Bible App logo
Search Icon

სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 17

17
1უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და მასვე დაუბრუნა იგი.
2დღეთა განსაზღვრული რიცხვი და დრო მიუზომა მათ და უბოძა ხელმწიფება ყოველივე მიწიერზე.
3მათი ბუნებისამებრ შემოსა ძალით და ხატად თვისად შექმნა ისინი.
4ჩაუნერგა მათი შიში ყველა ხორციელს, რათა ემბრძანებლა ცხოველებსა და ფრინველებზე.
5 # ეს და მსგავსი ადგილები – აკლია ბერძნულ დედანს
6მისცა მათ აზრი, ენა და თვალის ჩინი, ყურები და გული, რათა შეეცნო ყოველი.
7აღავსო ისინი ცოდნითა და გონიერებით და უჩვენა მათ კეთილი და ბოროტი.
8დაადგა თვალი მათ გულებს, რათა საკუთარ საქმეთა სიდიადე ეჩვენებინა მათთვის,
10მისი წმიდა სახელის სადიდებლად და საუწყებლად მისი დიადი საქმეებისა.
11წინ დაუდო მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა.
12საუკუნო აღთქმა დაუდო და თავისი მსჯავრი უჩვენა მათ.
13იხილეს მათმა თვალებმა სიდიადე დიდებისა და მისი ხმის დიდება ისმინეს მათმა ყურებმა.
14უთხრა მათ: „ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას“ და ამცნო თვითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ.
15მათი გზები მარადჟამ მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს.
17ყველა ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, ხოლო უფლის წილხვდომილი ისრაელია.
19მათი ყოველი საქმე მზესავით მის წინაშეა და მისი თვალი გამუდმებით დამზერს მათ გზებს.
20არ გამოეპარება მათი უსამართლობანი; და მათი ყოველი ცოდვა უფლის წინაშეა.
22კაცის შეწყალება მისთვის არის როგორც ბეჭედი; და თვალის გუგასავით დაიცავს ადამიანის მადლს.
23შემდგომ ამისა აღდგება, კუთვნილს მიაგებს მათ და რაც გაუციათ, მათსავე თავზე მოაწევს.
24ხოლო ვინც ინანებს, მიუტევებს და გაამხნევებს, ვისაც დაშრეტია დათმენის ძალა.
25მიიქეც უფლის მიმართ და დაუტევე ცოდვანი, ევედრე მას და შეამცირე შეცოდებანი.
26ამაღლდი უზენაესის მიმართ, განეშორე უსამართლობას და მთელი არსებით შეიძულე სიბილწე.
27ვინ აქებს უფალს ჯოჯოხეთში ცოცხალთა და მის მადიდებელთა ნაცვლად?
28მკვდარი, როგორც არარსებული, როგორღა შეასხამს ქებას? მხოლოდ ცოცხალი და ტანმრთელი ადიდებს უფალს.
29რა დიდია უფლის გულმოწყალება და რა ადვილად მიუტევებს მისკენ მიქცეულთ!
30ყოვლისმძლე როდია ადამიანი, რადგანაც უკვდავი არ არის ადამის შვილი.
31რა არის მზეზე უნათლესი? მაგრამ თვით ისიც კი ბნელდება. ასევე ბოროტს იზრახავს ხორცი და სისხლი.
32ღმერთი დამზერს მაღალ ცათა ძალებს, ხოლო ყოველი კაცი მიწაა და ფერფლი.

Highlight

Copy

Compare

Share

None

Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in