწყნარებელთ და იმათ, მის კანონს რომ მიელტვიან.
15ქველმოქმედებისას საყვედურს ნუ იტყვი, შვილო, რისამე გაცემისას კი – გულსატკენ სიტყვას.
16სიცხეს ცვარ-ნამი აგრილებს და მოწყალებას სჯობია სიტყვა.
17ამიტომ სიტყვა უმეტესია კეთილ ძღვენზე. მადლიან კაცს კი არცერთი არ დაელევა.
18უგუნურს უმადური ყვედრება სჩვევია, შურიანის ძღვენი კი თვალებსა შრეტს.
19ვიდრე სიტყვას იტყოდე, მოიფიქრე და ვიდრე სენი შეგეყრებოდეს, თავს მიხედე.
20ვიდრე განგსჯიდნენ, დაუკვირდი შენს თავს და განკითხვისას შეგიწყალებენ.
21ვიდრე დაუძლურდებოდე მოიდრიკე ქედი და ცოდვისგან უკუიქეც.
22ეცადე დროზე აღასრულო აღთქმა და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ნუ გადასდებ მის აღსრულებას.
23ლოცვის დაწყებამდე მოამზედე თავი და ნუ ემსგავსები იმას, ვინც გამოსცდის უფალს.
24გახსოვდეს რისხვა აღსასრულის დღეს და ჟამი შურისგებისა, როცა უფალი პირს იბრუნებს.
25სიმაძღრისას შიმშილის ჟამი გახსოვდეს, სიღატაკისა და გაჭირვებისას კი – სიმდიდრის ჟამი.
26დილიდან საღამომდე იცვლება დრო და ყველაფერი მსწრაფლწარმავალია უფლის წინაშე.
27ბრძენკაცი ყოველთვის წინდახედული იქნება და ცოდვის ჟამს არ გამოიჩენს დაუდევრობას.
28ყველა გონიერი შეიცნობს სიბრძნეს და ქებას შეასხამენ მის მომხვეჭსაც...
29სიტყვაში გაწაფულნი თავადაც განიბრძნობიან და წვიმასავით მოავლენენ ბრძნულ შეგონებებს.
30ნუ სდევ გულისთქმას და დაიოკე სურვილი.
31თუ განცხრომის ძებნად მიაქცევ სულს, მტრების სასაცილოდ იქცევი.
32ნუ ტკბები ფუფუნებით და ღრეობებს ნუ გადაჰყვები.
33ნუ ილხენ ნასესხები ფულით, როცა ქისა ცარიელი გაქვს, რომ სიღატაკეში არ ჩავარდე.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 18: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002