სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 16
16
1ნუ გსურს უმაქნის შვილთა სიმრავლე და ნურც უსჯულო ვაჟებით ხარობ.
2მათი სიმრავლე ნუ გაგახარებს, თუკი არა აქვთ შიში უფლისა.
3ნუ მიენდობი მათ სიცოცხლეს და ნუ დაეყრდნობი მათ სიმრავლეს, რადგანაც ზოგჯერ ერთი სჯობს ათასს და უშვილოდ გადაგება – უსჯულო შვილთა ყოლას.
4რადგანაც ერთი გონიერისაგან ქალაქი აშენდება, უსჯულოთა ტომი კი უდაბნოდ იქცევა.
5ბევრი ამგვარი რამ იხილეს ჩემმა თვალებმა და ამაზე უარესიც მოუსმენიათ ჩემს ყურებს.
6ცოდვილთა საკრებულოში ცეცხლი იფეთქებს, ურჩ ხალხში კი რისხვა აბრიალდება.
7უფალმა არ შეიწყნარა ძველი ბუმბერაზნი, თავიანთი ძალის იმედით რომ განუდგნენ მას.
8არც ლოტის სახლეული დაინდო, მისი ამპარტავნობისთვის მოძულებული.
9არ შეიწყალა წარწყმედის ხალხი, თავისი ცოდვებით მოქადული.
10არც ექვსასი ათასი კაცი, გულქვაობამ რომ შეკრიბა ერთად.
11ერთიც რომ იყოს ქედფიცხელი, საკვირველი იქნებოდა დაუსჯელად მისი დარჩენა, რადგანაც უფლის ხელთაა წყალობაცა და რისხვაც, შეწყალებაც შეუძლია და რისხვის თავზე დატეხაც.
12რამდენად დიდიცაა მისი გულმოწყალება, იმდენადვე დიდია მისი მხილებაც, და მისი საქმისამებრ განსჯის კაცს.
13ვერსად წაუვა ცოდვილი ნაძარცვით და ფუჭად არ ჩაივლის მორწმუნის მოთმინება.
14ადგილს მიუჩენს ყველა მოწყალებას და თვითეულს მისი საქმისამებრ მიეზღვება.
15ნუ იტყვი: უფალს დავემალები, ზესკნელიდან ვინ გამიხსენებსო? ამდენ ხალხში ვინ შემამჩნევს, რა არის ჩემი სული უსაზღვრო სამყაროში?
18აჰა, ზეცა და ზეცა ზეცისა, უფსკრული და დედამიწა თანაბრად ირყევიან მისი წვევისას.
19მთებიცა და საფუძველიც დედამიწისა თანაბრად ძრწიან და ირყევიან მისი მოხედვისას.
20ამის გაგება არ ძალუძს გულს, ანკი მის გზებს ვინ გაიაზრებს?
21როგორც ქარი, კაცის თვალისთვის უხილავი, მისი საქმეების უმეტესობაც დაფარულია.
22ვინ გვაუწყოს მისი სამართლის საქმენი? ან ვინ დაელოდება მათ? რადგანაც შორსაა აღთქმა.
23ასე ფიქრობს გულით ღატაკი და უგუნური, შეცთომილიც ასევე ფიქრობს.
24მისმინე, შვილო, ესწრაფე ცოდნას, გულისყური მიაპყარ ჩემს სიტყვებს.
25დაწვრილებით განვმარტავ სწავლას და ზედმიწევნით გადმოგცემ ცოდნას.
26დასაბამიერია მისი საქმენი და როცა შექმნა, ნაწილებად დაჰყო ისინი.
27საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი ქმნილებანი, დასაბამიდან შორეულ მომავლამდე. არც სწყურიათ, არც იღლებიან, არც თავიანთ ქმედებას წყვეტენ.
28არცერთი არ ავიწროებს თავის მეზობელს და არც არასდროს ეურჩება უფლის სიტყვას.
29შემდგომ ამისა უფალმა გადმოხედა მიწას და თავისი სიკეთით აღავსო იგი.
30ყოველი ჯურის ცხოველით დაფარა მისი ზედაპირი და ბოლოს მისკენვე მიიქცევა ყოველი.
Currently Selected:
სიბრძნე ზირაქისა წინათქმა 16: GEO02
Highlight
Copy
Compare
Share
Want to have your highlights saved across all your devices? Sign up or sign in
© კანონიკური წიგნები - ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, სტოკჰოლმი, 2002
© არაკანონიკური წიგნები - საქართველოს ბიბლიის საზოგადოება, 2002